ახალი ამბები

წევრობა MAP-ის გარეშე და ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა – რა ჩაიწერა ალიანსის კომუნიკეში

11 ივლისი, 2023 • 1147
წევრობა MAP-ის გარეშე და ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა – რა ჩაიწერა ალიანსის კომუნიკეში

„უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობისთვის სამოქმედო გეგმის(MAP) საჭიროებას“, – ამის შესახებ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეშია აღნიშნული.

კომუნიკეში ნათქვამია, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია.

„ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ავიღეთ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და დღეს ვაღიარებთ, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე“, – აღნიშნულია კომუნიკეში.

კომუნიკეს თანახმად, მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და განიხილავენ ქვეყნის პროგრესს ალიანსთან თავსებადობის  კუთხით, ასევე, დამატებითი დემოკრატიული და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს, რომლებიც საჭიროა.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად შეაფასებენ პროგრესს ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამის მეშვეობით. ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მოვიწვიოთ უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად, როცა ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება“, – აღნიშნულია ნატო-ს კომუნიკეში.

ამასთან, კომუნიკეში აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოკავშირეებისთვის და ალიანსისთვის. უკრაინის ნატო-ში შემდგომი ინტეგრაციის მხარდასაჭერად ალიანსის წევრები შეთანხმდნენ გაფართოებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელოვან პაკეტზე.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ ნატო-უკრაინის საბჭო, ახალი ერთობლივი ორგანო, რომელშიც მოკავშირეები და უკრაინა თანაბარი წევრები იქნებიან, რათა წინ წაიწიოს პოლიტიკურმა დიალოგმა, ჩართულობამ, თანამშრომლობამ და უკრაინის ევროატლანტიკურმა მისწრაფებებმა ნატო-ში გაწევრიანებაზე.
ის უზრუნველყოფს ერთობლივ კონსულტაციებს, გადაწყვეტილების მიღებას და აქტივობებს; ასევე, იქნება კრიზისული კონსულტაციების მექანიზმი ნატოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია კომუნიკეში.

ამასთან, კომუნიკეს თანახმად, პრიორიტეტად რჩება ნატო-ს მიერ სასწრაფოდ საჭირო არალეტალური დახმარების გაწევა უკრაინაში ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის (CAP) მეშვეობით.

კომუნიკეს მიხედვით, მადრიდის სამიტიდან მოყოლებული, მოკავშირეებმა და პარტნიორებმა 500 მილიონ ევროზე მეტი გაიღეს CAP-ისთვის.

როგორც კომუნიკეშია აღნიშნული, უკრაინის შეკავებისა და თავდაცვის მხარდასაჭერად, მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ალიანსში შეთანხმდნენ CAP-ის შემდგომ განვითარებაზე.

რაც შეეხება საქართველოს, კომუნიკეში წერია, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად ძალაში რჩება საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროება.

მასალების გადაბეჭდვის წესი