ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროება ძალაში რჩება. ამის შესახებ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეშია აღნიშნული.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს ნატოს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ ვრჩებით იმის ერთგული, რომ სრულად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
ჩვენ ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი; ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს.
ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა ნატო-საქართველოს გაფართოებული არსებითი პაკეტის განხორციელებაში, მათ შორის კრიზისების მართვაში, კიბერუსაფრთხოებაში, სამხედრო ინჟინერიასა და უსაფრთხო კომუნიკაციებში; ასევე, ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) თავდაცვის სფეროებში.
ევროატლანტიკურ მისწრაფებებში წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიული რეფორმების ჩათვლით, და საუკეთესოდ გამოიყენოს ANP (წლიური ეროვნული პროგრამა)“, – ნათქვამია საქართველოს შესახებ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.
ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ასევე ხაზგასმულია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევის გარეშე.
ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავის ძალები საქართველოდან და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება, ამასთან, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და საზღვრისპირა ბარიერების აღმართვით საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან მათი ძალისმიერი გამოყოფის მცდელობები. ასევე, მოუწოდებენ რუსეთს, რომ შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავება და შევიწროება.
ამასთან, ნატო-ს კომუნიკეში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონს ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რასაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას მოკავშირეთა რეგიონული ძალისხმევის მიმართ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, 1936 წლის მონტრეს კონვენციის მეშვეობით. ჩვენ შემდგომ მონიტორინგს გავუწევთ და შევაფასებთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილედება ჩვენი უსაფრთხოების საფრთხეებზე და საჭიროების შემთხვევაში რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პოტენციურ შესაძლებლობებზე“, – ნათქვამია კომუნიკეში.
რაც შეეხება უკრაიანას, კომუნიკეში აღნიშნულია, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია. ამასთან, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ალიანსის წევრები ადასტურებენ, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობისთვის სამოქმედო გეგმის საჭიროებას.