კომენტარი

„საქართველოში ვერანაირ პროგრესს ვხედავ“ — 2013 წლის 17 მაისის მონაწილე ლგბტ აქტივისტი

18 მაისი, 2023 • 1374
„საქართველოში ვერანაირ პროგრესს ვხედავ“ — 2013 წლის 17 მაისის მონაწილე ლგბტ აქტივისტი

ნათია გვიანიშვილი 2013 წლის 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე აქტივისტია. სხვა აქტივისტების მსგავსად ამ დღეს გვიანიაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ მობილიზებული ჯგუფების აგრესიის მსხვერპლი გახდა.

როგორც თავად ამბობს, ეს დღე მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. სტრესის ფონზე დეპრესია და შფოთვითი აშლილობა დაეწყო. რამდენიმე წლის შემდეგ კი უცხოეთში სასწავლებლად წასულმა იქვე დარჩენა გადაწყვიტა.

10 წლის წინ, 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში აქცია-ფლეშმობი უნდა გამართულიყო, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს არ მისცეს სასულიერო პირებმა და მათმა მობილიზებულმა ადამიანებმა. ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა ლგბტ აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს, დაედევნენ, დალეწეს ის ავტობუსები და მიკროავტობუსები, რომლითაც ისინი ტერიტორიიდან გაჰყავდათ. 

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) ინფორმაციით, 2013 წლის 17 მაისთან დაკავშირებით 10 წლის შემდეგაც არავინ დაუსჯიათ, 28 ადამიანი კი კვლავ ელოდება დაზარალებულის სტატუსის მიღებას.

ლგბტ აქტივისტი, ფემინისტი და WISG-ის ყოფილი დირექტორი ნეტგაზეთთან 2013 წლის 17 მაისსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

„ვიფიქრე, ყველაფერი მორჩა და იქ იმ დღეს მოვკვდებოდი”

ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში საჯაროდ პირველად 2011 წელს აღინიშნა, უბრალოდ, ეს მცირე მასშტაბის აქცია იყო და საზოგადოების ყურადღება არ მიუქცევია.

2012 წელს პირველი მსვლელობა ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოს ღიად ჰქონდა დასავლური კურსი დაფიქსირებული და ასევე, ძლიერდებოდნენ ქალთა ორგანიზაციები, იმართებოდა ფემინისტური მსვლელობები და სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ პერიოდში ხილვადობაზე აქტიური მუშაობაც.

2012 წელსვე მსვლელობისას დაგვესხნენ თავს. მაშინ პოლიციას ეს შემთხვევა არ გამოუძიებია.

შემდეგ, 2013 წელს, რადგან წინა წლის გამოცდილება გვქონდა, სათემო ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, რომ მეტი დრო დაეთმოთ უწყებებთან საუბრისთვის. ორგანიზაციების წარმომადგენლები წინასწარ შეხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ასევე, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. არსებობდა გარკვეული დაპირება, რომ ჩვენი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცული იქნებოდა.

თუმცა ამის პარალელურად საპატრიარქოსა და კონსერვატიული ჯგუფების მობილიზება მიმდინარეობდა.

2013 წლის 17 მაისი. სასულიერო პირები რუსთაველის გამზირზე. ფოტო: ნეტგაზეთი

მახსოვს, იმ დღეს თავიდან საკმაოდ კარგი განწყობა მქონდა. ცოტა მეშინოდა, რადგან მთელი დილა გვესმოდა ხალხი ჯგუფ-ჯგუფად რომ მიდიოდა და ყვიროდა, საქართველოს გაუმარჯოსო. თუმცა პოლიციის კორდონი იყო გაკეთებული და გვეგონა, ჩვენ ჩვენს სათქმელს ვიტყოდით, ისინი თავისას და ყველაფერი კონსტრუქციულად ჩატარდებოდა.

რაღაც მომენტში შევამჩნიე, რომ სასულიერო პირებს პოლიცია თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევდა. რამდენიმე მღვდელმა ჩვენ წინ აიარ-ჩაიარა, პოლიციის ჯგუფებთან მიდიოდნენ, ესაუბრებოდნენ. ეს არ მომეწონა თავიდან, მაგრამ ვიფიქრე, რომ არაუშავდა.

უცებ დავინახე, ვიღაც როგორ მორბოდა ჩვენკენ და გვეძახდა, სასწრაფოდ გავქცეულიყავით ავტობუსისკენ, „მოდიანო“, ყვიროდა.

მე ბოლო ავტობუსში მომიწია შესვლა. ავტობუსში უკვე ვიგრძენი შიში. ქვებს გვესროდნენ. ხალხი, რომელიც წინა ავტობუსში ვერ მოხვდა, ჩვენთან ამოსვლას ცდილობდა. მე იმ ავტობუსში ვიყავი, „ტაბურეტი“ რომელსაც მოხვდა.

თავიდან პოლიცია გვაცილებდა, შემდეგ ისინიც ჩამოგვრჩნენ. ამ დროს ისმოდა გინება, სექსუალიზებული ჟესტიკულაციები. ეს ყველაფერი ძალიან რთული ასატანი იყო.

ამას ისიც დაერთო, რომ რაღაც მომენტში მძღოლიც გადაათრიეს და სასულიერო პირი ამოვიდა ავტობუსში. ამ დროს ვიფიქრე, რომ მორჩა ყველაფერი და იქ, იმ დღეს მოვკვდებოდი. თუმცა მღვდელს ჟურნალისტები ვეგონეთ და ანიშნა სხვებს, ქვები არ ისროლოთო.

შედეგ, როცა გაიგო, რომ არ ვიყავით ჟურნალისტები, სახეზე დაეტყო, რომ არ მოეწონა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.

საბოლოოდ, გამოვაღწიეთ იქიდან და ბოლოს მძღოლმა ორთაჭალის დასაწყისში ჩამოგვსხა. ჩვენ ისიც არ ვიცოდით, სად უნდა წავსულიყავით. ეს ყველაფერი ძალიან სტრესული იყო.

2013 წლის 17 მაისი. სასულიერო პირები რუსთაველზე. ფოტო: ნეტგაზეთი

ვფიქრობ, საპატრიარქოს მხრიდან 2013 წლის 17 მაისი ერთგვარი ძალის ჩვენება იყო ახალი ხელისუფლებისთვის [რომელიც 2012 წელს მოვიდა]. ამას დარბევის შემდეგ მეუფე იაკობის მიმართვაც მოწმობს, სადაც ის ერთგვარად თითის ქნევით ეუბნება ხელისუფლებას, რომ რამე არ შეგეშალოთ, ნახეთ რამდენი ადამიანი გამოვიყვანეთ და უფრო მეტსაც გამოვიყვანთო.

ეს იმას აჩვენებს, რომ ჩვენ, როგორც თემს, ყველა მხარე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გვიყენებს და იმ ფაქტზე, რომ ამ დროს ჩვენი სიცოცხლე და მენტალური ჯანმრთელობა, ღირსება ილახება, არავის აინტერესებს.

გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენივე უსაფრთხოების გამო უნდა გავეყვანეთ, რითაც მაშინდელი ახალი ხელისუფლება შეეცადა, არც მწვადი დაეწვა და არც შამფური — არც ჩვენ დავშავებულიყავით და არც აქციის ჩატარება იყო მათთვის ხელსაყრელი.

„ამ გარემოსთან გარიდებამ ძალიან მიშველა, მაგრამ არის რაღაცები, რაც ყოველთვის რჩება“

ამ დღემ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. მანამდე იმედიანად ვიყავი, მეგონა, რომ ყველანი ერთად თუ ვიმუშავებდით, ავაშენებდით ამ ქვეყანას. ძალიან დიდი ხანი მქონდა ეს განცდა. 2012 წლის დემონსტრაციებიც ციხეში ძალადობისა და ადამიანების წამების წინააღმდეგ ჩემთვის ნიშანი იყო, რომ საზოგადოება რაღაცებზე პრინციპულად ვთანხმდებოდით და საზოგადოებაშივე იცვლებოდა რაღაცები.

მაგრამ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ რაც მოხდა, როგორი პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა ამას და შემდგომ წლებშიც რომ ვუყურებდი, როგორ უარესდებოდა მდგომარეობა პოლიტიკური თვალსაზრისით, ამან ის გრძნობა ჩამიკლა. მივხვდი, რომ რეალურად ცოტა მეამიტური დამოკიდებულება მქონდა, ცოტა იდეალისტური და ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, რომ მეპოვა აზრი იმაში, თუ საერთოდ რატომ ვაკეთებდი ამ ყველაფერს.

ამ დღის შემდეგ დამეწყო სერიოზული დეპრესია და შფოთვითი აშლილობა, რომელიც დღემდე მომყვება და ვიცი, რომ სულ მექნება. ბევრი რაღაც შეცვალა ამ დღემ ჩემთვის, პიროვნულ დონეზე.

ამ ყველაფრის ფონზე 2017 წელს სასწავლებლად გადავწყვიტე წასვლა. თავდაპირველად არ მქონია მიზანი, რომ დავრჩებოდი სხვაგან, მაგრამ შემდეგ ვაკანსია გამოჩნდა შვედურ ლგბტქ ორგანიზაციაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობდა. ამ დროს დავფიქრდი, მზად ვიყავი თუ არა უკან დასაბრუნებლად და მივხვდი, რომ არ ვიყავი მზად, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ცუდად ვიყავი. შესაბამისად, როდესაც სამსახურში ამიყვანეს, მივედი იმ აზრამდე, რომ დავრჩებოდი უცხოეთში.

დანაშაულის გრძნობაც მქონდა საკმაოდ დიდხანს, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოში ყოფნაც აღარ შემეძლო.

ყველაფერთან ერთად ისიც მეხმარება, რომ აქ იმ თემაზე ვმუშაობ, რაზეც საქართველოში და ასევე ვმუშაობ იმ აქტივისტებთან ერთად, ვინც ჩემი თანამებრძოლები იყვნენ ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. 2015 წელი/ფოტო: ნეტგაზეთი

2013 წლის 17-მა მაისმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს მსოფლმხედველობაში იმ თვალსაზრისით, რომ მანამდე რისი იმედებიც მქონდა საქართველოში, გამიქრა. ძალიან ცუდად ვიყავი და მასობრივი სიძულვილი ძალიან მძიმე იყო ჩემთვის.

ამ გარემოსთან გარიდებამ ძალიან მიშველა, მაგრამ არის რაღაცები, რაც ყოველთვის რჩება.

მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მე, როგორც მიგრანტი, ძალიან პრივილეგირებული ვარ იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც, მაგალითად, პოლიტიკური თავშესაფარს ითხოვს და ისე მიდის. ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავშესაფარს ითხოვს, გაცილებით უარესია, ვიდრე შრომით მიგრანტებთან, რომლებიც ინტელექტუალურ შრომაში არიან ჩაბმულნი.

ზოგს ჰგონია, რომ ძალიან მარტივია უცხოეთში ჩაბარდები და მორჩა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ადამიანი ბოლო წერტილამდე უნდა იყოს მისული, ეს ნაბიჯი რომ გადადგას. მესმის მათი, რომ ამ ტოქსიკურ გარემოში ყოფნა აღარ უნდათ და დგამენ ამ ნაბიჯს. მეც ანალოგიურად მოვიქეცი. ახლა მეტი სივრცე მაქვს საკუთარი თავისთვის, პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, რასაც საქართველოში ვეღარ ვხედავდი, რადგან 10 წელზე მეტი ერთსა და იმავე კედელს ეჯახები…

„მაქვს თემის წევრებისა და იმ აქტივისტების იმედი, რომლებიც კვლავ აგრძელებენ ბრძოლას“

ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ რეალურად ამ დრომდე არ მთავრდება პოლიტიკური სპეკულაციები. მართალია, ბევრი რაღაც უკეთესობისკენაც შეიცვალა, ბევრი სივრცეა თემის წევრებისთვის, მეტი აქტივისტი,  მაგრამ პოლიტიკური წნეხი მეტად და მეტად იზრდება. ჩვენი უფლებების საკითხი, რეალურად, იმაზე უფრო მეტად არის პოლიტიკური მანიპულაციების ცენტრში, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ჰომოფობიას პოლიტიკური ჯგუფები იყენებენ იმისთვის, რომ მსგავსად განწყობილი საშუალო სტატისტიკური მოქალაქის სიმპათიები შეინარჩუნონ. ეს ძალიან მძიმე გასააზრებელი იყო ჩემთვის და ახლაც არის.

მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა ძალიან მკაფიოდაა მიბმული იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომელთაც აქვთ ძალაუფლება კონკრეტულ მომენტში. რამდენად ღია არიან ისინი რეფორმებისთვის და იმისთვის, რომ ჩადონ ინვესტიცია იმაში, რაც არ ეხება ფართო მასებს.

სამწუხაროდ, ახლა მე საქართველოში ვერანაირ პროგრესს ვხედავ. პირიქით, მთავრობა სულ უკან და უკან მიდის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ეს არ ეხება მხოლოდ ლგბტქ ადამიანებს კონკრეტულად, არამედ, ზოგადად ადამიანის უფლებებთან, გამჭვირვალობასთან და დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებული ინსტიტუტებია მორღვეული, რაც ურტყამს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს.

მთავრობის რიტორიკაც, თუნდაც ის, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიულ კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით უნგრეთში, ეს ძალიან ცალსახა მესიჯია. ასევე, სამთავრობო არხები, რომლებიც მუდმივად ჰომოფობიურ მესიჯებს ავრცელებენ, ესეც მიბმულია პოლიტიკურ პროცესებთან.

ამით ცდილობენ, რომ მოსახლეობის კონკრეტულ ფენებში აგრესია შეინარჩუნონ თემის მიმართ. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაქვს თემის წევრებისა და იმ აქტივისტების იმედი, რომლებიც საქართველოში კვლავ აგრძელებენ ბრძოლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი