ახალი ამბები

ღარიბაშვილის ჰომოფობიური გამოსვლა CPAC-ის კონფერენციაზე

4 მაისი, 2023 • 1416
ღარიბაშვილის ჰომოფობიური გამოსვლა CPAC-ის კონფერენციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის [CPAC] კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ამ კონფერენციაში მონაწილების გამო ღარიბაშვილი ჯერ კიდევ გამოსვლამდე გააკრიტიკეს ევროპარლამენტარებმა; ამერიკელი ანალიტიკოსმა,  წარსულში „ქართული ოცნების“ ყოფილმა მრჩეველმა კი განაცხადა, რომ უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობით ღარიბაშვილი ფაშისტების და პუტინის აპოლოგეტების რიგებში ეწერება.

4 მაისს კონფერენციაზე დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.   „ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება“ და „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობის დაუშვებლობა” იყო მისი გამოსვლის მთავარი აქცენტები.

პრემიერის მტკიცებით, მაშინ, როცა საქართველოს უმრავლესობა იზიარებს ტრადიციულ ღირებულებებს, ძალები, რომლებიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, აკეთებენ ამას „ლგბტ პროპაგანდით“, რაც მისი აზრით, საბოლოო ჯამში, „ფესვებს მოწყვეტილი“ ხალხის უფრო მარტივად მართვას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, საფრთხეს წარმოადგენენ „ისინი, ვინც რწმენისა და ღირებულებების არმქონენი და აგრესიული ცინიზმით, ხშირად დემოკრატიის, რელიგიისა და თავისუფლების სახელით, ეწინააღმდეგებიან თავისუფლებას და სიმართლეს“.

მისი სიტყვა უმცირესობებთან დაკავშირებით შეიცავდა მანიპულაციასაც  არასწრულწლოვნების სქესის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით.

კონფერენციის დამსწრე პირებს ღარიბაშვილი დაჰპირდა, რომ მისი ხელისუფლება უმცირესობებსაც დაიცავს, მაგრამ იქვე აღნიშნა: „არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას  უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია“.


ამერიკელი ანალიტიკოსი, წარსულში „ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი 27 აპრილს გამოეხმაურა  უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას. ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, ამით ღარიბაშვილი ფაშისტების, ფანატიკოსების, არჩევნების უარმყოფლების და პუტინის აპოლოგეტების რიგებში ჩაეწერა.

ევროპარლამენტარმა ტეის რეიტენიმ, რომელიც  „ქართული ოცნების“ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს ევროპარლამენტში, ღარიბაშვილის ამ კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის პროევროპულ უმრავლესობას შეურაცხყოფს.


„ასოშიეტიდ პრესის“ თანახმად, ორდღიანი კონფერენცია, რომელიც უნგრეთში იმართება, ასახავს კავშირების გაღრმავებას ამერიკის მემარჯვენე ფრთასა და ვიქტორ ორბანის ავტოკრატიულ მთავრობას შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი