ახალი ამბები

მნიშვნელოვანია დისკრიმინაციული ინიციატივის წინააღმდეგ კონსოლიდაცია – KHIDI “ოცნების” ჰომოფობიურ კანონპროექტზე

30 მარტი, 2024 • 799
მნიშვნელოვანია დისკრიმინაციული ინიციატივის წინააღმდეგ კონსოლიდაცია – KHIDI “ოცნების” ჰომოფობიურ კანონპროექტზე

“გვჯერა, მსგავსი მავნებლური ინიციატივები განწირულია მარცხისთვის” – ასე ეხმაურება კლუბი KHIDI “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ჰომოფობიურ საკანონმდებლო ინიციატივებს.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობ, რომ ქართველი ხალხი, როგორც ევროპული, ტოლერანტული და თავისუფალი საზოგადოება, ყოველთვის საკადრისად პასუხობს “ხელოვნურად გაჩენილ კრიზისებს”.

KHIDI-ში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ.

“მაშინ როდესაც ლგბტქ ადამიანები, მათი უფლებების დაცულობის კუთხით, არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში უთანასწორო მოპყრობის რისკის წინაშე იმყოფებიან, ხელისუფლება, ნაცვლად იმისა რომ დგამდეს ქმედით ნაბიჯებს მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად, აღნიშნული პოპულისტური საკანონმდებლო ცვლილებით ცდილობს თავისუფალი და კრიტიკული აზრის ჩახშობასა და წლების განმავლობაში სისტემურად მარგნილიზებული ჯგუფის მეტად იზოლირებას”, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მმართველი პარტიის ჰომოფობიურ ინიციატივას გამოეხმაურა ლგბტქი+ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდიც”. მათი თქმით, “ქართული ოცნების” მიზანი ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების გადაფარვაა.


25 მარტს, “ქართული ოცნების” არმასრულებელმა მდინავმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიციირებენ, სადაც „მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები“. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ მმართველ უმრავლესობას, მის მიმართ ლოიალურად განწყობილ „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო (113 ხმა) არ აქვს.

მდინარაძის თქმით,  მმართველი პარტია ახლო მომავალში ასევე დააინიციირებს უფრო კონკრეტულ ცვლილებებს რამდენიმე ათეულ კანონში, რომელსაც მიმდინარე წელს „გარანტირებულად“ მიიღებენ. კანონში ცვლილებების შეტანას მაქსიმუმ 76 ხმა ესაჭიროება, რაც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია.

სინამდვილეში არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, ამ თემით მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი მანიპულირებს, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია.

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი