კომენტარი

როგორ იტაცებს რუსეთი უკრაინელ ბავშვებს — ინტერვიუ გამომძიებელ ჟურნალისტთან

18 მაისი, 2023 • 1520
როგორ იტაცებს რუსეთი უკრაინელ ბავშვებს — ინტერვიუ გამომძიებელ ჟურნალისტთან

კიევის ოფიციალური მონაცემებით, 20 000-მდე უკრაინელი ბავშვი დაადეპორტეს რუსეთში, თუმცა რეალური რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. საერთაშორისო სამართალი ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემას გენოციდად განიხილავს.

სწორედ ბავშვების დეპორტაცია დაედო საფუძვლად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ. დაკავების ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.

უკრაინის ხელისუფლებისთვის და მშობლებისთვის დეპორტირებული ბავშვების დაბრუნება მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული — საჭიროებს ამომწურავი ჩანაწერების წარმოებას ამ ბავშვების შესახებ, მშობლებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, სად არიან ისინი, ჰქონდეთ შესაბამისი დოკუმენტაცია და ფინანსური რესურსები, რომ ჩააკითხონ რუსეთში და სხვა, რაც ხშირად შეუძლებელია. 2023 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, 19 384 დეპორტირებული ბავშვიდან დაბრუნებულია მხოლოდ 361.

ხერსონის ოლქიდან — ჯერ ანექსირებულ ყირიმში, შემდეგ კი ოკუპირებულ ჰენიჩესკში წაყვანილი 17 წლის მაშას და 18 წლის ნასტიას გამოხსნა Slidstvo-ს ჟურნალისტებმა შეძლეს. მათ ასევე შეაგროვეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება სასამართლოში იქნას გამოყენებული და გადაიღეს ფილმი „გაქცევა რუსული ტყვეობიდან“. „ნეტგაზეთი“ Slidstvo-ს გამომძიებელი ჟურნალისტ იანინა კორნიენკოს ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება.

— ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ რუსეთი იწყებს ზონის „დასუფთავებას“, რათა შეაჩეროს უკრაინელების პროტესტი და იწყებენ უკრაინელების და განსაკუთრებით, რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანას. ამას აკეთებენ არალეგალურად, უფროსების ან თავად ბავშვების ყველანაირი ნებართვის გარეშე. ბავშვების დეპორტაციის ერთი გზაა, მისი შენიღბვა „არდადეგებად“ — ერთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვები გადაჰყავთ მეორეში — მაგალითად ყირიმში, რომელიც დიდი ხნის ოკუპირებულია და რუსებს იქ მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე ახლახან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთში. თითქოს არდადეგებზე ბავშვები წაიყვანეს საზაფხულო ბანაკებში, სკოლებში, სადაც დღემდე ცხოვრობენ და არასდროს დააბრუნეს.

მეორე გზა დეპორტაციის არის, თითქოს სამკურნალოდ გადაყვანა. მიჰყავთ სანატორიუმებში ვითომ სარეაბილიტაციოდ, სინამდვილეში, მშობლებისგან იპარავენ. ასე ხდება იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთაც მშობლები ჰყავთ. ისინი ცდილობენ, მშობელთან შეთანხმებას მიაღწიონ ბავშვების გადაყვანაზე და ზოგიერთი მშობელი თანხმდება, რადგან ეს ტერიტორიები მუდმივად იბომბება და ზოგ მშობელს ურჩევნია, შვილი მისგან შორს, თუმცა უფრო უსაფრთხო ადგილას ეგულებოდეს. რა თქმა უნდა, ახლა გაცილებით ნაკლები შემთხვევაა, როდესაც მშობელი თანხმდება ასეთ შემოთავაზებას. ახლა უკვე მშობლებმა იციან, რა მოხდება შემდეგ, მაგრამ დასაწყისში ეს მათთვის შვილების უფრო უსაფრთხო ადგილას გარიდების შესაძლებლობა იყო. ისინი ენდნენ რუსებს, მაგრამ გააცნობიერეს, რომ ეს შეცდომა იყო და ახლა ცდილობენ, ბავშვები დაიბრუნონ.

ცალკე უნდა განვიხილოთ ობოლთა თავშესაფარში მცხოვრები ბავშვების დეპორტაცია. ეს არის ყველაზე უარესი შემთხვევები. ამ ბავშვებს ჰყავდათ მზრუნველები, რომლებიც მათთან ერთად წაიყვანეს რუსეთში. ზოგიერთმა შეძლო უკრაინაში გამოქცევა და ახლა ცდილობენ, ბავშვების დაბრუნებას. მაგრამ რუსები ამბობენ, რომ ისინი ახლა მათი ბავშვებია. თავშესაფრის ბავშვების დაბრუნებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო რთულია ჩვენთვის იმიტომ, რომ არავის ეკონტაქტებიან. მათ არ ჰყავთ მშობლები, რომ დაეკონტაქტონ და უთხრან, რომ დახმარება სჭირდება. ახლა ისინი არიან რუსეთის სისტემაში, ჰყავთ ადგილობრივი ზედამხედველები რუსეთში.

რუსები ცდილობენ, გააშვილონ ეს ბავშვები იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. უკეთებენ მათ რუსულ პასპორტებს, რათა ბავშვების რუსულ ოჯახებში გაშვილების ლეგალური საფუძველი შექმნან. მათ უკვე ჩასვეს ეს ბავშვები შვილად აყვანის რუსულ მონაცემთა ბაზებში. ეს არის დახურული მონაცემთა ბაზა. მაქვს კონტაქტი ადამიანის უფლებათა სამოქალაქო აქტივისტებთან და მათ მითხრეს, რომ ეს არის დახურული მონაცემთა ბაზა, სადაც შენ შეგიძლია საგანგებოდ აირჩიო უკრაინელი ბავშვი შვილად ასაყვანად. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ჩვენ ამიერიდან ვერასდროს ვიპოვით გაშვილებულ ბავშვებს და არ გვექნება მათი დაბრუნების შესაძლებლობა იმიტომ, რომ ეს ბავშვები იზრდებიან რუსულ იმპერიულ საზოგადოებაში, რომელშიც პროპაგანდით ტვინს ურეცხავს ბავშვებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვები, რომლებიც 2014-15 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, და მაშინ დაახლოებით 6-7 წლის იყვნენ, ახლა რუსულ არმიაში მსახურობენ უკრაინის წინააღმდეგ. ესენი არიან უკრაინელი ბავშვები, რომლებსაც არც ახსოვთ, როგორც დაიწყო ეს ყველაფერი. ასე ხდება უკრაინული იდენტობის წაშლა.

— ახლადოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვები გადაჰყავთ რუსეთის მიერ კონტროლირებად სხვა ტერიტორიებზე უკრაინის შიგნით ან რუსეთში?

— ზოგჯერ უარესიც — ბელარუსში. ისინი ამას აკეთებენ ეშმაკურად და მშობლისთვის ამოცანაა, სად შეიძლება იყოს მისი შვილი იმიტომ, რომ ჯერ მიჰყავთ ყირიმში, შემდეგ ცდილობენ, რუსულ სისტემაში ჩასვან. მაგრამ ოფიციალურად აცხადებენ, რომ ეს ბავშვები არიან „რუხ ზონაში“ — ოკუპირებულ ტერიტორიაზე და პასუხისმგებლობას იცილებენ. ასე ცდილობენ საერთაშორისო სამართლისთვის თავის არიდებას. მაგრამ ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეები თავად აქვეყნებენ ინფორმაციებს და ფოტოებს „გადარჩენილი [ნაშვილები] უკრაინელი ბავშვების“ შესახებ.

— რუსები, რომლებმაც შვილად აიყვანეს უკრაინელი ბავშვები, ფიქრობენ, რომ გადაარჩინეს ისინი?

— ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ მათ არ ესმით რას აკეთებენ. მაგრამ რუსული პროპაგანდა ისეთი ძლიერია, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება ასეც ფიქრობდეს. ცხადია, რომ უნდა იკითხო — როგორ მოხვდნენ ეს ბავშვი რუსეთში? ზოგ ობოლს ჰყავდა ოფიციალური მეურვე უკრაინაში, დაუკავშირდნენ მათ და უთხრეს, რომ სახლში დაბრუნება უნდათ, მაგრამ უკვე გაშვილების აყვანის პროცესში ვართ. რუსულმა ოჯახებმა იცოდნენ, რომ ბავშვებს უკრაინაში დაბრუნება უნდოდათ, მაგრამ არ მისცეს ამის უფლება. ეს არის თანამონაწილეობა დანაშაულში. ყველა რუსული ოჯახი, რომელსაც უკრაინელი ბავშვი აჰყავს, არ ამოწმებს სათანადოდ, ჰყავს თუ არა ამ ბავშვს მშობლები, უნდათ თუ არა უკრაინაში დაბრუნება, თანამონაწილეობს ამ დანაშაულში.

— გაშვილებამდე სად იმყოფებიან უკრაინიდან გაყვანილი ბავშვები?

— ე.წ. ბანაკებში, სანატორიუმებში, სადაც ცხოვრობენ და სწავლობენ ზოგჯერ. უტარებენ რუსულ გაკვეთილებს, ამღერებენ რუსულ ჰიმნს, ასწავლიან სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ და რუსების „გმირობების“ შესახებ“. მაგალითად, ასწავლიან, რომ რუსეთი იბრძვის ბოროტი ამერიკის წინააღმდეგ და ა. შ. ბავშვები დიდხანს რჩებიან ასეთ ადგილებში. ოფიციალურად 20 000-მდე ბავშვი არის არალეგალურად დეპორტირებული, მაგრამ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. მაგალითად, გასულ ზაფხულს ახსენეს, რომ 2 მილიონი უკრაინელი გაიქცა რუსეთში და წარმოგვიდგენია, რამდენი ბავშვია იქ. ძირითადად ქალების და ბავშვების დეპორტაცია მოხდა, რადგან კაცებს აპატიმრებენ. უკრაინელებისთვის ძნელია დათვლა… ჩვენ შეგვიძლია დავითვალოთ ბავშვები, როლებიც სისტემაში იყვნენ რეგისტრირებული — თავშესაფრებში ცხოვრობდნენ ან ბავშვები, ვისმა მშობლებმაც განაცხადეს რუსეთში მათი შვილების დაკარგვის შესახებ და მთავრობისგან დახმარება მოითხოვეს. ბევრი ბავშვია, ვისაც მშობლები დაუღუპა დაბომბვის დროს და რუსებმა, უბრალოდ, მოიპარეს ეს ბავშვები.

— თქვენ როგორ მოახერხეთ ორი არასრულწლოვნის დაბრუნება?

— როდესაც ვეძებდით ობოლთა თავშესაფრის ბავშვებს, ჩემმა კოლეგა იულიამ იპოვა. სოციალურ მედიაში მიაგნო პროუკრაინული პოსტებს და სთორებს, ყირიმის გეოლოკაციით. ჩვენ გაგვიკვირდა, თუ ვინ არის ასეთი მამაცი, რომ აქვეყნებს პროუკრაინულ ამბებს ყირიმში. დაუკავშირდა გოგოებს ინსტაგრამზე. მათ უთხრეს, რომ არ არიან უსაფრთხოდ, უკრაინაში დაბრუნება უნდათ და ამის საშუალებას არ აძლევენ მშობლების ხელმოწერის გარეშე.

მაგრამ მშობლები არიან უკრაინის კონტროლირებად ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მათ არ აქვთ საშუალება, ფიზიკურად ჩასულიყვნენ ყირიმში და ხელი მოეწერათ დოკუმენტებისთვის. შეუძლებელ პირობებს ქმნიან მშობლებისთვის. მათ, ვინც უკრაინაში არიან, ასე ადვილად არ შეუძლიათ ყირიმში ან რუსეთში შესვლა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა მათი გამოხსნა და უზრუნველვყავით ისინი კორიდორით ევროპის გავლით. ჩვენ გამოვიხსენით ორი გოგო, მაგრამ ისინი იყვნენ ათეულობით ბავშვთან ერთად საზაფხულო ბანაკში. ზოგიერთმა შეძლო უკან დაბრუნება, მაგრამ ზოგმა ვერა.

ჟურნალისტიკა არ არის აქტივიზმი. ჩვენ ამას არ უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ ეს იყო გამონაკლისი, როდესაც ბავშვებმა გვთხოვეს და ჩვენ მოვძებნეთ ყველა შესაძლო გზა. დავუკავშირდით მთავრობას, მოხალისეებს და მათ გვითხრეს, რომ შეუძლებელია ბავშვების დაბრუნება მშობლების ნებართვის გარეშე. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა ეს. მაგრამ ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა. ძალიან რთული და სახიფათო მათთვისაც და ჩვენთვისაც, მაგრამ იულიას ჰქონდა ბევრი სათადარიგო გეგმა და დიდი მხარდაჭერით გააკეთა ეს. ჩვენ ვერ ვასაჯაროებთ დეტალებს, თუ როგორ მოვახერხეთ ამ გოგონების დაბრუნება, რადგან სხვებმაც შეიძლება გამოიყენოს ეს გზა და თუ ეცოდინებათ, რუსეთში დაუყოვნებელი რეაგირება ექნება.

— მთავრობა როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას? რა ინსტრუმენტები აქვს და რამდენად ახერხებს ბავშვების დაბრუნებას?

— ყველა გზა, რომელიც არსებობს ბავშვების დაბრუნების, სრულიად საიდუმლოა. მიზეზი ისაა, რომ როგორც კი რუსეთი გამოააშკარავებს ამ გზას, მაშინვე კეტავს მას. მთავრობის გარდა, ძირითადი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ბავშვების დაბრუნებაზე, არის ფონდი Save Ukraine, რომელიც შექმნილია ყოფილი ბავშვთა ომბუდსმენის (პრეზიდენტის ოფისთან არსებული) მიერ.

— როგორ ფიქრობთ, რა არის რუსეთის მოტივი, როდესაც უკრაინელი ბავშვები დეპორტაციას ახორციელებს?

— ოფიციალური ხედვაა, რომ მოტივი გენოციდია და მეც ამ მოსაზრებას ვეთანხმები. რუსეთი ცდილობს, სრულად წაშალოს უკრაინული იდენტობა. არ მინდა რადიკალური გამოჩნდე, მაგრამ უკრაინელების გენოციდი არის ამ ომის მიზეზი და ბავშვების გატაცება და „გარუსება“ ამის ერთ-ერთი მაგალითია.

— ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინზე დაკავების ორდერი გასცა სწორედ ბავშვების დეპორტაციის საქმეზე და არა ომის სხვა დანაშაულებზე, რომლებიც ასევე იყო ჩადენილი. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანი, ვგულისხმობ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკვე დამდგარი შედეგების თვალსაზრისით, ვიდრე დანარჩენი, მაგალითად ბუჩაში მომხდარი დანაშაულები…

— ვფიქრობ, ყველა დანაშაულზე პასუხისგება მნიშვნელოვანია. მაგრამ ბავშვები არიან ყველაზე დაუცველი ჯგუფი. არის შემთხვევები, როდესაც რუსები ზრდიან უკრაინელ ბავშვებს უკრაინის მტრებად და ეს კარგი მაგალითია მათი პოლიტიკისა და ფილოსოფიისა უკრაინის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ბუჩაში მომხდარი უდიდესი დანაშაულია და მჯერა, ჩვენ ვნახავთ ამის შედეგებს, მაგრამ შესაძლოა, ბავშვების დეპორტაციის დამტკიცება უფრო ადვილი იყო. რუსები ამაყობენ ამ შემთხვევებით და თავად აქვეყნებენ მტკიცებულებებს. სამთავრობო პოლიტიკა აქვთ — მიიღეს კანონი, რომელიც უკრაინელი ბავშვებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღების (და შესაბამისად, შვილად აყვანის) საშუალებას იძლევა. ამას ვერ ვიტყვით ბუჩაზე, რომელსაც არ აღიარებენ. მაგრად დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში სამართლებრივი შეფასება ყველა დანაშაულზე დადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი