კომენტარი

ძველი თბილისი – ამჯერად უკვე დამოუკიდებელ საქართველოს დედაქალაქში

14 ივნისი, 2010 • 6437
ძველი თბილისი – ამჯერად უკვე დამოუკიდებელ საქართველოს დედაქალაქში

„და არ მშორდება თბილისის ცქერა,
სავსე ქართული პატიოსნებით“.

გალაკტიონი      

 

      1921 წელს, როცა კომუნისტური რუსეთის მიერ საქართველოს ექსპანსია მოხდა, თბილისი უკვე საკმაოდ დიდ, კაპიტალისტურ ქალაქს წარმოადგენდა, რომელიც სწრაფად იცვლება ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ. მაშინდელმა მთავრობამ პოლიტიკურ–ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე შენობების  თბილისის ისტორიულ უბანში განთავსებით ეს ტერიტორია საბჭოთა საქართველოს ცენტრად აქცია და მისმა სწრაფმა, არაბუნებრივმა ზრდამ თავისთავად საკმაოდ დიდ პერიმეტრზე განაშენიანებული ძველი თბილისი  დედაქალქის მხოლოდ ერთ–ერთ ნაწილად   აქცია. დღეს, ეს არის ქალაქი – ქალაქში, რომელიც თავისი სილამაზით,  სულიერებითა და თვითმყოფადობით ჯერ კიდევ ანდამატივით იზიდავს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ინვესტორებს, მოსახლეობასა თუ  ტურისტებს.

 

საქართველოს დამოუკიდებელობის გამოცხადების შემდეგ მოსულმა ყველა მთავრობამ, ჩვენდა საუბედუროდ,  საბჭოთა წინამორბედის შეცდომა გაიმეორა: ედუარდ შევარდნაძემ ქვეყნის პოლიტიკურ–ადმინისტრაციული ცენტრი კვლავ ისტორიულ ნაწილში დატოვა და სამოქალაქო ომის შედეგად დანგრეულ ძველ უბნებში დიდი მოცულობისა და ძველი განაშენიანებისთვის სავსებით შეუფერებელ საკულტო, საცხოვრებელი და სხვა ფუნქციის შენობების ინტენსიურ მშენებლობას შეუწყო ხელი.     

 

საზოგადოებისა და სპეციალისტების გარკვეული ნაწილი გულგრილი არ დარჩენილა ამ მავნე პროცესების მიმართ, უკანონო მშენებლობების  წინააღმდეგ აქტიურობდა ნაციონალური პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა,  გაპრეზიდენტების შემდეგ  ის რადიკალურად შეიცვალა და სულ მალე დიდი გატაცებით შეუდგა საკუთარი ურბანული თუ ხუროთმოძღვრული იდეების განხორციელებას, ოღონდ გაათმაგებული მასშტაბით.

 

ინაუგურაციიდან სულ ერთ თვეში, უნებართვო და გაუმართავი საპროექტო დოკუმენტაციით,  პრეზიდენტის სასახლის  ახალი კომპლექსის მშენებლობას კვლავ ძველ თბილისში, ოღონდ ამჯერად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩაეყარა საფუძველი, რის გამოც ამ ისტორიული  უბნის დიდი ფრაგმენტი მთლიანად განადგურდა. სრული ძალაუფლებით აღჭურვილმა და საზოგადოებისა და პროფესიონალების დუმილით წახალისებულმა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა თავისი გემოვნების დარად დაიწყეს ჩვენი ქვეყნის გარემოს  აქტიური შეცვლა: თავისუფლების მოედანზე  შადრევანზე მდგარი და წმინდა გიორგის ქანდაკებით დასრულებული მაღალი და მასიური სვეტი აღიმართა. მთლიანად დაინგრა მირზა–შაფის უძველესი ქუჩა  – არსებული შენობებითა და მიმდებარე კლდის მასივით აბანოთუბანში.     გარდა ამისა, განადგურდა ჯავახიშვილის ქუჩის მარჯვენა მხარეს არსებული სახლების უმეტესობა და  ლერმონტოვის, დადიანისა და გალატიონის ქუჩების კუთხის ყველა შენობა; დამახინჯებას ვერც მეტეხის კლდეზე გადმოკიდებული სახლების  თვითმყოფადი ზოლი გადაურჩა. გარდა ახალ–მშენებლობებისა, მიმდინარეობს სოლოლაკის ცალკეული ქუჩებისა და სახლების, ქვემო კალასა და აღმაშენებლის გამზირის სწრაფი რეაბილიტაცია, მასშტაბური სამუშაოები ტარდება რიყეზეც, რომელზეც უკვე დამთავრდა შემინული ლითონის კონსტრუქციის სახურავის მქონე ახალი, საფეხმავლო ხიდის მშენებლობა.

 

მომეტებული ხელოვნურობისა და სიყალბისთვის თბილისი პროექტის ფარგლებში მიმდინარე  კალაუბნის აღდგენას ხალხმა „სიღნაღიზაცია“, ხოლო მანსარდების სიმრავლის გამო  აღმაშენებლის რეაბილიტაციას  – „ბათუმიზაცია“ დაარქვა, ანუ სახელები   ქალაქებისა, სადაც ე. წ. რებილიტაციის დიდი ნაწილი თბილისზე ადრე განხორციელდა.          

 

2001 წელს, თბილისი IUNESCO-ს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის კანდიდატ ქალაქად შეირჩა, მაგრამ ქვეყანაში არსებული შეუსაბამო არქიტექტურულ–ურბანული პოლიტიკის გამო მისთვის სტატუსის მინიჭება არ განხორციელდა. უკვე დამოუკიდებელ, დემოკრატიული სისტემისა და საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანას თავისი შესაფერისი ძეგლთა დაცვის სისტემა სჭირდებოდა, რაც ამომწურავად ჩამოყალიბდა IUNESCO-ს მიერ ჩვენთვის მოცემულ რეკომენდაციებსა თუ თავად მათ მიერ დაფინანსებულ სახელმძღვანელო დოკუმენტში  – „ძველი თბილისის მენეჯმენტის საყრდენი გეგმა“, რომლის მხოლოდ ის პუნქტები შესრულდა,  რაც ხელისულებას სურდა, მაგრამ ისიც შეუსაბამოდ და ფრაგმენტულად. ამიტომ, თბილისისთვის მსოფლიო ძეგლთა ნუსხის ოფიციალური სტატუსის მინიჭებაც გაურკვეველი დროით არის გადავადებული.           

 

მერიის  ხმაურიანი კამპანიის „მე მიყვარს თბილისი“–ს ფონზე,    მთლიანად ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტი –  „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“,  რომელიც ისტორიული უბნების მაცხოვრებლების თანამედროვე ბინებში გადასახლებას ახორციელებს, გაკოტრების პირას მყოფი  სამშენებლო კომპანიებისა და ბანკების გადარჩენის მოკლევადიანი და საკმაოდ საეჭვო მცდელობა უფროა, ვიდრე ძველი ქალაქის დაცვისა, თუ მისი მაცხოვრებლების საბინაო პირობების გაუმჯობესების ღონისძიება.  

 

მოქმედი ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, სამშენებლო და სარესტავრაციო სფეროს ძირეული რეფორმა დღემდე არ ხორციელდება. პირიქით, ხელისუფლებამ კანონმდებლობისა და არქიტეტურულ ძეგლთა ნუსხის ჩათვლით, ყველაფერი საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს და სურვილებს მოარგო და შეუსაბამა, რათა მაქსიმალურად სწრაფად და დაუბრკოლებლად განახორციელოს უამრავი ინფრასტრუქტურული, სამშენებლო თუ სარესტავრაციო/სარეაბილიტაციო პროექტი, რადგან ყველაფერი ეს ფულთან, და თანაც ძალიან დიდ ფულთან არის დაკავშირებული; პოლიტიკური ძალაუფლების სიმყარე, კი სხვა ფინანსური წყაროების გარდა, რა თქმა უნდა, ამ ფულზეც არის დამოკიდებული.

 

ჩვენი მეცნიერები წარმატებით აგრძელებენ კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ შესწავლას, რაც ერთობ კარგი და მისასალმებელია, თუმცა ძეგლების რეალური მდგომარეობა მათი ზრუნვის საგანი თითქმის არასდროს არ ხდება. უკანასკნელ 6 წელში ასეულობით საკულტო და ურბანული არქიტექტურული ძეგლის რესტავრაცია–რეაბილიტაცია განხორციელდა,  სამუშაოები ახლაც ბევრგან მიმდინარეობს.  მაგრამ,  ამ სფეროს  სპეციალისტები  თუ დარგის ცნობილი მეცნიერები უკვე  ჩატარებულ, თუ მიმდინარე  სამუშაოებზე პროფესიულ შეფასებებს დღემდე არ აკეთებენ.  არადა, თუ ასეთი სისწრაფით გაგრძელდა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მასიური “განახლება და აღდგენა” – მალე საკვლევ-საძიებელიც აღარაფერი დაგვრჩება.

    რესტავრაციის ნაცვლად უხვი ფანტაზიით განხორციელებული სარემონტო სამუშაოები ხომ ადრეც განხორციელდა – გასული საუკუნის 70–80–იან წლებში? წლებთან ერთად ხიბლი შეემატა ამ შენობებს და ავთენტურისგან ვეღარ გაგვირჩევია, თუ რა. დღეს ხომ ცხადია, რომ ამ სიყალბეს აღარაფერი ეშველება; ეს ხომ უსულო, მკვდარი სხეულებია ჯერ კიდევ ცოცხალ თბილისში. განა არ უნდა გაგვეთვალისწინებინა ამ მცდარი გამოცდილების გამოუსწორებელი შედეგები? საყურადღებოა, რომ როგორც საბჭოთა, ისე მოქმედი ხელისუფლების დამოკიდებულება ეროვნულად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, რასაც ჩვენი იდენტობის დამადასტურებელი  არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება ჰქვია – ერთნაირად ყალბი და ზერელეა.        

 

მკვეთრად გამოვლენილ ბუნებრივ თავისებურებასა  და  ეროვნულ იდენტობასთან ერთად,  კომუნისტებამდელი თბილისი   –  ახლანდელი ძველი თბილისი, სრულიად თანამედროვე ქალაქი იყო. მასში ნათლად იგრძნობოდა აქ მცხოვრებ ადამიანთა თავისუფალი სული, რომლის ჩახშობა ვერც მუსულმანური ქვეყნების ლამის მუდმივმა ექსპანსიამ და ვერც რუსეთის  იმპერიალისტურმა პოლიტიკამ  ვერ მოახერხა;     სანაქებო ქართველის, გერონტი ქიქოძის, ნათქვამი –  „სულიერად თავისუფალ ეროვნებას შეუძლია ბევრი მშვენიერი და დიადი რამ შექმნას თვით პოლიტიკურ მონობაშიაც“  – სწორედ ჩვენ თავგადასავალს ეთანადება.  მაგრამ, იმპერიული პოლიტიკის კომუნისტური რეჟიმით შეცვლამ, თავისი  სისასტიკითა და დაუნდობლობით სწორედ ადამიანთა სულების დასახიჩრება მოახერხა, რომლის დამღუპველ შედეგებს მძიმე პოლიტიკური შეცდომებთან ერთად ყველაზე ნათლად  დღეს  ჩვენი გარემო და არქიტექტურა  გამოხატავს. კვლავ გერონტის ქიქოძის ფრაზას თუ გავაგრძლებთ – „სულიერად დამონებული და დამახინჯებული კი მონად დარჩება თვით უთავისუფლეს სახელმწიფოში“ – დავრწმუნდებით,  რომ ასეთი საფრთხე სრულიად რეალურია, რადგან ჩვენი დღევანდელი გარემო – მშენებლობა,  არქიტექტურა და რესტავრაცია, ანუ  ქვეყნის პოლიტიკის მატერიალური ასახვა – ამ საშიშროების სრულიად რეალურ ნიშნებს შეიცავს.          

 

ისტორიულ უბნებში მშენებლობა, რესტავრაცია და რეაბილიტაცია  თუ კვლავ დღევანდელი  მეთოდებით გაგრძელდა, ჩვენც და მომავალი თაობაც მხოლოდ ძველი რეპროდუქციებით, ნახატებით, ფილმებით და ფოტო–კოლექციებით  თუ დავადასტურებთ, რომ თბილისი მართლაც  თვითმყოფადი და ულამაზესი ქალაქი იყო, გალაკტიონის თქმისა არ იყოს – „სავსე ქართული პატიოსნებით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი