ახალი ამბები

ლაშა ბაქრაძე: პრეზიდენტი, პრემიერი, ყველა უნდა დაეწყოს რიგში და შეაფასოს პუტინის განცხადება

10 ივლისი, 2019 •
ლაშა ბაქრაძე: პრეზიდენტი, პრემიერი, ყველა უნდა დაეწყოს რიგში და შეაფასოს პუტინის განცხადება

რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში საქართველო დაადანაშაულა აფხაზებისა და ოსების გენოციდში, ასევე მან თქვა, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში „არავითარი საქართველო არ ყოფილა“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების მხრიდან კითხვის დასმის შემდეგ გააკეთეს კომენტარები პუტინის განცხადებაზე. როგორი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის პოზიცია პუტინის განცხადებებზე, შეფასებას ისტორიკოსი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე „ბათუმელებთან“ აკეთებს.

  • ბატონო ლაშა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტების მიერ კითხვის დასმის შემდეგ გააკეთეს პუტინის განცხადებაზე კომენტარი. არცერთ ოფიციალურ გვერდზე ამის შესახებ არ იძებნება განცხადება. უნდა ჰქონოდათ თუ არა მათ მყისიერი რეაქცია?

პრეზიდენტი, პრემიერი და ყველა, მწყობრად უნდა დაეწყოს რიგში, როგორც ეს გააკეთეს, მაგალითად, ერთი კერძო ტელეკომპანიის ჟურნალისტის გამოხტომასთან დაკავშირებით და გააკეთონ პუტინის განცხადების შეფასება, რადგან ეს არ არის ღირსების საქმე, ეს არის ძალიან პრაგმატული საკითხი, თუ როგორ დაინახავს ისედაც ძალიან ძლიერი რუსული გავლენების ქვეშ მყოფი უცხოეთი აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს ჩვენი თვალთახედვიდან, რადგან ფაქტია, რომ ჩვენ ამ საინფორმაციო ომს ვაგებთ.

ფაქტობრივად, პუტინმა უარყო საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მთავარ თემაზე –  რომელსაც საქართველო უსვამს ხაზს, რომ ქვეყნის ტერიტორების 20 პროცენტი არის რუსეთისგან ოკუპირებული, თქვა, რომ ისინი არასდროს საქართველოს ნაწილი არ ყოფილა.

ამიტომ, რასაკვირველია, უნდა გაკეთდეს ოფიციალურ დონეზე განცხადება, რომ ბატონი პუტინი, უბრალოდ, იტყუება და საერთაშორისო საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან სამწუხაროდ, რუსული ნარატივი დომინირებს და რუსებს აქვთ მეტი საშუალება, რომ უცხოეთსაც მოუყვნენ საქართველოს ისეთი ისტორია, როგორიც მათთვის არის მისაღები.

  • ცოტა ხნის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა და ასევე პრემიერმაც პუტინის განცხადების შეფასებისას თქვეს, რომ ჩვენ ისედაც აღიარებული ვართ საერთაშორისო პოლიტიკაში, როგორც სუვერენული ქვეყანა. რამდენად სწორია ეს მიდგომა?

ეს არის პასუხისმგებლობიდან გამოძრომის მცდელობა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ახლა, როცა პუტინი მოგვიყვა საქართველოს ისტორიის თავის ვერსიას, ამას დაუპირისპირდეს საქართველოს ხელისუფლება არა მადლობით, არამედ სერიოზული კრიტიკით.

მტკნარი ტყუილია ის, რომ 1774 წელს შეუერთდა რუსეთს სამხრეთ ოსეთი, იმიტომ, რომ ამ პერიოდში სამხრეთ ოსეთი, ასეთი ადმინისტრაციული ერთეული არ არსებობდა. აქ საუბარია ჩრდილოეთ ოსეთზე, თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოს, შორსმჭვრეტელი რუსული პოლიტიკა იწყებდა შიგადაშიგ სამხრეთ ოსეთის ცნების დამკვიდრებას, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩრდილო ოსეთი დაიპყრო, თვალი დაადგა კავკასიონის სამხრეთით მდებარე ტერიტორიასაც. ხოლო როცა გააუქმა ქართული სამეფო და  შეიერთა აღმოსავლეთ საქართველო, სამხრეთ ოსეთიდან შექმნეს ადმინისტრაციული ერთეული, შემდეგ კი ბოლშევიკებმა მისგან შექმნეს ავტონომია.

მათ შორის ქართველი ბოლშევიკების ნაწილიც კი ეწინააღმდეგებოდა, რომ ცხინვალი გამხდარიყო ავტონომიური ერთეულის დედაქალაქი, რადგან ცხინვალში არ ცხოვრობდა ოსური მოსახლეობა. ასევე სრულიად აბსურდულია ისეთი წარმოდგენა ქართულ-აფხაზური ურთიერთობისა, როგორც ეს რუსეთს სურს და, რასაკვირველია, ამას საქართველომ უნდა უპასუხოს.

  • თქვენ თქვით, რომ რუსეთთან ვაგებთ საინფორმაციო ომს, რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის დასაძლევად?

იგივე ფრანკფურტის ბაზრობაზეც კი, სადაც უამრავი წიგნი იყო წარმოდგენილი, არ იყო სათანადოდ წარმოდგენილი საქმიანი წიგნები, სადაც საქართველოს ისტორია ისე იქნებოდა მოყოლილი, როგორც ამას ჩვენ ვხედავთ და როგორც გვინდა, რომ დაინახოს უცხოელმაც.

გარდა ამისა, თუ თვალს გადავავლებთ, უბრალოდ, ვიკიპედიას და მას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, რადგან ბევრი ადამიანი კითხულობს მას, მათ შორის უამრავი უცხოელი, რომელიც საქართველოში  ჩამოდის, ძალიან სუსტადაა წარმოდგენილი ჩვენი ისტორია.

იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას ადგილობრივი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ ტროლების ფაბრიკა ჰქონდეს, სჯობდა იმაზე ემუშავა, რომ ვიკიპედიაში ინგლისურად, რუსულად და სხვა ენებზეც სწორად იწერებოდეს საქართველოს შესახებ.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე ჰქონდეს ასეთ თემებზე პატარ-პატარა სტატიები, რომელსაც ასევე უცხოელები გაეცნობიან  და ეცოდინებათ, ვთქვათ, როგორია, სულ ცოტა, ქართული ხედვა ამა თუ იმ პრობლემის, ამაზე ინფორმაცია ძალიან მწირია.

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რუსი ტურისტი შემოდის, საზღვარზე მაინც ვაძლევდეთ ვიზას. ამავე დროს უნდა მივცეთ რუს ტურისტებს საინფორმაციო ფურცელი, რომელსაც ისინი გაეცნობიან, როგორია საქართველოს ხედვა თუნდაც ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თუნდაც იმავე რუსისთვის, რომ იცოდეს, რა ქვეყანაში ჩამოდის და ის ზღაპარი, რასაც მათი პრეზიდენტი ყვება, ასე არ არის დანახული სხვაგან.

ასევე, ამ საინფორმაციო ფურცელში კონკრეტულად უნდა ეწეროს, რომ ყოველგვარი რუსული, ჩრდილოოსური დროშების, გეორგიევსკის ლენტების ფრიალი აკრძალულია საქართველოში, რომ შემდეგ არ გაუკვირდეს, როცა მასთან მივა პატრული და ჩამოართმევს. პატრულს უნდა ჰქონდეს პირდაპირი დავალება ამაზე, რომ ეს არ იყოს ვიღაცების შეხლა-შემოხლის საბაბი. ისევე როგორც რუსული მუსიკის ჯღავილი უნდა რეგულირდებოდეს მანქანებიდან ღამის 2-3 საათზე და ამაზეც პატრულმა უნდა მიიღოს პირდაპირი დავალება.

ასევე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ გვინდა ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარება, ქართული ეკონომიკა, ტურიზმი არ შეიძლება იყოს მიბმული რუსეთზე, რადგან რუსეთის მხრიდან ყოველთვის მოხდება მისი ინსტრუმენტალიზაცია, როცა მოუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი