ახალი ამბებიკომენტარი

საქართველომ პიკი გადაიარა – რა ხდება შემდეგ?

10 მაისი, 2020 • 4301
საქართველომ პიკი გადაიარა – რა ხდება შემდეგ?

Covid-19-ის ეპიდემიის პიკის მიღწევაზე რამდენიმე კვირიანი საუბრების შემდეგ, საქართველომ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. დაიმორჩილა ქვეყანამ ეპიდემია? რას შეიძლება ველოდეთ მომავალი თვეებისგან?

ავტორი: ლორენც ჰილფიკერი

სააღდგომო დღესასწაულმა ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გარეშე ჩაიარა. გასულ კვირაში მანქანებით გადაადგილებაზე აკრძალვის მოხსნა, ცხოვრების ნორმალიზებისკენ მიმართულ მთავრობის 3-თვიანი გეგმის პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, იზოლაციის ზომებს თან გარკვეული გადაღლილობა მოჰყვა, და ბოლო დროს მომხდარმა ფერმერთა საპროტესტო გამოსვლებმა აჩვენა, რომ საგანგებო ღონისძიებებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი მრავალი ქართველისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს.

დროა, უფრო ახლოდან დავაკვირდეთ ამჟამინდელ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. ქვემოთ მოცემულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დაფიქსირებული გასულ 2.5 თვეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა:

პირველად დაფიქსირებული შიდა გადაცემიდან (27 მარტი) აღდგომის კვირამდე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა, ყოველ 10.5 დღეში გაორმაგებით, ზედმიწევნით მიჰყვებოდა ექსპონენციურ ტენდენციას. თუკი ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე დარჩებოდა, შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა ამ დროისათვის 1400-ს გადააჭარბებდა, ჩვენ კი დღეში 50-დან 100 ახალ შემთხვევას დავითვლიდით.

ამის ნაცვლად, როგორც ქვემოთ სვეტოვანი დიაგრამა აჩვენებს, აღდგომიდან (19 აპრილი) მოყოლებული, საკმაოდ ადრე, სანამ რაოდენობა კრიტიკულ მაჩვენებელს მიაღწევდა, ყოველდღიურად დადასტურებულმა ახალმა შემთხვევებმა კლება დაიწყო. ამ საზომით, როგორც ჩანს, საქართველომ ორი კვირის წინ მართლაც დაძლია პიკი.

ჯანდაცვის სისტემის გადმოსახედიდან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამჟამად ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა (წითელი არე ზედა დიაგრამაში). მათმა რაოდენობამ ახლახანს, კვირის დასაწყისში მიაღწია პიკს, ვინაიდან გამოჯანრთელებულთა რაოდენობა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, გარკვეული დროით უკან იტოვებს ახალი ინფიცირების შემთხვევებს.

იმედის მომცემი ციფრების მიუხედავად, საერთაშორისო სიტუაციას თვალს თუ გადავავლებთ, დავინახავთ, რომ მაისში შემთხვევათა რაოდენობის შემცირება გარდაუვალ შედეგს არ წარმოადგენს: რამდენიმე ქვეყანას, ხანმოკლე, დროებითი პაუზის შემდგომ, ინფიცირებულთა მეორე, უფრო მძიმე ტალღამ გადაუარა. მათ შორისაა სინგაპური და იაპონია, ამავდროულად კი, სომხეთიც, როგორც ჩანს, აღნიშნულ სცენარს მიჰყვება.

დიაგრამაში მოცემული სწორი ხაზი ასახავს ექსპონენციურ ზრდას ვირუსის გადაცემის ფიქსირებული ტემპით. რაც უფრო მკვეთრია ხაზის დახრილობა, მით უფრო სწრაფია ვირუსის გავრცელება. 5 წყვეტილიანი ხაზი აღნიშნავს ექსპონენციურ ზრდას, რომლებშიც შემთხვევები ორმაგდება ყოველდღიურად, ყოველ სამ დღეში, ყოველ შვიდ დღეში, ყოველ 14 დღეში ან ყოველ 30 დღეში. [მონაცემები აღებულია: John Hopkins University CSSE]

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობის ტრაექტორია შესამჩნევად გაბრტყელდა, ის მაინც უფრო მაღალია, იმ ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ახლა იწყებენ იზოლაციიდან გამოსვლას: იქნება ეს იტალია, გერმანია, ნორგვეგია თუ შვეიცარია. გამონაკლისს წარმოადგენს შვედეთი, რომელმაც სცადა, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, სიტუაციის ნაკლებად მკაცრი შეზღუდვებით წარმართვა. აქ შემთხვევათა რაოდენობა რამდენადმე სწრაფი ტემპით აგრძელებს ზრდას, ვიდრე სადმე სხვაგან კონტინეტზე.

მოდით, ყოველდღიურად დადასტურებულ ახალ შემთხვევებს დავაკვირდეთ, სადაც საქართველოს მრუდი უკვე თითქმის ჰორიზონტალურია:

ზოგიერთი ქვეყანა (იტალია, გერმანია, შვეიცარია, თურქეთი, ესტონეთი) ახალ შემთხვევათა ხანგრძლივი და ნელი შემცირების ფაზაში შევიდა, მაშინ როცა, სხვაგან ეპიდემია ჯერ კიდევ ზრდის ეტაპზეა (ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი). ზოგიერთმა მოახერხა გავრცელების ძალიან სწრაფი შეკავება (სამხრეთ კორეა, ტაივანი, გარკვეულწილად ჩინეთიც), როცა სხვები ჯერ კიდევ ხანგრძლივ და გაჭიანურებულ პიკში არიან (მაგალითისთვის, აშშ და შვედეთი).

ხაზგასასმელია, რომ ყველა დიაგრამა დაფიქსირებულ შემთხვევებს ეყრდნობა. ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ბევრ ქვეყანაში ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ამდენად, ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობაში არ უნდა აგვერიოს. მიუხედავად ამისა, სანამ შემთხვევათა დაფიქსირების პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილება არ შეინიშნება ან/და სანამ ტესტების მარაგი არ ამოწურულა, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ტრაექტორია ეპიდემიის საკუთარ, ზოგად ტენდენციას სათანადოდ ასახავს.

და რა ხდება ახლა? დაგეგმარების პერიოდი

თუ საქართველოში ახლად დაინფიცირებულთა რაოდენობამ შემცირება ნამდვილად დაიწყო, რამდენ ხანს უნდა შეინარჩუნონ მოთმინება მოქალაქებმა და ბიზნესმა, სანამ მათ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში დაწყების შესაძლებლობა მიეცემათ?

ქვემოთ მოცემულია ორი შესაძლო სცენარი:

1) მთავრობა გადაწყვეტს ქვეყნის საზღვრებს შიგნით დაავადების სრულ აღმოფხვრას. ეს მოითხოვს მკაცრი ზომების გაგრძელებას სანამ ახალ შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ნულს არ გაუტოლდება. წარმატების შემთხვევაში, ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს საერთაშორისო მგზავრობის მინიმალიზაციის ფონზე და უაღრესად მკაცრი სასაზღვრო კონტროლის პირობებში ვირუსის ხელახლა შემოტანის თავიდან ასაცილებლად.

2) ეპიდემია შეკავებული იქნება მანამ, სანამ ეპიდემიის დონე მისი მუდმივად მართვის საშუალებას არ მოგვცემს (რაც უნდა განისაზღვროს ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ). მოგვიანებით, ნორმალურ ცხოვრებასა და სოციალურ დისტანცირებას შორის ის ბალანსი უნდა იქნეს ნაპოვნი, რომელიც საშუალებას მისცემს ეპიდემიას განაგრძოს არსებობა აღნიშნულ დონეზე, ზრდის გარეშე.

აღმოსავლეთ აზიის ქვეყანათა უმრავლესობაში, მათ შორის, ახალ ზელანდიაში, მთავრობებმა პირველ გზას დაუჭირეს მხარი. ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში, ეს სცენარი მაინც, ეპიდემიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, დიდ დროსა და დანახარჯებს მოითხოვს. ჯანდაცვის უამრავი ექსპერტი პირველ ალტერნატივას უჭერს მხარს, ამავდროულად კი, ბიზნესის მხარდამჭერები აქტიურად მოითხოვენ მეორე მიდგომის გატარებას.

მაგალითისთვის, გერმანიის მთავრობამ მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად 15 აპრილს უპირატესობა შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებას, და ამგვარად, მეორე სტრატეგიას მიანიჭა. ამით, ის ქვეყნის უდიდესი სამეცნიერო ორგანიზაციის – ჰელმჰოლცის კვლევითი ასოციაციის მკაფიოდ ფორმულირებული რჩევის წინააღმდეგ წავიდა.

სომხეთის მთავრობამ ახლახანს პანდემიის აღკვეთის სტრატეგიიდან მისი შეკავების სტრატეგიაზე გადასვლა გამოაცხადა.

თუ საქართველოც მეორე სტრატეგიას ამჯობინებს, უფრო და უფრო მეტი საუბარი დაეთმობა გამრავლების რაოდენობას R-ს. ეს გახლავთ იმ ადამიანთა საშუალო რაოდენობა, რომელსაც ინფიცირებული პირი დაავადებას გადასდებს.

ახალი კორონავირუსისთვის, სოციალური დისტანცირების ნორმების შემოღებამდე, R უმეტეს ქვეყანაში დაახლოებით 3-ს უდრიდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, Covid-19-ით დაავადებული ერთი ადამიანი გამოჯანმრთელებამდე ვირუსს, ჩვეულებრივ, 3 სხვა ადამიანს გადასდებდა.

იზოლირების ღონისძიებების გატარების მიზანი R-ის 1-ს ქვემოთ ჩამოყვანა იყო. თუ R 1-ზე მცირეა, ვირუსი ვერ იპოვის გამრავლებისთვის საკმარის მასპინძელს, და საბოლოოდ, ეპიდემია ჩაცხრება. ახალ შემთხვევათა შემცირება, მიუთითებს იმაზე, რომ, როგორც ჩანს, R 1-ს ქვემოთ ჩამოვიდა.

როცა R უდრის 1-ს, ეპიდემია არც იზრდება და არც მცირდება. ამდენად, მეორე სტრატეგიის არჩევა R-ის თითქმის ერთამდე შენარჩუნების ტოლფასია. ეს მოითხოვს გასატარებელი ზომების ზედმიწევნით რეგულირებას, რაც ბევრი მთავრობისთვის მომავალი თვეების მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ზედმეტად მკაცრი იზოლირების პირობებით ჩინეთმა R-ის მინიმალურ სიდიდეებს მიაღწია – ის 0-სა და 0.4-ს შორისაა ქალაქების უმრავლესობაში. ამის საპირისპიროდ, ევროპის ქვეყანათა უმეტესობაში R-ის სიდიდე 0.5-სა და 1-ს შორისაა. აღნიშნული საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სავალალო შედეგების გარეშე შეზღუდვების შემსუბუქებისთვის მცირე მოქმედების თავისუფლება ნამდვილად გვაქვს. თუმცა, აუცილებელია მდგომარეობა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.

აღნიშნული, კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე კითხვას ბადებს:

პირველი, რა სიდიდეს მიაღწია R-მა იზოლირების პირობებში? მეორე, მთავრობის მრავალ ღონისძიებათაგან, რომელი იყო ყველაზე ეფექტური დაავადების გადაცემის დონის შესამცირებლად, და რომელი მათგანი იყო ფუჭი ან საერთოდ შეუსაბამო?

სხვადასხვა ქვეყანათა შედარება (მაგალითად, სამხრეთ კორეა ჩინეთთან მიმართებით) გვაჩვენებს, რომ სრულიად სხვადასხვა მიდგომებმა შესაძლოა სრულიად მსგავს შედეგებამდე მიგვიყვანოს. უდავოდ, ხელსაყრელი იქნებოდა იმ მინიმალური აგრესიული ზომების განსაზღვრა, რომლებიც საკმარისად მძლავრია R-ის 1-თან ახლოს შესანარჩუნებლად. მოქალაქეთა უმეტესობის პირადი თავისუფლება და ეკონომიკური კეთილდღეობა ამ წლის მანძილზე (და შესაძლოა მას მერეც) შესაძლოა დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ მთელს მსოფლიოში, რამდენად კარგად მოახერხებს მთავრობები და სამეცნიერო საზოგადოება პრობლემასთან გამკლავებას.

მხოლოდ დრო გვიჩვენებს, შეუძლია თუ არა საქართველოს გართულებების გარეშე ამჟამინდელი წარმატებული, თუმცა ძალიან მკაცრი მიდგომიდან, უფრო მსუბუქ, ნაკლები გვერდითი მოვლენების მქონე სტრატეგიაზე გადასვლა. ინფიცირების პიკმა შესაძლოა უკვე ჩაიარა, თუმცა, ყველაზე რთული გამოწვევა ჯერ კიდევ წინ არის.

ღია მონაცემების საჭიროება

ზოგიერთ ქვეყანაში, R-ის განვითარებასთან დაკავშირებული უახლესი მონაცემები კორონავირუს შესახებ ახალი ამბების რეგულარული ნაწილი გახდა. გერმანიაში, რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებებზე მომუშავე სტატისტიკოსები R-ის ზომას ყოველდღიურად აქვეყნებენ. ასე იქცევა, მათ გარდა, ქვეყანაში არსებული კიდევ ორი კვლევითი ინსტიტუტი.

ამის საპირისიპიროდ, საქართველოში არსებული საჯარო მონაცემებით საგანგებო მდგომარეობის პერიოდში R-ის განვითარების ზუსტი შეფასება თითქმის შეუძლებელია.

შედარებით მცირე შერჩევის მოცულობა, მაგალითად, საქართველოში Covid-19-ით დაინფიცირებული 600 პაციენტი, სრულებით არ წარმოადგენს დამაბრკოლებელი გარემოებას R-ის თანდათან განვითარების სათანადოდ, ზუსტად გამოსათვლელად. ციურიხის ფედერალური ტექნიკური ინსტიტუტის სტატისტიკოსებმა გამოიანგარიშეს R შვეიცარიის რეგიონებისთვის, რომელთაგან უმეტესობის შერჩევის მოცულობა შეგვიძლია საქართველოსას შევადაროთ. იგივე შეიძლება ითქვას ზემოთ აღნიშნული ჩინეთის ქალაქების კვლევაზე.

დაბრკოლებას იმდენად მონაცემთა რაოდენობა არ წარმოადგენს, რამდენადაც მისი ხარისხი. სტატისტიკური პროცედურები R-ის ზუსტად გამოსაანგარიშებლად მოითხოვს მონაცემებს, რომლებიც მოიცავს, სხვა მონაცემებთან ერთად, დეტალურ ინფორმაციას სიმპტომების გამოვლენასა და მის დაფიქსირებას შორის არსებული დროის მონაკვეთზე, და (თუ ცნობილია) ინფიცირების სავარაუდო თარიღს. მონაცემები სხვადასხვა პაციენტებს შორის არსებულ ეპიდემიოლოგიურ კავშირებთან დაკავშირებით განსაკუთრებით გამოსადეგი გამოდგა ჰონგ-კონგის კვლევაში.

საქართველოში შემთხვევათა დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაცულია მთელს მსოფლიოში Covid-19-ით დაავადებული პაციენტების მონაცემებთა ერთ-ერთი ყველაზე დეტალური და სრული კოლექცია, მათ შორის, უამრავი ზუსტი მონაცემი შემთხვევათა შორის ეპიდემიოლოგიურ კავშირებზე.

მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია პაციენტთა მგრძნობიარე პერსონალური მონაცემების დაცვა, მაინც, ღირს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განიხილოს პაციენტთა მონაცემთა ბაზების გაანონიმებური და დაშტრიხული სახით გასაჯაროება. ღია მონაცემების ეპოქაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისეთ საყოველთაო მოვლენას ეხება, როგორიც კორონავირუსია, უამრავი კვლევითი ინსტიტუტი და ათასობით ნიჭიერი მონაცემთა მეცნიერი თუ სტატისტიკოსი, მზადაა გაუმკლავდეს ამ გამოწვევას და დაგვეხმაროს ჩვენ, ყველას, უკვე არსებული მონაცემების საფუძველზე, კორონავირუსზე რაც შეიძლება ზუსტი წარმოდგენის შექმნაში.


სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ბლოგზე: Covidingeorgia.com-ზე. ავტორი ლორენც ჰილფიკერი ამჟამად თბილისში იმყოფება და მონაცემების გამოყენებით ქმნის მასალებს საქართველოში covid-19-ის შესახებ. ის არის ფიზიკა-მათემატის მეცნიერებების დოქტორი, სამეცნიერო ხარისხი მიღებული აქვს ჰამბურგის უნივერსიტეტში.

ტექსტი თარგმნილია ინგლისურიდან სალომე ჩხაიძის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი