ახალი ამბებიკომენტარი

არ არსებობს კოლექტიური დანაშაული – გია ნოდია რუსეთის მოქალაქეების შესაძლო მიგრაციაზე

4 მარტი, 2022 • 2579
არ არსებობს კოლექტიური დანაშაული – გია ნოდია რუსეთის მოქალაქეების შესაძლო მიგრაციაზე

პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმაურება დისკუსიას, რომელიც ეხება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო მიგრაციას.


პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემა რთულია. რთულია არა მხოლოდ იმ აზრით, რომ ამ ხალხის დიდ ნაწილს ჩვენთვის მიუღებელი ღირებულებები აქვს და მათი აქ ყოფნა შეიძლება ჩვენთვის საზიანო იყოს (ნამდვილად), არამედ იმ აზრითაც, რომ გადაწყვეტილების მიღებაა რთული: როგორი პოლიტიკაა სწორი.

ყველა შემოუშვა? არ ვარგა. არავინ არ შემოუშვა? არ ვარგა. არანაირად არ ვაჩვენოთ აქ ჩამოსულ რუსებს, რას ვფიქრობთ მათი ქვეყნის დანაშაულზე? არც ეს ვარგა. რუსს რომ დავინახავთ, „სლავა უკრაინი“ ან „პუწინ ხუილო“ ვაყვიროთ? ცოტა პრიმიტიულია, თუმცა მისაღებთან უფრო ახლოსაა. მოკლედ, ამ მხრივაც შარში ვართ. მაგრამ რაც საქმის მორალურ მხარეს ეხება, ერთი რამ სულ უნდა გვახსოვდეს:

არ არსებობს კოლექტიური დანაშაული;

არ არსებობს კოლექტიური დანაშაული;

არ არსებობს კოლექტიური დანაშაული;

როგორც კი ნაბიჯს დგამ კოლექტიური დანაშაულის აღიარებისკენ, ანუ ინდივიდს განსჯი მისი ეთნიკური კუთვნილების, მოქალაქეობის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ან სხვა ნიშნით, თუნდაც ამ წუთში ეს ემოციურად სწორი გეჩვენებოდეს, რაღაც სახის ფაშიზმისკენ დგამ ნაბიჯს. თუმცა არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა.

რუსები კოლექტიურად პასუხს აგებენ პუტინის ხელისუფლებაზე, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ ვაგებთ პასუხს ბიძინას და მისი ვეზირების მმართველობაზე. როგორ მოპყრობასაც რუსები იმსახურებენ იმის გამო, რომ პუტინი ჰყავთ, ჩვენც სხვები იქიდან გამომდინარე უნდა მოგვეპყრონ, რომ ბიძინა და მისი სასტავი გვყავს. (ვიცი, რომ განსხვავება არის და ის ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგად პრინციპს ვამბობ). ჰოდა, კიდევ: როცა „ბაბლში“ ვკამათობთ, როგორი პოლიტიკა უნდა გვქონდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა განახორციელოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი