კომენტარი

ლევან ბერძენიშვილი “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტზე

17 თებერვალი, 2023 •
ლევან ბერძენიშვილი “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტზე

ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტი, რომელიც “ხალხის ძალამ” რამდენიმე დღის წინ წარადგინა პარლამენტში,  ანტიდასავლურია და საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის რეპუტაციის შელახვას, ამ გზით კი ხელისუფლების გავლენების გაზრდას ემსახურება.

ამის შესახებ ბერძენიშვილმა “ნეტგაზეთთან” ისაუბრა.

ბერძენიშვილი განმარტავს, რომ სიტყვა “აგენტს” საქართველოში სპეციფიკური, მხოლოდ უარყოფითი მნიშვნელობა აქვს და საზოგადოებისთვის ეს სიტყვა პირდაპირ ასოცირდება ჯაშუშთან, ადამიანთან, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. შესაბამისად, მოსახლეობის თვალში შეილახება იმ ორგანიზაციების რეპუტაცია, რომელთაც მოუწევთ საკუთარი თავის “უცხოეთის გავლენის აგენტებად” იდენტიფიცირება, რაც მათ სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

“ეს არის საზოგადოებრივი ცნობიერების დაბნელების გზა. ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და არავინ დაიჯერებს [რომ ორგანიზაცია, რომელსაც ეს წარწერა ექნება, არ არის უცხოეთის აგენტი], მაგრამ ასე არ იქნება. მე როდესაც ერთხელ გამომაცხადეს აგენტად, ნახევარმა საქართველომ დაიჯერა, რომ თურმე მართლა აგენტი ვყოფილვარ.

მედიამ თავად უნდა დაიწეროს, რომ უცხოეთის აგენტია და ვინ მოუსმენს ამის შემდეგ და როგორი ავტორიტეტი ექნება, ეს უკვე მედიაზე აღარაა დამოკიდებული.

რუსეთში ასე დაიპყრეს პრესა, აკრძალეს “მემორიალი” [რუსეთში წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მთავრობამ ჯერ “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადა, შემდეგ კი აკრძალა]. ამ გზაზე მივდივართ ჩვენც. ამ კანონების მიღებით საქართველო იბნელებს თავის გზას ევროპისკენ, ხოლო მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს მათ, თავს იგდებს მახეში, რადგან მერე მათაც დაუძახებენ აგენტებს”, – მიიჩნევს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობისთვის ერთგვარი გამოცდაც იქნება:

“ამ კანონის მიღებით საქართველო თავის თავს ევროპულობას უკრძალავს. ასეთი ტიპის კანონები არ შეიძლება მიიღებოდეს ქვეყანაში, რომელიც ევროპისკენ მიიწევს და ასეთი კანონის არსებობით უკვე ნათელი ხდება, რომ ეს ქვეყანა ღრმა სიბნელეშია”, – განმარტავს ბერძენიშვილი.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს  აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა  განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი