სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) ხმის უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილება სომხეთსა და ორგანიზაციას შორის წლების განმავლობაში გაღრმავებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიიღეს. ფორმალურ საფუძვლად საწევრო შენატანების გადაუხდელობა დასახელდა, თუმცა სომეხი ექსპერტების შეფასებით, გადაწყვეტილებას უფრო პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვიდრე პრაქტიკული შედეგი.

სომხეთი ОДКБ-ს საქმიანობაში 2024 წლიდან აღარ მონაწილეობს. ერევანმა ორგანიზაციაში მონაწილეობა გაყინა და საწევრო შენატანების გადახდაც შეწყვიტა. შესაბამისად, ხმის უფლების ჩამორთმევა, ექსპერტების აზრით, არსებითად არ ცვლის არსებულ ვითარებას, თუმცა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაშორებულია სომხეთი ორგანიზაციას, რომლისგანაც უსაფრთხოების კრიზისის დროს მხარდაჭერას ელოდა.

ნეტგაზეთთან საუბარში, პოლიტიკის ექსპერტი, სომხეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი წარმომადგენელი კონსტანტინ ღაზარიანი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, სომხეთსა და ОДКБ-ს შორის პოლიტიკური გაუცხოების ფორმალური შედეგია.

„სომხეთისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) ხმის უფლების ჩამორთმევა, უპირველეს ყოვლისა, სომხეთსა და ორგანიზაციას შორის პოლიტიკური გაუცხოების ფორმალური შედეგია. ეს გაუცხოება უკვე რამდენიმე წელია გრძელდება.

ერევნის შეფასებით, ОДКБ-მ საკუთარი არაეფექტიანობა აჩვენა, განსაკუთრებით 2022 წლის სექტემბერში, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას დაესხნენ თავს და მისი ცალკეული მონაკვეთები დაიკავეს. თუმცა არც ОДКБ-ს და არც რუსეთს, რომელიც სომხეთის უსაფრთხოების სფეროში მთავარი პარტნიორი იყო, ეფექტური დახმარება არ გაუწევიათ.

ОДКБ-ს უმოქმედობის ერთ-ერთ არგუმენტად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის არარსებობა სახელდებოდა. ამასთან, ორგანიზაციის წევრი ზოგიერთი სახელმწიფო, კერძოდ, ბელარუსი, ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანის მხარდაჭერას და აღიარებდა, რომ ყარაბაღის ომის დროს მას ეხმარებოდა“, – ამბობს კონსტანტინ ღაზარიანი.

ექსპერტის განმარტებით, სწორედ ამ მოვლენების ფონზე გაყინა სომხეთმა ОДКБ-ს საქმიანობაში მონაწილეობა და საწევრო შენატანების გადახდა შეწყვიტა. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ფორმალური საფუძვლის გარდა პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.

„ორგანიზაციის გადაწყვეტილება, სომხეთს ჩამოერთვას ხმის უფლება და ორგანიზაციის სტრუქტურებში გარკვეულ თანამდებობებზე საკუთარი მოქალაქეების წარდგენის შესაძლებლობა, ფორმალურად სწორედ საწევრო შენატანების გადაუხდელობით არის განპირობებული. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს“.

ღაზარიანი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სომხეთი, მიუხედავად ურთიერთობების გაუარესებისა, ორგანიზაციის წევრად კვლავ რჩება. მისი შეფასებით, მოსკოვის ამ პოზიციას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.

„ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირდაპირ განაცხადა, რომ სომხეთის ОДКБ-დან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან ერევანს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ წარუდგენია.

ამის რამდენიმე შესაძლო ახსნა არსებობს. ერთი მხრივ, შესაძლოა, მოსკოვი დაინტერესებული იყოს სომხეთთან გარკვეული კავშირების შენარჩუნებით და მომავალში ურთიერთობების დაახლოების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდეს. მეორე მხრივ, რუსეთს შესაძლოა არ სურდეს სომხეთის ორგანიზაციიდან გასვლაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას თავად ერევანს უტოვებდეს.

ამ გადაწყვეტილების უშუალო შედეგები, როგორც სომხეთისთვის, ისე თავად ОДКБ-სა და რუსეთისთვის, სავარაუდოდ, შეზღუდული იქნება, რადგან სომხეთი ორგანიზაციის საქმიანობაში ისედაც დიდი ხანია, ფაქტობრივად, აღარ მონაწილეობს. სომხეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას ქვეყანაში არც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყოლია”.

ამასთან, როგორც ექსპერტი ამბობს, ОДКБ, რომელიც ისედაც ძირითადად რუსეთზე იყო ორიენტირებული, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად რუსეთზე ორიენტირებული გახდეს, რადგან ორგანიზაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ სომხურ მხარეს ახლა უკვე ფორმალურადაც ერთმევა გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.

“თუმცა, ეს უფრო ორგანიზაციაში უკვე ჩამოყალიბებული ვითარების ინსტიტუციურ გაფორმებას წარმოადგენს, ვიდრე მის შიგნით ძალთა ბალანსის არსებით ცვლილებას“, – ამბობს კონსტანტინ ღაზარიანი.

პოლიტიკის ექსპერტი მიკაელ ზოლიანი მიიჩნევს, რომ სომხეთში გადაწყვეტილება ირონიულად აღიქვეს. მისი თქმით, საზოგადოებაში გავრცელებული დამოკიდებულება ასეთია:

„სომხეთში ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ირონიულად აღიქვეს. ხალხი მიიჩნევს, რომ როდესაც სომხეთს დახმარება სჭირდებოდა, ОДКБ-ს ჩვენი ხმა მაშინ არავის ესმოდა, ახლა კი თურმე ხმას გვართმევენ”, – ამბობს მიკაელ ზოლიანი ნეტგაზეთთან საუბარში.

ამასთან, როგორც მიკაელ ზოლიანი განმარტავს, ამ გადაწყვეტილებით ბევრი არაფერი იცვლება.

“მით უმეტეს, სომხეთმა თავად განაცხადა, რომ ორგანიზაციაში მონაწილეობა გაყინა. ეს მეტწილად სიმბოლური ნაბიჯია, გაფრთხილება, რომ თუ ასე გაგრძელდება, უფრო სერიოზული, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. თუმცა უსაფრთხოების სფეროში რუსეთი სომხეთზე დიდი გავლენის მოხდენას ვერ შეძლებს, ეკონომიკის სფეროსგან განსხვავებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება სომხეთს დასავლეთისკენ გზას უფრო გაუხსნის“, – აცხადებს მიკაელ ზოლიანი.

რა საფუძვლით ჩამოართვეს სომხეთს ხმის უფლება

სომხეთისთვის უფლებების შეზღუდვის საკითხი 2026 წლის 10 ნოემბერს გახდა ცნობილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში, ОДКБ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრებისა და უსაფრთხოების საბჭოების მდივნების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ერევანს ორგანიზაციის საწევრო შენატანები 2024 წლიდან არ გადაუხდია და დავალიანების გამო ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლის ამოქმედება განიხილებოდა.

მეორე დღეს, 11 ნოემბერს, მოსკოვში გამართულ ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სომხეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღეს. შეზღუდვა ასევე შეეხო ორგანიზაციის სტრუქტურებში კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე სომხეთის მოქალაქეების წარდგენის უფლებას.

გადაწყვეტილება ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლს ეფუძნება. ეს მუხლი ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოსთვის ხმის უფლების ჩამორთმევასა და კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის უფლების შეჩერებას, თუ მას ორგანიზაციის ბიუჯეტის მიმართ ორწლიანი დავალიანება დაუგროვდა. შეზღუდვები ძალაში რჩება დავალიანების სრულად დაფარვამდე. შესაბამისად, საუბარია გარკვეული უფლებების შეჩერებაზე და არა ორგანიზაციიდან სომხეთის გარიცხვაზე.

სომხეთმა ОДКБ-ს საქმიანობაში მონაწილეობა 2024 წლის თებერვალში გაყინა. ამის მიზეზად ერევანი ორგანიზაციის უმოქმედობას ასახელებდა, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების დროს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ გააკრიტიკა ОДКБ და განაცხადა, რომ ორგანიზაციამ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

2026 წლის 5 ნოემბერს ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლების ინტერესი ОДКБ-ს მიმართ ამოწურულია. მანამდე კი არაერთხელ უთქვამს, რომ ქვეყანა ორგანიზაციაში აქტიური მონაწილეობის აღდგენას არ აპირებდა.

მიუხედავად ამისა, სომხეთი ორგანიზაციის წევრად რჩება. 10 ნოემბერს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ერევანს ОДКБ-დან გასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ წარუდგენია და მისი გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მისი განმარტებით, უფლებების შეზღუდვის შემთხვევაშიც კი სომხეთს შეუნარჩუნდებოდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი უფლებები, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების უფლება.

ОДКБ-ს გენერალურმა მდივანმა ტაალატბეკ მასადიკოვმა 12 ნოემბერსაც დაადასტურა, რომ სომხეთის გარიცხვის საკითხი არ განხილულა. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სომხეთს ორგანიზაციისთვის საწევრო შენატანები არ გადაუხდია და არც საკუთარი წარმომადგენლები გაუგზავნია ОДКБ-ს სამდივნოსა და გაერთიანებულ შტაბში. გენერალური მდივნის განმარტებით, დავალიანების დაფარვის შემთხვევაში სომხეთს ორგანიზაციაში სრულფასოვანი მონაწილეობის აღდგენა შეეძლება.