კომენტარი

ზელენსკი საქართველოს მთავრობას სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას სთხოვს

20 დეკემბერი, 2022 • 1857
ზელენსკი საქართველოს მთავრობას სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას სთხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს საქართველოს მთავრობას და მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ომის პირობებში უკრაინელებს ეხმარება. შემდეგ კი თქვა:

„მინდა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარსა და უბრალოდ კეთილსინდისიერ, საღად მოაზროვნე ადამიანს საქართველოში. ალბათ, ყველა ხედავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობას. შესაბამისად, მე ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლებას – ახლა აუცილებელია ლმობიერების გამოჩენა, განსაკუთრებით შობას.

რაც ახლა ხდება მიხეილ სააკაშვილის თავს, ეს სისასტიკეა. ეს არ ასახავს საქართველოს. ეს უნდა შეწყდეს. გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება და გადაარჩინეთ მისი სიცოცხლე, გადმოიყვანეთ ის ან უკრაინის რომელიმე კლინიკაში, სხვა ევროპულ ქვეყანაში, აშშ-ში. ახლა დროა, ეს კეთილი ნაბიჯი გადადგათ“ ,- აცხადებს ზელენსკი.


პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვივამედის კლინიკაში მიმდინარე წლის მაისში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მეოთხე დღეა, ენმ-ის წარმომადგენელ დეპუტატთა ნაწილი პარლამენტში შიმშილობს.

ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. (კახექსია — ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება)

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

დეპუტატების მიერ შიმშილობის დაწყებამდე, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის კადრები, რომლებიც კლინიკა “ვივამედში” სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული.

პენიტენციური სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელებას და ამბობს, რომ კადრები “სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს” ასახავს.

სახალხო დამცველის შეფასებით, ხსენებული კადრები სიმულაციების მტკიცებულებას არ შეიცავს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე შესწავლა დაიწყო.

ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე:

ჰააგამ გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს – სააკაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი