საზოგადოება

დაუდგენელი ცხელება, ანორექსია, კუნთებისა და სახსრების ტკივილი — „ემპათიის“ დასკვნა სააკაშვილზე

1 დეკემბერი, 2022 • 1698
დაუდგენელი ცხელება, ანორექსია, კუნთებისა და სახსრების ტკივილი — „ემპათიის“ დასკვნა სააკაშვილზე

ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყენებს, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელია მის პატიმრობასთან.

„ემპათიის“ ცნობით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა შედგება 194 გვერდისა და 22 დანართისგან. დოკუმენტი მოამზადა ცენტრის სასამართლო საექსპერტო კომისიამ, რომელშიც „ემპათიის“ თქმით, შედიოდნენ ასევე საერთაშორისო ექსპერტები. ორგანიზაცია ამ ეტაპზე ძირითად დიაგნოზებს არ ასაჯაროებს.

ცენტრი „ემპათია“ და საერთაშორისო ექსპერტების საექსპერტო კომისია კლინიკური და პარალინიკური კვლევების, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ:

  • ამგვარად, დაპატიმრების წინ (2021 წლის 01 ოქტომბერი) პაციენტი იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი, აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, სიტუაციურად იღებდა სიმპტომურ პრეპარატებს; ასევე, შფოთვით-დეპრესიული მდგომარეობის გამო, რაც განუვითარდა პოსტკოვიდურ პერიოდში (2020 – 2021) იღებდა გარკვეულ პრეპარატებს მცირე დოზებით, პერიოდული წყვეტით; აღნიშნული მკურნალობის ფონზე თავს გრძნობდა კარგად, სოციალური ფუნქციონირების დარღვევას ადგილი აქ ჰქონდა. იკვებებოდა სრულფასოვნად. რაიმე სახის ნევროლოგიური დარღვევა არ ჰქონდა.
  • ამჟამად გამოსაკვლევ პირს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზების (ნეირო – ფსიქიკური, გასტრო – ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები – ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.
  • ამრიგად, მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე, პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიგვაჩნია ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება; აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიული ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.
  • გამოსაკვლევი პირი საქართველოს ციხეთა სისტემაში დაექვემდებარა შესაძლო წამებასა და არასათანადო მოპყრობას, ასევე, არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა; 2021 წლის 8 ნოემბერს N12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 – ში გადაყვანისას, ძალით შეყვანისას N18 დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა პატიმრების მხრიდან ხმაურს – ყვირილს, ძალის გამოყენებით პატიმრის გადმოთრევას რეანიმობილიდან. N18 დაწესებულებაში მას არ ჰქონდა 11 დღის განმავლობაში ძილის შესაძლებლობა, შუქის ჩაქრობისა და ტელევიზორის გამორთვის შემთხვევაში იწყებოდა საშინელი ლანძღვა- გინება პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძილის დეპრივაციას; შიმშილობის ფონზე, ასევე შიმშილობის შედეგად განვითარებული ვერნიკეს ენცეფალოპათიის ფონზე, მოწყვლად მდგომარეობაში, სახელდახელოდ მოწყობილ ინტენსიურ პალატაში იგი იმყოფებოდა მარტო, დაძახილზე არ რეაგირებდნენ, კვლავ ისმოდა მისი მისამართით პატიმრების ყვირილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ამ მდგომარეობაში გამოსაკვლევ პირი იმყოფებოდა სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ (19/11/2021).
  • აღნიშნული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად (ფიზიკური ტრავმატიზაციის შედეგად) დიდი ალბათობით, მან მიიღო ხერხემლის ტრავმული დაზიანება, ასევე განუვითარდა მძიმე ფორმის ტრავმული სტრესული აშლილობა, შიმშილობისა და თავის ტვინის ორგანული დაზიანებისა და დისფუნქციის ფონზე. აღნიშნული დაზიანება საქართველოში მოქმედი, სამწუხაროდ, სსრკ – ის დროინდელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის სასამართლო – სამედიცინო განსაზღვრის მოქმედი წესის თანახმად, ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის დაზიანება, თუმცა, ერთობლიობაში აღებული ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმებისა და შედეგების გათვალისწინებით – ფასდება, როგორც მძიმე ხარისხის დაზიანება.
  • ამგვარად, მთელი ტრავმული სტრესული გამოცდილება ციხეთა სისტემაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომპონენტებით, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ფასდება, როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის გამომწვევი და, შესაბამისად, როგორც წამება. Z 65.4. – წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.
  • წარმოდგენილი დიაგნოზების თანახმად (ფსიქო – ნევროლოგიური მიმართულებით) მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი; ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 01 – 6/ნ (2013 წლის 15 თებერვალი), ცვლილებების შესახებ ბრძანება N01 – 55/ნ (2017 წლის 30 აგვისტოს) – ის მიხედვით არის გათავისუფლების საფუძველი, ხოლო გასტრო – ენტეროლოგიური და ნუტრიციული მიმართულებით, ფასდება როგორც მძიმე კახექსიის რისკის შემცველი.

ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს ინვაზიურ/აგრესიული ხასიათის დიაგნოსტიკურ-სამკურნალო თუ სარეაბილიტაციო პროცედურებს. მათ შორის, მრავალჯერად ბიოფსიებს. გარდა ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ასევე ნევროლოგებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტების კონსულტაციები – მათ შორის, ნეირო-კოგნიტური აშლილობის მიმართულებით.

„გამოსაკვლევი პირი/პაციენტი საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ კვლევებს ინფექციურ – ინტოქსიკაციური გენეზის ან/და ნეირო – დეგენერაციული პროცესის/დაავადების, დისმეტაბოლური პროცესის, დაზუსტების ან გამორიცხვის მიზნით –Z13.8: Special screening examination for other specified diseases and disorders (სპეციალური სკრინინგი/გამოკვლევა სხვა სპეციფიკურ დაავადებებზე და აშლილობებზე (მათ შორის, მომწამლავ აგენტებზე კვლევა).

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს პატიმრობიდან გათავისუფლებას და გადაუდებლად დიაგნოსტიკა – მკურნალობის მიზნით გადაყვანას აშშ -ის ან/და ევროკავშირის მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში“, – ნათქვამია „ემპათიის“ განცხადებაში.

სრულად „ემპათიის“ განცხადება წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ფოტოზე: მიხეილ სააკაშვილი გასული წლის ნოემბერში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი