საზოგადოება

პენიტენციურმა სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა

14 დეკემბერი, 2022 • 11318
პენიტენციურმა სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები და განცხადება გაავრცელა.

სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.“

სამსახური ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.

ვიდეო, რომელიც პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდით გავრცელდა, 10 წუთზე მეტხანს გრძელდება და სხვადასხვა პერიოდის კადრებს აერთიანებს.

ვიდეოს მსვლელობისას რიგ შემთხვევებში მოჩანს ჩანაწერის გაკეთების თარიღი, ზოგ შემთხვევაში კი ეს არ იკითხება.

გავრცელებულ ვიდეოში ბოლო კადრი 12 დეკემბრითა დათარიღებული, სადაც ჩანს სააკაშვილის ყავარჯნით გადაადგილება.

კადრების გამოქვეყნებამდე იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებდა, რომ „თუ სააკაშვილის მხრიდან არ შეწყდებოდა სიმულაციური ქმედებები, კადრები გასაჯაროვდებოდა“.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებას ითხოვენ, თუმცა პატიმარს 14 დეკემბრის სხდომაზე ამის საშუალება არ მიეცა. მიზეზად ტექნიკური საშუალებების უქონლობა დასახელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი