სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების მიმართ ლეგიტიმური მიზნის არსებობა, მათ შორის საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილება, ისევე როგორც ამ გადაწყვეტილების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება.
„ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროებისას მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა საჯარო ინტერესსა და პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებს შორის“, — ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის თანახმად, პენიტენციური სამსახურის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი საჯარო განმარტების გათვალისწინებით, კადრების გასაჯაროება არ შეიძლება იქნეს მიჩნეული პროპორციულად და ადეკვატურად მთელ რიგ გარემოებათა გამო.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, წინა პერიოდთან შედარებით, გაღრმავებულია ენცეფალოპათია, სენსორიმოტორული ნეიროპათია, ანემია, ასევე დაემატა ახლად აღმოჩენილი ავტონომიური ნეიროპათია წნევის მნიშვნელოვანი ვარდნით ადგომისას. განვითარებულია ექსპერტთა ჯგუფის მიერ არაერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და შეფასების მომენტისთვის, პაციენტი იმყოფებოდა აქტიური კატაბოლიზმის (ე.წ. ორგანიზმის თვითმონელება) ფაზაში, რასაც ადასტურებს განსაკუთრებით ოქტომბრიდან ძალიან აჩქარებული წონის კლება.
2022 წლის 6 დეკემბრის ექსპერტთა დასკვნა შეიცავს დამატებით დიაგნოზს, რომელიც არ გასაჯაროებულა მისი სენსიტიური ხასიათიდან გამომდინარე (აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს). ექსპერტთა ჯგუფმა 2022 წლის 6 დეკემბერს პაციენტის საერთო მდგომარეობა შეაფასა როგორც მძიმე.
„2022 წლის 14 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრებით ეჭვქვეშ არის დაყენებული პაციენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზების ნამდვილობა. აღნიშნული მსჯელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო შეფასებას. გასათვალისწინებელია, რომ პაციენტის აგრესიული ქმედება იდენტიფიცირებული დიაგნოზების ერთ-ერთ შესაძლო დამახასიათებელ ქცევად მიიჩნევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება. სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს პატიმარ პაციენტს, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს და არ გამოიყენოს პატიმრის სამედიცინო ჩვენება მის საწინააღმდეგოდ“, — აცხადებს ომბუდსმენის ოფისი.
სახალხო დამცველის ოფისი აღსანიშნავს იმასაც, რომ მითითებული თარიღების მიხედვით, ჩანაწერების უმრავლესობა 2022 წლის ოქტომბრის დასაწყისში ან წინა პერიოდში არის გადაღებული. სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, პატიმრის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა სწორედ ოქტომბერ-ნოემბერში. პაციენტის მკურნალი ექიმების გადმოცემით, 2022 წლის 4 ოქტომბერი (ვიდეოჩანაწერების დიდი ნაწილის თარიღი) არის ის დღე, როდესაც გასვლითი სასამართლო პროცესის გამართვის მცდელობა იყო მიხეილ სააკაშვილის პალატაში, რასაც მისი განსაკუთრებული ემოციური რეაქცია მოჰყვა და სამედიცინო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო.
„ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი 6 დეკემბრის მდგომარეობით გაცილებით დასუსტებულია და ამასვე ადასტურებს ვიდეოჩანაწერების ბოლო მონაკვეთი. შესაბამისად, გასული პერიოდის კადრების გასაჯაროებით პატიმრის ამჟამინდელი მდგომარეობის მიმართ არსებული საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება ვერ მოხდებოდა. ამავე დროს გავრცელებული კადრები არ შეიცავს რამე მკაფიო მტკიცებულებას პაციენტის მხრიდან სიმულირების თაობაზე, ხოლო პატიმრის ამჟამინდელი მდგომარეობა, როგორც უკვე აღინიშნა, არ გამორიცხავს შესაძლო აგრესიულ ქცევას“, — ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, ამ ეტაპზე აუცილებელია ადეკვატური სამედიცინო და სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, რომელიც პაციენტის რეალურ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული და სრულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.
სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში წარმართოს სამსახურის მიერ აღნიშნულ შემთხვევაზე დაწყებული შესწავლა და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
14 დეკემბრის საღამოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები და განცხადება გაავრცელა.
სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.“
სამსახური ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.
ვიდეო, რომელიც პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდით გავრცელდა, 10 წუთზე მეტხანს გრძელდება და სხვადასხვა პერიოდის კადრებს აერთიანებს.
ვიდეოს მსვლელობისას რიგ შემთხვევებში მოჩანს ჩანაწერის გაკეთების თარიღი, ზოგ შემთხვევაში კი ეს არ იკითხება.
გავრცელებულ ვიდეოში ბოლო კადრი 12 დეკემბრითა დათარიღებული, სადაც ჩანს სააკაშვილის ყავარჯნით გადაადგილება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებას ითხოვენ, თუმცა პატიმარს 14 დეკემბრის სხდომაზე ამის საშუალება არ მიეცა. მიზეზად ტექნიკური საშუალებების უქონლობა დასახელდა.