ახალი ამბები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე შესწავლა დაიწყო

15 დეკემბერი, 2022 • 689
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე შესწავლა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე შესწავლა დაიწყო.

სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლიან და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებენ.

14 დეკემბრის საღამოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები და განცხადება გაავრცელა.

სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.“

სამსახური ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.

ვიდეო, რომელიც პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდით გავრცელდა, 10 წუთზე მეტხანს გრძელდება და სხვადასხვა პერიოდის კადრებს აერთიანებს.

ვიდეოს მსვლელობისას რიგ შემთხვევებში მოჩანს ჩანაწერის გაკეთების თარიღი, ზოგ შემთხვევაში კი ეს არ იკითხება.

გავრცელებულ ვიდეოში ბოლო კადრი 12 დეკემბრითაა დათარიღებული, სადაც ჩანს სააკაშვილის ყავარჯნით გადაადგილება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებას ითხოვენ, თუმცა პატიმარს 14 დეკემბრის სხდომაზე ამის საშუალება არ მიეცა. მიზეზად ტექნიკური საშუალებების უქონლობა დასახელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი