საზოგადოება

სააკაშვილის პროცესი 22 დეკემბრისთვის გადაიდო

14 დეკემბერი, 2022 • 849
სააკაშვილის პროცესი 22 დეკემბრისთვის გადაიდო

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების სასამართლო სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა პროცესის 1 თვით გადავადების შუამდგომლობა დააყენა.

როგორც პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, პენიტენციურ სამსახურს 1-თვიანი ვადა სჭირდება სასამართლოში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად და პოზიციის შესამუშავებლად.

მოსამართლე გიორგი არევაძემ აღნიშნა, რომ მტკიცებულებების გაცნობას ერთი თვე არ სჭირდება, მით უმეტეს, რომ დიდი ნაწილი წაღებულია პენიტენციური სამსახურიდან და ზოგ შემთხვევაში მეორდება.  სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, თავის მხრივ, დააყენა შუამდგომლობა, დაცვის მხარეს გადაეცეს სააკაშვილის სასჯელაღსრულების სისტემაში (საავადმყოფოების ჩათვლით) ყოფნისას გაკეთებული ყველა ვიდეოჩანაწერი. ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა გონების დაკარგვის და წაქცევის რამდენიმე ეპიზოდი და მოითხოვს, ეს კადრებიც გადაეცეს დაცვის მხარეს. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გარკვეული კადრების გამოქვეყნებით იმუქრება.

მოსამართლემ შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პენიტენციურ სამსახურს დაავალა,  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, 2021-წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით სამსახურში დაცული ვიდეომასალა გადასცეს დაცვის მხარეს.  მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე მორიგი პროცესი 22 დეკემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა. სააკაშვილის დაცვის მხარე პროცესის უფრო ადრე ჩანიშვნას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, რომ  19 დეკემბერს მნიშვნელოვანი პროცესი აქვს, რომელსაც ვერ გადადებას, 21 დეკემბერს კი მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა და პროცესის ჩანიშვნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

თუ არ შეწყდება სიმულაციები, იძულებული გავხდებით, გარკვეული კადრები გავასაჯაროოთ — ბრეგაძე სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი