საქართველოს პარლამენტის დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, აბდულა ისმაილოვი, გამოაკლდა იმ თანაგუნდელთა რიგებს, რომლებიც, მეოთხე დღეა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ.
“აბსოლუტურად ყველა მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ერთადერთი, ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა, ისმაილოვი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ეს ბოლო ორი დღე და გავუშვით სახლში, იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა მისი გაჩერება”, — უთხრა მედიას დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ, რომელიც ერთ-ერთია მოშიმშილე დეპუტატებს შორის.
ჯანაშიასთან ერთად, შიმშილობას ანი წითლიძე და დავით კირკიტაძეც განაგრძობენ.
“პრინციპულად ვდგავართ იგივე პოზიციაზე. ვაგრძელებთ ჩვენს პროტესტს შიმშილობის მეოთხე დღესაც და გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ”, — დასძინა ანი წითლიძემ.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ მიმდინარე წლის მაისში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.
ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.
სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. (კახექსია — ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება)
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
დეპუტატების მიერ შიმშილობის დაწყებამდე, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის კადრები, რომლებიც კლინიკა “ვივამედში” სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული.
პენიტენციური სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელებას და ამბობს, რომ კადრები “სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს” ასახავს.
სახალხო დამცველის შეფასებით, ხსენებული კადრები სიმულაციების მტკიცებულებას არ შეიცავს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე შესწავლა დაიწყო.