კომენტარი

ჰააგამ გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს – სააკაშვილი

17 დეკემბერი, 2022 • 1241
ჰააგამ გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს – სააკაშვილი

“ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს”, – ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულების შესახებ.

“ჰააგის გამოძიება ქართველების მისამართით ხელოვნურად იქნა ინიციირებული 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.

მათ ხელახლა გახსნეს ეს საკითხი მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა პროცედურა გვქონდა მორჩენილი 2012 წელს. 2015 წელს ეს რომ გავიგე, თავზარი დამეცა.

ამის შემდეგ ხდებოდა დამუშავება ქართველი სამხედროების, რათა როგორმე გამოსულიყვნენ ჩემზე. ამის საპასუხოდ მე შევკრიბე მსოფლიოს წამყვანი იურისტების ჯგუფი ვაიამ ახავანის ხელმძღვანელობით და 2020 წელს ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ ალტერნატიული მოხსენება, რომლის არგუმენტები გაიზიარა საბოლოო ჯამში პროკურორმა. ნამდვილად, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი არ ასრულებდა რუსეთის დავალებას. ძალიან პატრიოტულად და თავდადებით იმუშავა “ოცნების” იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც თვითონ დევნილია აფხაზეთიდან.

მოკლედ, ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს. რაც შეეხება ჰააგას, დიდი მადლობა გენერალ ყურაშვილს და გოგავას და ყველა იმ სამხედროს, რომელიც არ გაიყიდა და არ მისცა საქართველოს, სამხედრო ხელმძღვანელების და ჩემს წინააღმდეგ ჩვენება, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. თქვენი ვაჟკაცობა შერჩება ისტორიას”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში.


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ განაცხადა.

პროკურორის ოფისმა 2016 წლის 27 იანვარს დაიწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი. ამას წინ უძღოდა 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული წინასწარი გამოძიების დასრულება.

გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი — 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად  2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი — აგვისტოს ომის დრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
  • დავით სანაკოევი —სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის ვიაჩესლავ ბორისოვის როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას, თუმცა ის უკვე გარდაცვლილია.

„ბრალდებები, რომელთა მიმართაც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა“, — ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.

პროკურორის თანახმად, აღნიშნული ეჭვმიტანილები მათ შორის არიან, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში.

„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა“, — აცხადებს პროკურორი და დასძენს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა საქართველოს ხელისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი