კომენტარი

“ეს პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

17 დეკემბერი, 2022 • 1337
“ეს პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

“ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პლენარულ სესიაზე – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს. ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირი გეგმავს წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, რომელიც საქართველოს და შესაბამისად სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს, ამ შემთხვევაში რუმინეთს დააკავშირებს ერთმანეთს. კაბელი ელექტროენერგიას გაატარებს.

მისივე თქმით, ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების გამოყენება, და ეს არ არის ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა. ეს არის, ასევე, სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა, სუფთა, ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების მიზნით.

„რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის გვეთქვა უარი და გაგვეძლიერებინა ჩვენი პარტნიორობა, აი, ეს პარტნიორობა რომელიც ამ დარბაზშია – და ეს მუშაობს. ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების გამოყენება, და ეს არ არის ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ეს ძალიან ამბიციური პროექტია, რომელიც დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას.

“ეს იქნება ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ჩვენ დაგვეხმარება ეს ინიციატივა მიწოდების უზრუნველყოფაში, ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში რუმინეთისა და უნგრეთის გავლით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტო კაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. ის საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. ის დაეხმარება რა თქმა უნდა უკრაინას. ეს დაეხმარება ამ ქვეყანას ამ წარმოებაში და ქვეყნის რეკონსტრუქციაში.

როგორც ხედავთ, ჩემს სიტყვებში ეს პროექტი ბევრ დაპირებას გვთავაზობს და ჩვენზეა მისი შესრულება. ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ეს მიზნები, ენერგომიწოდება, ეკონომიკების ჰარმონიზაცია, სწორედ ამიტომ მოუთმენლად ველით ამ კვლევის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, იმიტომ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ფინანსურად იმ პროექტებს, რომელიც საერთო ინტერესებს ემსახურება და ეს საერთო ინტერესები ძალიან თვალსაჩინოა ამ პროექტში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი. ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს რუმინელ მასპინძლებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა და მადლობა, რომ ეს შესაძლებელი გახადეთ,” – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


ევროკავშირი გეგმავს სტრატეგიული წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, რომელიც საქართველოს და შესაბამისად სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს, ამ შემთხვევაში რუმინეთს დააკავშირებს ერთმანეთს.

გადამცემ ხაზს მხარეები „მწვანე ენერგიის ევროკავშირში ექსპორტისთვის გამოიყენებენ“ და მისი მოსაწყობად „დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება“.

ამგვარი გადამცემი ხაზის შექმნის შესახებ ცნობილი პირველად ოქტომბერში გახდა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი გეგმავდა ევროპაში ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას განიხილავდა.

მოგვიანებით, იმავე მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს ეწვია, სადაც ადგილობრივ ლიდერთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით უნგრული მხარე რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებასა და ბაზრის დივერსიფიკაციას გეგმავდა.

„ჩვენ გვინდა, ახალი დიდი ელექტროენერგიის ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ენერგია საქართველოს, რუმინეთის გავლით.

ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა 27 ოქტომბერს.

უნგრეთი ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს, როგორც წესი, რუსეთისგან იღებს

გაეცანით მასალას აღნიშნული პროექტის შესახებ ნეტგაზეთის არქივიდან:

ენერგეტიკული თანამშრომლობა უნგრეთ-აზერბაიჯანთან — რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი გადამცემი ხაზი მართლაც აშენდება, ევროპაში ენერგიის ექსპორტი, რომელსაც აზერბაიჯანსა და საქართველოში გამოიმუშავებენ, პირველად გახდება შესაძლებელი.

ამ შემთხვევაში საქართველო ფიზიკურად დაუკავშირდება ევროპის ენერგეტიკულ ბაზარს, რომლის პარტნიორიც  2017 წლიდანაა.

საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ქვეყანაში ჰესების მშენებლობა უნდა დაიწყოს. ასევე უნდა დაჩქარდეს ნენსკრაჰესის მშენებლობაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი