ახალი ამბებიკომენტარი

ენერგეტიკული თანამშრომლობა უნგრეთ-აზერბაიჯანთან — რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

30 ოქტომბერი, 2022 • 3374
ენერგეტიკული თანამშრომლობა უნგრეთ-აზერბაიჯანთან — რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ უნგრეთს ეწვია და პრემიერ ვიქტორ ორბანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღნიშნულს წინ უძღოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი თბილისში.

რას შეიძლება ნიშნავდეს ამ სამი ქვეყნის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ? ნეტგაზეთი ამ კითხვებზე პასუხის პოვნას შეეცადა.

ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან – რა ვიცით 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საკუთარ მოსახლეობას ენერგიის ფასებისა და შესაბამისად, ინფლაციის შემცირებას ჰპირდება.

ამის ერთ-ერთ საშუალებად კი აზერბაიჯანიდან, საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის იმპორტს ასახელებს.

უნგრეთი საკუთარი ელექტროენერგიის თითქმის მეხუთედს ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებით გამოიმუშავებს, გაზი კი, როგორც წესი, რუსეთიდან მოდის.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბუნებრივი აირის ფასები გაიზარდა. ორბანი ამაში ბრიუსელის მიერ დაწესებულ სანქციებს ადანაშაულებს, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს კი თავად, ბრიუსელიდან დამოუკიდებლად ეძებს.

ჯერ კონკრეტულად არცთუ ისე ბევრი, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული საკითხი გახდა საქართველოსა და უნგრეთის ლიდერებს შორის შეხვედრის მიზეზი.

თავდაპირველად, 24 ოქტომბერს, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომლის განცხადებითაც, აზერბაიჯანი გეგმავდა ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენება განიხილავდა.

მოგვიანებით კი იმავე თემაზე სასაუბროდ ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში გაემგზავრა.

„ჩვენ გვინდა, ახალი დიდი ელექტროენერგიის ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ენერგია საქართველოს, რუმინეთის გავლით.

ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა 27 ოქტომბერს.

ალიევი და ღარიბაშვილი საქართველოში

მისი განცხადებით, ენერგოკრიზისის მოგვარება ქვეყანას დაეხმარება ფასების სტაბილურობასა და ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ენერგიის ფასი განაპირობებს სხვა პროდუქციისა და მომსახურების ფასებს.

ჯერ პროექტის განხორციელების ზუსტი თარიღი, ბიუჯეტი და მარშრუტი უცნობია, თუმცა აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტისთვის შესაძლო თეორიული მარშრუტები ასე გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი – საქართველო – შავი ზღვა – ევროკავშირი (რუმინეთი, ბულგარეთი)
  • აზერბაიჯანი – საქართველო – თურქეთი – ევროკავშირი (ბულგარეთი, საბერძნეთი)

ვინ რას იგებს პროექტის განხორციელების შემთხვევაში

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევრის, შოთა კაკაბაძის განცხადებით, ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის გათვალისწინებით, უნგრეთი ცდილობს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას და საკუთარი პრობლემების ბრიუსელისგან დამოუკიდებლად მოგვარებას.

„უნგრეთი საკმაოდაა დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე. როდესაც სანქციებზეა საუბარი, უნგრეთი წინააღმდეგია იმიტომ, რომ იგი დამოკიდებულია რუსულ ენერგორესურსებზე. ამ მიმართულებით, ორბანი ცდილობს დაბალანსებას და სწორედ აქ გაჩნდა საქართველო-აზერბაიჯანის კორიდორი.

ორბანს გაფუჭებული აქვს ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობა. თავისი პოლიტიკის გამო, ის უხერხულ პარტნიორად განიხილება. ევროპარლამენტმა რეზოლუციაც მიიღო, სადაც ნათქვამი იყო, რომ იგი აღარ იყო ლიბერალური დემოკრატია.

ამიტომ ის ცდილობს დამოუკიდებლადაც შეძლოს ალტერნატიული გზების გამოძებნა“, – აცხადებს იგი ნეტგაზეთთან საუბრისას.

კაკაბაძის განცხადებით, ომის საწყის ეტაპზე ქვეყნებს რუსეთისადმი შედარებით სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ, თუმცა ახლა ეს იცვლება.

„არამხოლოდ უნგრეთი და აზერბაიჯანი, არამედ დასავლეთის სხვა ქვეყნებიც სკეპტიკურად უყურებდნენ უკრაინის შანსებს და სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ რუსეთის მიმართ.

ეს უფრო მეტად აიძულებთ ამ ქვეყნებს, რომ გადახედონ ამ პოლიტიკას და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი შესაძლოა დამარცხდეს, გამოასწორონ დაზიანებული რეპუტაცია“, – აცხადებს ის.

ორბანი და ღარიბაშვილი საქართველო-უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერისას. 

თუმცა მისივე განცხადებით, უნგრეთი ბრიუსელთან დაპირისპირების გამო, ამავდროულად ცდილობს ევროკავშირის ინსტიტუტების დისკრედიტაციასაც, თუმცა მისი საგარეო პოლიტიკა მაინც ევროკავშირსა და ნატოს წევრობითაა განპირობებული.

კაკაბაძის თანახმად, შექმნილ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ წარმოაჩინოს, რომ მას დასავლეთში პარტნიორები კვლავ ჰყავს.

„ხელისუფლების ბოლო დროინდელი განცხადებები დასავლეთში კითხვის ნიშნებს აჩენს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირების შესახებ, თუ რამდენადაა იგი კვლავ დასავლური ღირებულებების ერთგული.

მთავრობისთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს, რომ მას კვლავ ჰყავს დასავლელი პარტნიორები. ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის კი ორბანი, რომლის რიტორიკაცაა, რომ ისინი, ვინც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ითხოვს, უნგრეთის ომში ჩართვას უჭერს მხარს, გამოსავალია, რათა აჩვენოს, რომ მსგავსად დასავლეთშიც ფიქრობენ.

ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ იპოვა პარტნიორი“, – აცხადებს კაკაბაძე.

მისივე განცხადებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში იგი ქვეყნისთვის სტრატეგიულია, რადგან საქართველოს ტერიტორიის გავლით შეიქმნას ალტერნატიული ენერგეტიკული კორიდორი და ქვეყანა მიიღებს ტრანზიტით გათვალისწინებულ გადასახადსაც.

კაკაბაძის თანახმად, პროექტი, რომელიც, შესაძლოა, რეალობა გახდეს, უნგრეთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მას უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს სანქციებზე შეერთებისა და რუსეთთან ურთიერთობის კუთხით, ხოლო აზერბაიჯანისთვის, რომელიც დემოკრატიის ღირებულებების მხარდაჭერის კუთხით არ გამოირჩევა, გარკვეულწილად უფრო მეტ ლეგიტიმაციას მიიღებს ევროკავშირთან ურთიერთობისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი