ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

22 აპრილი, 2024 • 555
ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნულ კონფერენციაში შარშან იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა.

CPAC უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 25-26 აპრილს გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით, კონფერენციაზე შემდეგ თემებზე იმსჯელებენ: „სუვერენიტეტი ცოცხლობს, გლობალიზმი კვდება“; „სუვერენიტეტი ამარცხებს ტერორიზმს“, „გადაარჩინე დასავლეთი“; „დაიცავი საზღვრები“; „ჩვენ ვიგებთ, ისინი მარცხდებიან – 2024 წელი, საარჩევნო სუპერწელი“; „კონსერვატიული კავშირი“; „ნულოვანი გენდერი“.

დღის წესრიგის მიხედვით, ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა 25 აპრილს კონფერენციის გახსნით ცერემონიაზე. კობახიძის გარდა CPAC-ში მონაწილეობას მიიღებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონსერვატორი პოლიტიკოსები.

კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) არის 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრება. ევროპაში კი CPAC მეორე წელია, უნგრეთში ტარდება. შარშან ბუდაპეშტში კონფერენციას „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრმა“ უმასპინძლა.

შარშან CPAC-ში მონაწილეობის გამო ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებდა ევროპაში „ქართული ოცნების“ იმჟამინდელი პარტნიორი ევროპის სოციალისტური პარტია (PES) და ამის გამო „ოცნებასთან“ პარტნიორობის გადახედვაც განიხილეს. თუმცა საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის სოციალისტური პარტიას გადაწყვეტილების მიღება თავად დაასწრო და მათთან პარტნიორობა შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი