კომენტარი

„კიევი არ დაეცემა“ – ბენ ჰოჯესის ანალიზი

11 მარტი, 2022 • 24080
„კიევი არ დაეცემა“ – ბენ ჰოჯესის ანალიზი

„უკრაინის შეიარაღებული ძალები ლომივით იბრძვის“, – აღნიშნა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა, ბენ ჰოჯესმა. „ნეტგაზეთი“ ბენ ჰოჯესს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე, საომარ მოქმედებებზე, რუსეთის და უკრაინის სამხედრო ძალების შესაძლებლობებზე, საქართველოს მთავრობის პოზიციაზე და სხვა საკითხებზე ესაუბრა:

უპირველეს ყოვლისა, რას იტყვით უკრაინაში ამჟამად არსებულ ვითარებაზე?

ახლა უდანაშაულო უკრაინელების ხოცვა-ჟლეტის მოწმენი ვართ. რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავს ქალაქებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ამის მიზანი უკრაინელების ტერორიზება და ლტოლვილების პრობლემის შექმნაა.

ეს დიდ ზეწოლას ახდენს ზელესნსკისა და დასავლეთზე. ხალხს სურს, რაიმე მოვიმოქმედოთ ამის შესაჩერებლად.

ვფიქრობ, რუსეთში იმედი აქვთ, რომ დასავლეთში ვინმე „გატყდება“ და იტყვის: „გეხვეწებით, შეჩერდით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ [ამისთვის]“.

საბედნიეროდ, უკრაინელები მხოლოდ ძლიერდებიან, ხოლო დასავლეთის ერთიანობა საკმაოდ მტკიცეა. უკრაინის სამხედრო ძალები ლომივით იბრძვის. ისინი ბევრად უფრო ძლიერნი არიან და უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევენ [რუსეთის შეიარაღებულ ძალებს], ვიდრე ამას მოსკოვში ელოდნენ. უკრაინელები სამშობლოს იცავენ.

თავის მხრივ, ბევრმა რუსმა ჯარისკაცმა არც კი იცოდა, უკრაინაში რომ მიდიოდა. ტყვეთა სიტყვების და რუსეთის ძალების მიერ მიღებული შედეგების თანახმად, რუსები წარმატების მისაღწევად საკმარისად მოტივირებულნი არ არიან.

აქვს თუ არა რუსეთს კიევის დაკავების შესაძლებლობა?

კიევი არ დაეცემა. ძალიან დიდი ქალაქია, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მდინარის სანაპიროებზე. კიევისთვის ალყის შემორტყმას ძალიან დიდი ჯარი სჭირდება, სულ რომ არაფერი ვთქვათ ქალაქის დაკავებაზე.

ანუ, რუსეთს ახლა კიევის ასაღებად ძალები არ აქვს?

არა, არანაირად. ორი კვირაა ხარკოვსა და მარიუპოლს ვერ იღებენ და ძლივს შევიდნენ ხერსონში, ეჭვი მეპარება, ხერსონიც კი შეინარჩუნონ. ისინი ვერ დაიკავებენ ვერც ოდესას და, რა თქმა უნდა, ვერც კიევს, სანამ დასავლეთი გააგრძელებს დახმარების აღმოჩენას და უკრაინელები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებენ ჩვენს მხარდაჭერას.

რუსეთმა აირჩია უკრაინის გამოფიტვის ტაქტიკა, ამას კი ბევრი ხალხი და ბევრი დრო სჭირდება. მათ არც ხალხი ჰყავთ და არც დრო აქვთ, სანქციების გამო. თანაც, რუსეთს არ აქვს ამოუწურავი შეიარაღება. არცერთ ჯარს არ აქვს საკმარისი შეიარაღება, თუ ის დიდი ომისთვის არ ემზადება. რუსეთი დიდი ომისთვის არ ემზადებოდა.

ამასთან ერთად, რუსეთს ცოცხალი ძალის დეფიციტიც აქვს. უკრაინაში უფრო მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, ვიდრე რუსი, ხოლო რუსეთის [საერთო] საბრძოლო ძალების 50% უკვე მონაწილეობს ომში. გასაოცარია. შედარებისთვის, ერაყსა და ავღანეთში ომების პიკის დროს იქ აშშ-ის საბრძოლო ძალების 25% იყო. [რუსეთს] აღარ დარჩა ბევრი სხვა ქვედანაყოფი, რომელიც ომში ჩაერთვება.

რამდენიმე კვირაში სანქციებს მოსახლეობაც იგრძნობს და დიდხანს ამას ვერ მოითმენს.

ჩვენს წინა ინტერვიუში თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთის ბლიცკრიგი არ შედგებოდა. თქვენი აზრით, რატომ არ გამოვიდა ეს?

მიუხედავად მტკიცებულებებისა, არ მჯეროდა, რომ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში. მე ვფიქრობდი, რომ საზღვართან გაჩერდებოდნენ და შეჭრით დაიმუქრებოდნენ; ჩაატარებდნენ ოპერაციებს შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში, შეეცდებოდნენ უკრაინის ეკონომიკის კოლაფსის გამოწვევას და, შესაბამისად, ზელენსკის მთავრობის კოლაფსს. ალბათ, ამას [რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების დაწესებაც არ მოჰყვებოდა.

რაც შეეხება შეჭრას, შეტევა რამდენიმე მხრიდან განხორციელდა, მაგრამ არცთუ ისე კარგად. უკრაინელებმა ბევრად უფრო კარგად იმოქმედეს, ვიდრე ამას მოსკოვში ელოდნენ. პრეზიდენტ ზელენსკის ქარიზმატული ხელმძღვანელობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პირადად მე ასეთი დასკვნები გამოვიტანე:

    1. რუსებს არ აქვთ ფართომასშტაბიანი ომის გამოცდილება. წვრთნის ჩატარება ერთია, მაგრამ ფართომასშტაბიანი ბრძოლა ძალიან რთულია, მათ კი ამ მასშტაბის გამოცდილება ათწლეულების განმავლობაში არ ჰქონიათ. ნათელია ისიც, რომ ისინი კარგ წვრთნებსაც არ ატარებდნენ. გამოწვევები, რომლებიც აქვთ, წვრთნებისას უნდა მოგვარდეს, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ;
    2. პრობლემაა დისციპლინაც. დასავლური ჯარისგან განსხვავებით, მათ არ ჰყავთ სერჟანტები, რომლებიც დისციპლინას უზრუნველყოფენ. სამხედრო მანქანები ერთმანეთისგან მოშორებით არც კი იდგა, ეს კი დისციპლინის [არარსებობის] მაჩვენებელია. ცნობილ ვიდეოში, სადაც გზატკეცილზე [რუსეთის] ტანკები განადგურდა, ტანკები ერთმანეთთან იდგნენ, როგორც პარკინგზე. ეს საშინელებაა.

ინტერნეტში ვრცელდება რუსული ჯავშანტექნიკის დიდი კოლონის ფოტოები. რამდენად სახიფათოა ეს კოლონები?

დარწმუნებული ვარ, უკრაინის გენერალური შტაბი ამ კოლონებზე იერიშის მიტანაზე მუშაობს. ასეთი კოლონები აჩვენებს ცუდ ლოჯისტიკურ დაგეგმარებას რუსეთის მხრიდან. ლეიტენანტმაც კი იცის, რომ მთელი ტექნიკა ერთ გზაზე არ უნდა იყოს. თუმცა, ამ კოლონებამდე არტილერიით, რაკეტებით და ქვეითებით საკმარისად ახლო მანძილზე მისვლა რისკს წარმოადგენს.

რუსული კოლონა კიევის მიმაართულებით 28 თებერვალი, 2022. (Satellite image ©2022 Maxar Technologies via AP)

უკრაინას ამჟამად არ აქვს საკმარისი დრონები ამ მიზნების განადგურებისთვის. ვფიქრობ, მომავალ დღეებში ამ კოლონებზე მეტი იერიში იქნება. ეს კოლონა არსად მიდის.

პოლონეთმა მზაობა გამოთქვა, თვითმფრინავები „მიგ-29“ აშშ-ს მიაწოდოს, რათა ვაშინგტონმა, თავის მხრივ, ისინი უკრაინას გადასცეს. აშშ ამჟამად ყოყმანობს. თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ის მთავრობის ამ პოზიციას?

ვფიქრობ, ძალიან ვფრთხილობთ. ძალიან მომწონდა, რასაც ვაკეთებდით პირველ კვირებში, მაგრამ ბოლო სამი დღის განმავლობაში ზედმეტად ვფრთხილობთ.

არ მჯერა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მას ეს შეუძლია, მაგრამ მის ირგვლივ საკმარისადაა საღად მოაზროვნე ხალხი, თუნდაც მის ლაქიებს შორის, რომლებსაც არ სურთ, რომ რუსეთი და ყველა ჩვენგანი კლდის კიდიდან გადააგდოს.

ჩემი აზრით, მას, თანაც ძალიან ცუდ პოზიციაში მყოფს, საშუალებას ვაძლევთ შეგვაჩეროს, რადგან ყველას ძალიან ეშინია ესკალაციის. ვფიქრობ, „მიგ-29“-ს საკითხი კარგად არ იყო ორგანიზებული. შეიძლება, პოლონელმა მოკავშირეებმ მოვლენებს გაუსწრეს წინ. ასეთი საკითხები დახურულად უნდა იყოს კოორდინირებული და არა საჯაროდ. არ გვინდა, რომ მოკავშირეებს შორის საჯარო შეუთანხმებლობა იყოს. ალიანსის ერთობა ამ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი რამაა.

ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, თვითმფრინავებს უკრაინას გადავცემთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური ჟესტი იქნება. თუმცა ვეთანხმები პენტაგონის შეფასებას, რომ რუსეთის საჰაერო ძალებზე [უკრაინისთვის მიყენებული] ზარალის უდიდესი ნაწილი არ მოდის. უდიდესი ნაწილი მოდის რაკეტებზე, არტილერიაზე და ფრთოსან რაკეტებზე.

ასე რომ, უკრაინელებს უნდა დავეხმაროთ, დაზვერვით, რადარების მიწოდებით, მცირემანძილიანი სისტემებით, რომლებსაც რუსული რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ. ძალიან კარგი იქნებოდა, საზღვაო ნაღმებიც გადაგვეცა უკრაინისთვის. ეს პრობლემებს გამოიწვევს რუსეთის ფლოტისთვის. ეს ნაბიჯები ესკალაციური არაა.

სამხედრო თვალსაზრისით, თუ კიევის აღება შეუძლებელია, რა ვარიანტები დარჩა რუსეთს? მაგალითად, სამხრეთ უკრაინის დაკავება და კიევისთვის ზღვაზე გასასვლელი გზის მოჭრა? თუ გაგრძელდება მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა?

ვფიქრობ, განაგრძობენ [მკვლელობას]. ვერ ვხედავ, რა შესაძლებლობა აქვს პუტინს. რამდენიმე კვირაში, რუსეთს დაუმთავრდება შეიარაღება, არ ეყოლება ცოცხალი ძალა.

ერთად თუ ვიქნებით, რუსეთის მოსახლეობა მოითხოვს ომის შეჩერებას. 1 აპრილიდან 140 000 რუს მამაკაცს 19-დან 21 წლამდე მოუწევს კომისარიატში აღრიცხვაზე დადგომა. თუ ჩავატარებთ ამ ადამიანებზე და მათ ოჯახებზე მიმართულ ინფორმაციულ ოპერაციას – „არ მისცეთ თქვენს შვილს აღრიცხვაზე დადგომის საშუალება, ის უბრალოდ საზარბაზნე ხორცი იქნება პუტინის ომში“.

თუნდაც 10-20 ათასმა ოჯახმა რომ გამოხატოს პროტესტი და არ გაუშვას თავისი შვილი, რუსეთში „მიწისძვრა“ მოხდება.

პრეზიდენტი ზელენსკი ნატოს სთხოვს უკრაინის საჰაერო სივრცის დაკეტვას. რამდენად ემხრობით ამ ნაბიჯის გადადგმას?

მე და რამდენიმე სხვა ადამიანმა ხელი მოვაწერეთ გარკვეული ტიპის საჰაერო სივრცის დაკეტვის მხარდასაჭერ წერილს.

ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობდი. ყოველდღე ვრცელდება უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის საშინელი ვიდეოები. მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვა რუსეთის სისასტიკის სიმბოლო კიდევ დიდხანს იქნება.

რამე უნდა გავაკეთოთ, რაც დაამტკიცებს, რომ მზად ვართ დასახმარებლად. თუმცა ჩვენმა ლიდერებმა სტრატეგიულად უნდა იფიქრონ, არა ემოციურად.

უეჭველია, ნატოს საჰაერო ძალები გაანადგურებენ რუსეთის საჰაერო ძალებს. [პრობლემაა] ესკალაციის შესაძლებლობა. მთავარი, შევინარჩუნოთ ალიანსის ერთობა. თუ ჩვენი რამდენიმე მოკავშირე ამას მხარს არ დაუჭერს, რადგან ესკალაციის გარისკვა არ სურს, რთული ვითარება შეიქმნება.

ასე რომ, ამასობაში უკრაინელებს უნდა დავეხმაროთ იმის განადგურებაში, რაც ყველაზე დიდ ზიანს იწვევს – ფრთოსანი რაკეტები, არტილერია და რაკეტები.

ამ ეტაპზე რთულია ითქვას, როგორ და როდის დასრულდება ომი. თუმცა, თქვენი აზრით, შეეცდება თუ არა პუტინი დასჯერდეს რაიმე ლოკალურ წარმატებას და ამგვარად გაიმყაროს პოზიციები მოლაპარაკებების მაგიდასთან თუ მას ჯერ კიდევ სურს სრული გამარჯვება, რომელიც შეჭრამდე ჰქონდა წარმოდგენილი?

ვფიქრობ, ახლა პუტინს არ შეუძლია გაჩერება, სანამ ზელენსკის მთავრობა შენარჩუნდება და რუსეთის მეგობრული მთავრობა არ აღმოცენდება, რომელიც გარკვეულ კაპიტულაციას ან რაიმე მსგავსს დაემსგავსება. ეს მისი სურვილია. ნაკლები შედეგი სრული კატასტროფა იქნება. ვფიქრობ, სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, რუსეთი არ გაჩერდება.

ამავე დროს, რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს. იმასაც კი ვერ შეინარჩუნებენ, რაც უკვე დაიკავეს. ეს ძალიან რთული იქნება, თუ გავითვალისწინებთ სისუსტეს, რომელიც რუსეთის ჯარმა აჩვენა.

ჩვენ კი უნდა განვაგრძოთ და გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა. მე ვესაუბრე ამერიკელ ლოჯისტიკის დამგეგმარებლებს და ყოველდღე სიტუაცია ამ მხრივ უმჯობესდება, რუსეთისთვის კი უარესდება.

საბოლოო ჯამში, ამ ომს უკრაინის შეიარაღებული და თავდაცვითი შესაძლებლობები, შეუჩერებელი მხარდაჭერა და რუსეთში მოსახლეობაში შიდა ზეწოლა დაასრულებს.

იმედი მაქვს, რომ ყველა საქართველოში, ვისაც რუსეთში ნათესავი, მეგობარი ან მომხმარებელი ჰყავს, ეტყვის მათ: „ნახეთ, რას აკეთებთ. არ დაიჯეროთ, რასაც ტელევიზორში ხედავთ, თითქოს ეს ნაცისტებისგან გათავისუფლების კამპანიაა, ან საავადმყოფო მარიუპოლში რეალურად აზოვის ბატალიონის შტაბ-ბინა იყო“.

ვფიქრობ, ყველა ქართველმა უნდა ჰკითხოს რუს მეგობარს ან ოჯახის წევრს: „აცნობიერებთ, რას აკეთებთ?“.

დაუფიქრდით იმასაც, რომ სერგეი ლავროვმა, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ რუსეთი გადაწყვეტს უკრაინის მომავალს. ისინი არ გაჩერდებიან. საქართველომ უნდა გაიღვიძოს.

ანუ, თუ რუსეთი უკრაინაში მიაღწევს წარმატებას, შემდეგი საქართველო იქნება?

დიახ, ასეა.

როგორც იცით, საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, თუმცა უარი განაცხადა, სანქციებს შეერთებოდა; ამავე დროს, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „სანქციები არ მუშაობს“.  უკრაინამ გაიწვია ელჩი საქართველოდან. რას ფიქრობთ საქართველოს მთავრობის ქმედებებსა და პოზიციაზე?

ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

როგორ შეუძლია მთავრობას, სრულიად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას, მის სურვილს, იბრძოლოს დამოუკიდებლობისთვის? ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში კრემლის გავლენის ქვეშაა, ფულის, შიშის ან სხვა რამის გამო.

რუსები სასტიკ ძალას ხმარობენ სლავების წინააღმდეგ, წარმოიდგინეთ, რას იზამენ ქართველების წინააღმდეგ.

დაბოლოს, თქვენ თქვით, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები ლომივით იბრძვის“. როგორ შეაფასებდით მათ ქმედებებს სამხედრო თვალსაზრისით?

გასაოცრად. რუსეთს ყველა მხრივ ჰქონდა უპირატესობა. შეჭრის დროის ადგილის და მეთოდის არჩევის საშუალებაც კი ჰქონდათ. უკრაინელები ამას ხედავდნენ, მაგრამ ლოდინი უწევდათ, რადგან არავის სურდა რუსეთის პროვოცირება და მათთვის მიზეზის მიცემა.

თუმცა უკრაინა ძალიან წარმატებული გამოდგა. რუსეთმა თავისი მიზნებიდან თითქმის ვერაფერს მიაღწია. უკრაინამ ძალიან კარგად იმოქმედა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა შეაგვიანდა ტერიტორიული თავდაცვის და სხვა ზომების გატარება.

უკრაინის შიდა გამოწვევების მიუხედავად, ისინი გაერთიანდნენ. უმაღლესი რადის ყველა წევრი კიევში დარჩა. ნეტავ, საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი თუ დარჩებოდა თბილისში ასეთ სიტუაციაში? ხალხმა ეს კითხვა უნდა დასვას.


ბენ ჰოჯესი არის გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი, ევროპაში აშშ-ის არმიის მთავარსარდალი 2014-17 წლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი