რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების მობილიზაციის ფონზე, რამდენად მოსალოდნელია რუსეთის შეჭრა? როგორია დასავლეთის პოზიცია? ამ და სხვა საკითხებზე „ნეტგაზეთი“ გენერალ ბენ ჰოჯესს, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილ მთავარსარდალს ესაუბრა.
- უპირველეს ყოვლისა, მსურს გკითხოთ, რას გკარნახობთ თქვენი გამოცდილება: რუსეთი მართლაც გეგმავს შეჭრას თუ ბლეფს მიმართავს, დასავლეთისგან კონკრეტული დათმობების მისაღებად?
ძალიან სახიფათო სამყაროში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, საკმაოდ მოსალოდნელია კრემლის მიერ ახალი შეჭრის წამოწყება, თუ უკრაინის მთავრობა და მოკავშირეები, აშშ-ის ხელმძღვანელობით, უარს იტყვიან, პუტინის სასაცილო მოთხოვნებს დათანხმდნენ.
- თუ შეჭრას ექნება ადგილი, რა უნდა მოიმოქმედონ აშშ-მა, ევროპამ და მოკავშირეებმა? საკმარისი იქნება თუ არა სანქციები, თუნდაც ყველაზე მკაცრი?
უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი უკვე შეიჭრა – 2014 წელს, ისინი კვლავ იქ [უკრაინაში] არიან. კრემლი ყოველთვის საომარ მდგომარეობაშია და ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იყენებს რეალური ბრძოლის მუქარასთან ერთად. თუ [რუსეთის] შეკავება ვერ მოხერხდა, აშშ-ს და მოკავშირეებს მოუწევთ დაპირებული სანქციების სრულად დაწესება. თუ ასე არ მოხდა, ჩვენი სანდოობა სერიოზულად შეირყევა.
- ჩვენს ადრინდელ საუბრებში ახსენეთ ერთიანობის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვით, რომ რუსეთის შეკავება გერმანიის გარეშე ვერ მოხდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიამ დაბლოკა ესტონეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. როგორ ფიქრობთ, რა დგას ბერლინის პოლიტიკის უკან და რისი გაკეთება შეიძლება დასავლეთის ერთიანობის უზრუნველყოფისთვის?
ვფიქრობ, გერმანია ევროკავშირის სრულმასშტაბიანი დიპლომატიური და ეკონომიკური ძალის გასაღებია. იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ გერმანელი მოკავშირეები უფრო გაბედულად არ მოქმედებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კოალიციური მთავრობა ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ უნდა იმოქმედოს, თუ ევროპული ღირებულებების დამცველის როლის, მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება სურს.
- აშშ-მა და მოკავშირეებმა უკრაინას თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდეს. როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა უკრაინას, ებრძოლოს რუსეთს 1×1-ზე და არის თუ არა შანსი, რომ რუსეთის ჯარი კიევამდე „ბლიცკრიგის“ [სამხედრო დოქტრინა, რომელიც მოტორიზებული ნაწილების სწრაფი გადაადგილების მეშვეობით მოწინააღმდეგისთვის უცაბედ დარტყმას მოიაზრებს – რედ.] სტილში კიევამდე მივა?
ჩვენ ვაწვდით შეიარაღებას უკრაინას, მაგრამ ეს ჯერჯერობით არასაკმარისია. ამას უნდა მივცეთ ბერლინის საჰაერო მომარაგების მასშტაბები [1948 წელს, მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მარცხის შემდეგ, გერმანია საოკუპაციო ზონებად დაიყო. ბერლინი, რომელშიც დასავლეთის სახელმწიფოები იყვნენ წარმოდგენილნი, საბჭოთა ზონით იყო გარშემორტყმული. საბჭოთა კავშირმა ქალაქის დასავლეთ ნაწილში სახმელეთო წვდომა შეზღუდა, რის გამოც აშშ ქალაქს საჰაერო გზით ამარაგებდა – რედ.].
არა მგონია, რუსულმა ჯარმა უკრაინის დაცვა გაარღვიოს ან კიევი დაიკავოს… მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი 2014 წელთან შედარებით უკეთესადაა მომზადებული. რუსებს არ სურთ ასეთი დანაკარგები.
- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში შემოვიდა. როგორ ფიქრობთ, უნდა გადაიდგას თუ არა ასეთივე ნაბიჯი ახლა, მოსკოვის შესაჩერებლად?
დიახ, საზღვაო ძალები უნდა იყოს შავ ზღვაში, თან სხვა მოკავშირეებთან ერთათ, მონტრეს კონვენციის შესაბამისად. თუმცა ჩვენ გვჭირდება უფრო მასშტაბური სტრატეგია [შავი ზღვის] რეგიონისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ნატოს მუდმივ წარმომადგენლობას.
- ვრცელდება ცნობები, რომ ბელარუსმა, შესაძლოა, რუსეთს საკუთარი ტერიტორიიდანაც მისცეს შეჭრის საშუალება. როგორ ფიქრობთ, რამდენადაა ეს შესაძლებელი?
ვფიქრობ, ეს შესაძლებელია… კრემლში მიაჩნიათ, რომ ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით პრობლემებს შეუქმნის.
- ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, რუსეთის მთავრობა უკრაინის ხელისუფლების ცვლილებას და მის სათავეში პრორუსული ლიდერის დასმას გეგმავს. თქვენი აზრით, წავა თუ არა მოსკოვი სახელმწიფო გადატრიალების სცენარით?
ეს სრულად ემთხვევა საბჭოთა და ახლა უკვე რუსულ პრაქტიკას.
- 2014 წლის ნოემბერში, როდესაც ევროპაში აშშ-ის ძალების მთავარსარდალი გახდით, რუსული აგრესია თითქმის პიკის მომენტში იყო. რითი განსხვავდება მაშინდელი ვითარება დღევანდელისგან?
მთავარი განსხვავება ის არის, რომ აშშ-სა და ევროპაში გამოვიღვიძეთ… გვახსოვს, რა საფრთხეს წარმოადგენს კრემლი და ვისთან გვაქვს საქმე.
- საქართველოში მთავრობა გააკრიტიკეს მიმდინარე მოვლენებზე „პასიური რეაქციისთვის“. თქვენი აზრით, შეეძლო თუ არა ხელისუფლებას, უფრო აქტიური ყოფილიყო?
საქართველოს მთავრობა ძალიან ხმამაღალი უნდა იყოს… საქართველო უკვე არის რუსული აგრესიის მსხვერპლი. თუ რუსეთი უკრაინაში არ გააჩერეს, კრემლი სითამამეს მოიკრებს მეტის გასაკეთებლად.
- რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მთავრობას თავისი მოკავშირის, უკრაინის მხარდასაჭერად?
სადაზვერვო მონაცემების გაზიარება, უკრაინასთან თანამშრომლობა ვაშინგტონსა და ბრიუსელში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების გაზრდისთვის და შინ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.