კომენტარი

გამომცემლებსა და ავტორებს შესაძლოა სასკოლო სახელმძღვანელოები “წაართვან”

19 მარტი, 2013 • 1536
გამომცემლებსა და ავტორებს შესაძლოა სასკოლო სახელმძღვანელოები “წაართვან”

ლაშა ბერაია
ლაშა ბერაია

აგრარული უნივერსიტეტის პრეცედენტს შესაძლოა მორიგი მსგავსი ფაქტი სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მოჰყვეს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად ამუშავებს 2013 წლის სექტემბერში ყველა მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების იდეას ; ასევე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე აბაშიძე მუშაობს ამ იდეის ფინანსურ და ტექნიკურ სქემაზე.

 

რა მაძლევს საფუძველს ასეთი განცხადების გასაკეთებლად?

 

  1. პირველ ყოვლისა, აგრუნისთვის აკრედიტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები. კერძოდ, ეკა კვესიტაძის “აქცენტებში” და მომდევნო დღის “დიალოგში დავით პაიჭაძესთან” მინისტრმა თავისი ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის არგუმენტებად ის მოიყვანა, რომ იგი, როგორც კანონმორჩილი ჩინოვნიკი, შაშკინის და ლომაიას მიერ დაწერილ კანონებს ასრულებს; ასევე, მას არ შეუცვლია განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის თანამშრომლები “თავისი ხალხით”. ეს არგუმენტები, რბილად რომ ვთქვათ, უფრო თავის მართლებას ჰგავს მინისტრისა, რომლისთვისაც, უცნაურია, მაგრამ ჯერ არავის უკითხავს, დაინტერესდა თუ არა ის წინამორბედების მიერ შექმნილი კანონების ხარისხით და, თუ მათში ყველაფერი რიგზე არ არის, რატომ არ მოისურვა შესაბამისი ცვლილებები შეეტანა ამ კანონების დასახვეწად.
  2. მსგავსადვე, მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი, ზემოხსენებული ალექსანდრე აბაშიძე, ორიოდე კვირის წინ შეხვდა ერთ-ერთ გამომცემელს და აუწყა, რომ მას შეუძლია გამოიყენოს შაშკინის მიერ ორი წლის წინ ე.წ. სახელმძღვანელოების გრიფირების წესში შეტანილი მუხლი, რომლითაც სამინისტრო უფლებამოსილია აიძულოს გამომცემლები და ავტორები, “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე”, თავიანთი ინტელექტუალური საკუთრება — მათ მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოები — ლიცენზიით გადასცენ სხვა პირებს, მაგალითად, სამინისტროს მიერ შერჩეულ ქართულ სტამბებს; სამინისტრომ კი — ამ სტამბებს დააბეჭდინოს სკოლებისთვის უფასოდ გადასაცემი სახელმძღვანელოების ტირაჟები ისე, რომ გამომცემლებსა და ავტორებს აქედან ჰონორარად მიზერული თანხა ერგოთ — სასტამბო ფასის 10%-ის ოდენობით. აქვე განვმარტავ, რომ ეს თანხა მინიმალურადაც ვერ ასახავს გამომცემლებისა და ავტორების მიერ წლების განმავლობაში ჩადებულ შრომითსა და ფინანსურ რესურსებს. შესაბამისად, იკვეთება ვითარება, როცა მინისტრს ამ შემთხვევაშიც შეუძლია ამოეფაროს შაშკინის მიერ შექმნილ კანონს და ფაქტიურად მოახდინოს გამომცემლებისა და ავტორების საკუთრების ექსპროპრიაცია. აღსანიშნავია, რომ შაშკინმა ეს ცვლილება გრიფირების წესში შემოიღო, როგორც სადამსჯელო მუხლი, ისეთი პრობლემის სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, როგორიც გამომცემლობის უნიათობითა და უპასუხისმგებლობით ტირაჟის გვიან ან არასათანადო რაოდენობით დაბეჭდვა და ბაზარზე დეფიციტისა და ფასის ზრდის ვითარების შექმნაა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი რამ არც მომხდარა და, შესაბამისად, ამ მუხლით არც ერთი გამომცემელი არ “დასჯილა”.

 

ამჟამად სამინისტროს მიერ დაქირავებული აუდიტორული ფირმა გამომცემლობებისგან აგროვებს ინფორმაციას სახელმძღვანელოების თვითღირებულების შესახებ. საქმე, როგორც ჩანს, ეხება იმ საკმაოდ დიდი ნაშთების შესყიდვის შესაძლებლობას, რომლებიც გამომცემლებს შარშანდელი სეზონის შემდეგ საწყობში გაუყიდავი პროდუქციის სახით დაუგროვდათ.

 

არავინ იცის, როგორ მოიქცევა სამინისტროს ხელმძღვანელობა, როცა გვერდიგვერდ დაიდებს, ერთი მხრივ, ქართულ სტამბებში დათვლილ სახელმძღვანელოების ღირებულებას (რომელშიც, ცხადია, სტამბის ხარჯის გარდა არც ერთი საგამომცემლო ხარჯი არ შედის; ცნობისთვის, ასეთი დათვლები უკვე არსებობს) და, მეორე მხრივ, გამომცემლების მიერ მიწოდებულ თვითღირებულებებს, რომლებიც, სტამბის ფასის გარდა, საავტორო როიალტის, რედაქტირების, დიზაინის, დაკაბადონების, დასაწყობების და მრავალი სხვა ხარჯისა და რისკის ამსახველი და ამის გამო ბევრად მაღალი იქნება, ვიდრე უბრალოდ სტამბის ფასი.

 

ამ ჩანაწერს პრევენციის ფუნქცია აქვს. იმედს ვიტოვებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, “შაშკინის კანონს” ამოფარებით, არ დაადგება ინტელექტუალური საკუთრების ექსპროპრიაციის გზას და არ შეუძენს საქართველოს სკოლების მოსწავლეებს გამომცემლებისა და ავტორებისთვის წართმეული საკუთრების ტირაჟირებით წარმოებულ სასწავლო მასალებს.

 

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომელიც ზემოხსენებულ საშიშროებაზე მიანიშნებს, არის ის, რომ სამინისტროს ოდნავი ეჭვის ქვეშაც კი არ დაუყენებია იმ სახელმძღვანელოების ხარისხი, რომელთა სკოლებისთვის ჩუქებასაც აპირებს. მიუხედავად გამომცემელთა ნაწილის არაერთი წერილობითი თუ ზეპირი მიმართვისა მინისტრის, მისი მოადგილეების თუ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის სახელზე, რომელთა არსი 2011 და 2012 წლების შაშკინისეული დაჩქარებული გრიფირებების უხარისხობა და უსამართლობა იყო, ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი თვის თავზე სამინისტროს არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ისეთი ფაქტებისა და გარემოებების გადასამოწმებლად, რომლებიც, რასაც ჰქვია, ზედაპირზე დევს, მარტივი შიდა მოკვლევითაც ადვილად დადგინდებოდა და რასაც პროკურატურის ჩაღრმავებული ძიება და დანაშაულის კვალის დადგენა არ სჭირდება. არადა, ჩნდება, ჩემი აზრით, ლეგიტიმური კითხვა: თუ აგრუნის ყოფილ პროფესორთა ჯგუფის ინფორმაციის საფუძველზე შეიძლებოდა, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის შესაბამისი სამსახური შემოწმების მიზნით აგრარულ უნივერსიტეტში ორ კვირაში შესულიყო, რატომ არ მიიჩნია სამინისტრომ დღემდე საჭიროდ, ოქტომბერში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმძღვანელოების ხარისხი შეემოწმებინა? აგრუნიში ორი ათასი სტუდენტი სწავლობს, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა კი ნახევარ მილიონს აღემატება!

 

აქაც ვხედავთ იმავე ტენდენციას — წინამორბედი ხელისუფლების მიერ შექმნილი კანონების უკრიტიკოდ შესრულებასა და წინა ხელისუფლების პერიოდში ჩატარებული გრიფირების ლეგიტიმურობის უპირობოდ აღიარებას, რაც, ცხადია, პარადოქსულია, რადგან არჩევნებამდე ზოგადად წინა ხელისუფლების, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის მძაფრი კრიტიკა გვესმოდა იმ ხალხისგან, ვინც დღეს ხელიუსფლებაშია. ყველაფერი ეს ჰგავს კანონმორჩილების ილუზიის შექმნით თავის ზედმეტი ატკიებისგან თავის არიდებისა და იოლად გასვლის სურვილს. არადა, რა შეფასება უნდა გაკეთდეს, თუ დავუშვებთ, რომ 2011 და 2012 წლების (ჩემი აზრით, უფრო მეტად — უკანასკნელი) გრიფირება სერიოზული ხარვეზებით ჩატარდა, რასაც ზეპირ საუბრებში ბოლო ორი წლის ყველაზე “წარმატებული” გამომცემლებიც არ უარყოფენ? ბუნებრივი და სამართლიანი იქნებოდა, რომ სამინისტროს წინამორბედი ხელისუფლების საკანონმდებლო ხარვეზები გაესწორებინა, გრიფირების წესიდან კაბალური და საკუთრების ხელმყოფი მუხლები ამოეღო, და, რაც მთავარია, გავიმეორებ, სახელმძღვანელოების გრიფირების ხარისხი შეემოწმებინა, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში კი, სამართლიანობის აღდგენის მიზნით, 2013 წლის იანვარ-თებერვალში ხელახალი გრიფირება გამოეცხადებინა, საშუალება მიეცა დღეს სკოლის მიღმა დარჩენილი სახელმძღვანელოებისთვის, პედაგოგების ხელახალი არჩევანის საგანი გამხდარიყო და წელს სკოლაში შესულიყო. ამ გზით იმას მიაღწევდა, რომ სასწავლო პროცესი უფრო ხარისხიანი სახელმძღვანელოებით წარიმართებოდა და საჩუქარიც გამართლებული იქნებოდა. როგორც ჩანს, სამინისტრომ ამ რთულ გზაზე უარი თქვა შესაძლო უხარისხობასა და ხარვეზებზე, ხელოვნურად შეზღუდულ კონკურენციასა და, შესაბამისად, პედაგოგთა შარშანდელ შეზღუდულ არჩევანზე, ავტორთა და გამომცემელთა შორის რესურსების უსამართლოდ გადანაწილების შესაძლებლობაზე, ამით გამოწვეული მათი მოტივაციის სამომავლოდ კლებაზე და სხვა მრავალ გარემოებაზე თვალის დახუჭვა არჩია და გადაწყვიტა, მოსახლეობისთვის საჩუქარი არსებული სტატუს ქვოს ფარგლებში გაეკეთებინა. 

 

თუ აქ აღწერილი გარემოებები და ჩემი ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, თამამად შეგვიძლია ხელისუფლების მიერ 2013 წლის სექტემბრისთვის დაგეგმილი სოციალური “საჩუქარი” პოპულიზმის სახელმძღვანელოში შესატან თვალსაჩინო ნიმუშად მოვიაზროთ.

 

სახელმძღვანელოების ხარისხის აწევის შანსი დაკარგული ჯერაც არ არის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია გამონახოს მარტივი და ყველასთვის უმტკივნეულო გზები ვითარების ნაწილობრივ გამოსასწორებლად. მაგალითად, შესაძლებელია გადაიხედოს და დაიწიოს შაშკინის ინიციატივით მეტისმეტად ამაღლებული 90%-იანი ბარიერი (101 ქულა 110 შესაძლებლიდან), რომლის გადალახვა, გრიფირების მოქმედი წესის თანახმად, სახელმძღვანელოების სერიისთვის გრიფის მინიჭების აუცილებელი პირობა იყო. არსებობს საკმაოდ წარმატებული სერიები, რომელთაც 2012 წელს გრიფი არ მიენიჭათ, რადგან მათ ზოგიერთ სახელმძღვანელოს (როგორც წესი, სამიდან ერთს) 101 ქულამდე სულ რაღაც 1-დან 3-მდე საშუალო არითმეტიკული ქულა დააკლდა. თავისთავად ის, რომ ეს ვითარება რამდენიმე სერიოზული გამომცემლობის ძლიერ, ხშირად წლების განმავლობაში აპრობირებულ სერიებთან დაკავშირებით შეიქმნა, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ მაღალი ბარიერი, სავარაუდოდ, “პროკრუსტეს სარეცლის” პრინციპით, მანიპულირებისთვის გამოიყენებოდა. ბარიერის გარკვეულწილად დაწევის შემთხვევაში შესაძლებელია წელს დამატებით ასეთ, ხელოვნურად “გარიყულ” სერიებსაც მიენიჭოთ გრიფი, რაც, ერთი მხრივ, პედაგოგებს არჩევანს გაუფართოებს და სწავლების ხარისხის ამაღლების მეტ შანსს მისცემს, მეორე მხრივ კი ამ ძლიერი სერიების გამომცმელებსა და ავტორებს შეუნარჩუნებს მოტივაციას, და დაანახვებს, რომ გრიფირების ხარვეზების გამოსასწორებლად ხელისუფლებამ რეალური ნაბიჯის გადადგმა მოახერხა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი