კომენტარი

“მწვანე ალტერნატივა” კალაძის უწყების ქმედებებზე ივანიშვილს მიმართავს

12 მარტი, 2013 • 1124
“მწვანე ალტერნატივა” კალაძის უწყების ქმედებებზე ივანიშვილს მიმართავს

ბატონო ბიძინა,

 

საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ გარემოს დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. თქვენი პოლიტიკური გუნდი წინა ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად აფასებდა და აღნიშნავდა, რომ მან „პრიორიტეტად დაისახა არა ოფიციალურად დეკლარირებული მდგრადი ეკონომიკური განვითარება, არამედ ერთჯერადი ფინანსური, მათ შორის, კორუფციული, რესურსების მობილიზება, ბუნებრივი რესურსების მტაცებლური ექსპლუატაციისა და გარემოს განადგურების „დაკანონების” გზით“. ამის საპირისპიროდ, აღიარებდით, რომ „ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა ეფუძნებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპს, ისეთ განვითარებას, რომლის დროსაც დაბალანსებული იქნება გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური საკითხები“. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირველ რიგში, განსახორციელებელ ღონისძიებებს შორის დასახელდა ევროგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და სამართლებრივი ბაზის შემუშავება და გარემოზე ზემოქმედების შეფასების
თანამედროვე სისტემის შექმნა.

 

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები მოიცავდა ასევე დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვას, ენერგიის ალტერნატიული წყაროებისა და ენერგოეფექტიანობის, აგრეთვე, არსებული ჰესების რეაბილიტაციის ხელშეწყობას.

 

მიუხედავად დაპირებებისა, სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ გრძელდება ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და „საპარტნიორო ფონდი“ არ ამბობენ უარს წინა ხელისუფლების დროს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის იგნორირებით ინიცირებულ პროექტებზე; პროკურატურა არ იჩენს სათანადო ძალისხმევას, რათა დროულად გამოიძიოს „დარიალჰესთან“ და სხვა პროექტებთან დაკავშირებით მაღალჩინოსნების მიერ, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტებით მიღებული გადაწყვეტილებები.

 

ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, გარდა არაეფექტიანი გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემისა, რაც სრულიად სამართლიანად იყო აღნიშნული თქვენს საარჩევნო პროგრამაში, განაპირობებენ შემდეგი ფაქტორები:

 

– ჰესების პროექტების განვითარების ეტაპების თანამიმდევრობა – პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება (ჰესის სიმძლავრის, მშენებლობის დაწყება-დამთავრების თარიღების ჩათვლით) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებამდე, რაც დაკანონებულია საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის N107 დადგენილებით.

 

– მდინარეთა ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გადამეტებულად შეფასება გარემოსდაცვითი და სოციალური საფრთხეების უგულებელყოფის ხარჯზე მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. აღნიშნული ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის N46 ბრძანების საფუძველზე.

 

ამ ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ პროექტის განხორციელებაზე გადაწყვეტილება დღემდე მიიღება სრულიად გაუმჭვირვალე მექანიზმებით. ეს კი აადვილებს კონკრეტული ჯგუფების ინტერესების წარმოჩენას „სახელმწიფო/გადაუდებელ აუცილებლობად“, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ელიტური კორუფციისათვის.

 

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დღემდე იმიზეზებს, რომ შებოჭილია ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულებებით/მემორანდუმებით, მაგრამ არ იყენებს მათი გაუქმების შესაძლებლობებს. მაგალითად, ზედმეტი სახელმწიფო დანახარჯების გარეშე შეიძლებოდა ხუდონ-ჰესთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაუქმება ინვესტორის მიერ დარღვეული პირობების გამო, მაგრამ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლების ჩარევის შედეგად პროექტი მხოლოდ სამი თვით შეჩერდა. იგივე სამინისტრო აქტიურად ლობირებს უნიკალურ ხდის ხეობაში ჰესის მშენებლობას, აცხადებს რა, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მხოლოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის ეტაპზეა, ხოლო ინვესტორს უკვე დარღვეული აქვს შეთანხმების პირობები.

 

სამწუხაროდ, ჩვენი დაკვირვებით, გრძელდება წინა ხელისუფლების დანერგილი პრაქტიკა – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კვლავ ზეწოლას ახდენს გარემოს დაცვის სამინისტროზე და აიძულებს დაჩქარებულად, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სათანადოდ გათვალისწინების გარეშე, გასცეს საქმიანობით დაინტერესებული სუბიექტების მაამებელი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. მინისტრი კახი კალაძე და მისი თანამშრომლები მუდმივად აცხადებენ, რომ ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებლად განხორციელდება „გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით“. უკანასკნელი ფრაზა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია, ”გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინება“ სწორედ იმას ნიშნავს, რომ ზოგი პროექტი განხორციელდება, ზოგი – არა, ხოლო ზოგში შევა სერიოზული ცვლილებები. მინისტრის ფრაზაში – „მიუხედავად ყველაფრისა“ კი, გარემოს დეგრადაციაც იგულისხმება. აღნიშნული სამინისტროს წარმომადგენელთა მოქმედებებსა და გამონათქვამებს, ჩვენი აზრით, განაპირობებს ორი ფაქტორი:

 

1. სამართლიან პოლიტიკურ ბრძოლაში მცირე გამოცდილების გამო ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები იოლად ექცევიან პრეზიდენტ სააკაშვილის შანტაჟის ქვეშ. საკმარისია დაისვას რომელიმე ჰესის ბუნებრივ ან სოციალურ გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მიზანშეუწონლობის საკითხი, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები დაუყოვნებლივ იწყებენ მედიის საშუალებით პოლიტიკურ შანტაჟს – სიბნელეში დაბრუნების, ნგრევის, პროგრესის შეჩერების და სხვა აპოკალიფსური სურათების დახატვის გზით. ამაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მაღალჩინოსნები პასუხობენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ყველა პროექტი – ანუ „პროგრესი“, აუცილებლად გაგრძელდება.

 

2. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურესების სამინისტროში წამყვანი პოზიციები უკავიათ უწინ სახელმწიფო თუ კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, რომელთაც წინა ხელისუფლების პირობებშიც ჰქონდათ ინტერესი ან/და ამჟღავნებდნენ ინტერესს კონკრეტული ენერგეტიკული პროექტების მიმართ. ეს კი იძლევა შემდეგი ვარაუდის საფუძველს: ან ამ ადამიანებს არ ძალუძთ შეცვალონ მიდგომები და მოერგონ ახალ რეალობას, ან მათ კვლავ გააჩნიათ პირადი მიზნები, რომელთაც გამიზნულად ნიღბავენ სახელმწიფოებრივი ინტერესებით.

 

„ჩვეული პრაქტიკის“ გაგრძელება (business as usual) იწვევს როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ისე მთლიანად მთავრობის და განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ დეკლარირებული იდეების დისკრედიტაციას. ამ წერტილიდან ნდობის დაკარგვამდე კი, მოგეხსენებათ, არც ისე დიდი მანძილია. იმედია, მთავრობა შეასრულებს წინასაარჩევნო დანაპირებს და ნებისმიერი ჰესის შესახებ გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გათვალისწინებით მიიღებს. მანკიერი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია შემდეგი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა:

 

– გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის გადამუშავება ევროკავშირის დირექტივებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პრაქტიკის გათვალისწინებით;

 

– ენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესის თანმიმდევრობის შეცვლა: გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებამდე სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის მემორანდუმების დადების აკრძალვა;

 

– მთავრობას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ დღევანდელ სასამართლოს ჯერჯერობით არ გააჩნია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტლებების მიღების უნარი. ამიტომ მთავრობამ თავად უნდა შეისწავლოს ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებული სადავო საკითხები: კანონდარღვევით და უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემული აქტები; საჯარო მოხელეთა ინტერესთა კონფლიქტები; პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეს კანონსაწინააღმდეგო აქტების მომზადებაში მონაწილე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ხელმძღვანელობის ქმედებებს.

 

ზემოხსენებულ გადაუდებელ ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია ქვეყნის ენერეტიკის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარება. შემოთავაზებული რეკომენდაციები დაეხმარება გადაწყვეტილებების მიმღებებს გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზისით გაწონასწორებული, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში. ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ გარემოსა და მოსახლეობის სოციალურ ინტერესებს დაიცავს, არამედ ინვესტორებისთვისაც მისაღები იქნება, ვინაიდან დაეხმარება მოსალოდნელი/ წარმოქმილი პრობლემების არიდებაში და გაუადვილებს თანხების მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან; ასევე, ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროპის ენერგო-თანამეგობრობის წევრი.

 

დასასრულს, გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ ყაზბეგის რაიონში, ხდის ხეობაში დაგეგმილ 6 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობის პროექტზე (რომელიც ინიცირებულია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოცემული განკარგულებით). მეცნიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების არაერთი წევრის, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის რწმენით, პროექტიდან მიღებული სარგებელი ვერ გადაწონის უნიკალური ხდის ხეობისთვის მიყენებულ გამოუსწორებელ ზიანს. პროექტი ამჟამად გადის ეკოლოგიურ ექსპერტიზას გარემოს დაცვის სამინისტროში. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ცდილობს, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში, გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობის გარკვეული სტანდარტის დამკვიდრებას, რაც ხელს შეუწყობდა მდგრადი განვითარების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა ამ სამინისტროს მცდელობა არ არის საკმარისი, ვინაიდან ხელისუფლების სხვა შტოები აგრძელებენ ნაციონალური მოძრაობის გაკვალული გზით სიარულს.

 

მართალია, ეს პროექტი თავისი სირთულითა და ზეგავლენის მასშტაბით ჩამოუვარდება ხუდონის, აჭარის და სხვა დიდი ჰესების პროექტებს, მაგრამ ნათლად აჩვენებს, რომ მცირე სიმძლავრის ჰესის აშენებასაც შეუძლია გამოუსწორებელი ზიანის მიყენება გარემოსთვის, თუ ის ხორციელდება ხელუხლებელ ეკოსისტემაში. ამასთანავე, ამ პროექტს განვიხილავთ ერთგვარ ინდიკატორად იმისა, გაგრძელდება თუ არა „ჩვეული პრაქტიკა“ და რამდენად შეასრულებს წინასაარჩევნო დანაპირებს „ქართული ოცნება“ – არა მარტო გარემოს დაცვის პრიორიტეტულობის, არამედ ელიტურ კორუფციასთან ბრძოლისა და ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისითაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი