აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა Tass-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “რესპუბლიკა აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან გაზიფიცირების საკითხზე”.
”გაზპრომის” სტრუქტურამ მოამზადა გაზიფიკაციის სქემა და მიუთითა ჩვენთვის შეერთების წერტილები და პუნქტები, სადაც შესაძლოა განთავსდეს გაზზე დაფუძნებული ელექტროენერგიის წარმოების სადგურები. ახლა ეს გეგმა პრაქტიკულ სიბრტყეში უნდა გადაიზარდოს” ,- განაცხადა ბჟანიამ.
ერთადერთი ელექტროსადგური, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ელექტროენერგიას აწვდის, არის ენგურჰესი. თუმცა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კაშხალში წყლის დონე ვარდება, რაც ენერგიის დეფიციტს იწვევს.
ამ პერიოდის მანძილზე, ოფიციალური ცნობით, აფხაზეთი ენერგიას რუსეთის ფედერაციისგან იღებს. მდგომარეობას ის ართულებს, რომ ყოველწლიურად ენერგიის მოხმარება იზრდება.
“ჩერნომორენერგოს” 2023 წლის მონაცემებით, რესპუბლიკამ მოიხმარა დაახლოებით 2,6 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია. აქედან ენგურჰესიდან – 1 მილიარდ 817 მილიონი კვტ/სთ, ხოლო რუსეთიდან – 789 მილიონი კვტ/სთ.
ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა Tass-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ [დე ფაქტო] ხელისუფლება ენერგეტიკული სექტორისთვის მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს უცხოელ ინვესტორებთან.
“აფხაზეთის ხელისუფლებას კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ინდუსტრია. იმისთვის, რომ ინდუსტრიამ ავარიული შემთხვევების გარეშე იმუშაოს, მასში აუცილებელია თანხების ინვესტირება, რაც ჩვენს სახელმწიფოს არ გააჩნია. ჩვენ ვაწარმოებთ და გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ინდუსტრიაში უცხოური ინვესტიციების მოზდივის მიზნით” ,- განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიას ცნობითვე, 9 თებერვლიდან აფხაზეთმა მიიღო ხელშეკრულება რუსეთისგან, რომელიც გულისხმობს “გარკვეული რაოდენობის ელექტროენეგიას” უფასოდ.
“ასე შეუძლებელია იყოს განუსაზღვრელი ვადით და უნდა იქნას მიღებული ზომები საკუთარი ენერგიის წყაროების აღსადგენად”, – ამბობს ის.
გარდა ამისა, დე ფაქტო აფხაზეთში 2022 წლიდან იზრდებოდა ელექტროენერგიის ტარიფი:
“ამ ფასში უფრო მეტი პოლიტიკა იყო, ვიდრე ეკონომიკა: ლობირებდა იდეა, რომ თითქოს ელექტროენერგიისთვის თანხის გადახდა არ იყო საჭირო. ეს არ შეესაბამება რეალობას, ამიტომ დღეს იძულებული ვართ გავზარდოთ ტარიფი და გავმართოთ ეკონომიკა. ეს ყველაფერი განხორციელდება ეტაპობრივად”, – განაცხადა ბჟანიამ.