ახალი ამბები

IDFI: ნავთობის სექტორში რუსული პროდუქციის წილი გაზრდილია

28 ნოემბერი, 2022 • 734
IDFI: ნავთობის სექტორში რუსული პროდუქციის წილი გაზრდილია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით, საქართველოში რუსული კაპიტალის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

IDFI-მ გამოიკვლია რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული საქართველოში მოქმედი კომპანიების მუშაობა, რესურსები და კავშირები შემდეგ სექტორებში: ელექტროენერგია, ნავთობი და გაზი.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • ნავთობის სექტორში რუსული პროდუქციის წილი გაზრდილია. მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, მაისიდან ივნისის ჩათვლით, რუსული ნავთობის წილის ზრდამ ქართულ ბაზარზე 5% შეადგინა, შესაბამისად, ტენდენცია მზარდია;
  • ბუნებრივი აირის სექტორში საქართველოში იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანიდან ხორციელდება. 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ გაზში გადახდილი თანხა სრული იმპორტირებული გაზის ღირებულების 22% იყო, 2022 წლის პირველ 6 თვეში კი, 14,6%;
  • 2022 წლის მაისის მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის წილი 28%-ს შეადგენდა, რაც თითქმის 139 ათასი ტონა იყო. შესაბამისად, ერთი თვის მანძილზე რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის წილი 5%-ით გაიზარდა;
  • ბაზარზე მზარდი იყო რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობა და საერთო იმპორტის 64-65%ს შეადგენდა;
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან საწვავის იმპორტიორებს შორის არის ბაზარზე მოთამაშე ყველაზე მსხვილი 5 კომპანიიდან 4. ესენია: „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“, „ვისოლი“ და „სოკარი“;
  • 2010-2022 წლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა რუსულ კომპანია „ლუკოილთან“ 3 ათასამდე ხელშეკრულება გააფორმე სსაავტომობილო საწვავის მიწოდებაზე .  ამ პერიოდში სახელმწიფო უწყებებმა „ლუკოილისგან“ 200 მილიონი ლარის საწვავი შეიძინეს;
  • რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის წილი საერთო იმპორტულ ელექტროენერგიაში არის 25% (252.2 მლნ.კვტ/ სთ). დანარჩენი მოდის აზერბაიჯანსა (60%) და თურქეთზე (15%).

IDFI-ის თანახმად, კომპანიებში, რომლებიც საქართველოში ნავთობის ბაზარზე ოპერირებენ, რუსული მფლობელობის კვალი ნაკლებად შეიმჩნევა. ერთადერთი კომპანია, რომელშიც კვლავ ჩანს რუსული მფლობელობა, „ლუკოილ ჯორჯიაა“. 2020 წლის დეკემბრიდან კომპანიის 100%-ის მფლობელია LITASCO SA, რომელსაც, თავის მხრივ, ფლობს რუსული Lukoil Public Joint Stock Company. „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორია სერბეთის მოქალაქე მიხაილო იუროვიჩი (Mikhailo Jurovich). რუსული „ლუკოილი“ 2022 წლის იანვარში ამერიკის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა, რაც ნავთობის პროექტების შეზღუდვას გულისხმობს. „ლუკოილ ჯორჯია“ წლებია, აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. IDFI ხაზს უსვამს, რომ „ლუკოილ ჯორჯიასთან“ დაკავშირებულია საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახელი.

რაც შეეხება „გალფს“, მისი მფლობელი „პეტროკასია“, “პეტროკასის” 49% წილს კი, თავის მხრივ, რუსული „როსნეფტი“ ფლობდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „როსნეფტის“ წილი გასხვისდა. შესაბამისად, რუსული პირდაპირი კვალი, კვლევის მიხედვით, ამ კომპანიაში აღარ გვხვდება.

IDFI აღნიშნავს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა კომპანიამ რა რაოდენობის ნავთობი შემოიტანა, კონფიდენციალურია, შესაბამისად, შეუძლებელია განსაზღვრა, თუ რომელი იმპორტიორების ხარჯზე გაიზარდა საქართველოში რუსული ნავთობის მოცულობა.

„მიუხედავად ამისა, რუსული ნავთობის იმპორტის ზრდის ტენდენცია მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ რუსული მფლობელობის არარსებობის მიუხედავად, საქართველოს ბაზარზე კომპანიების დიდი ნაწილი სწორედ რუსული ნავთობით მარაგდება. შესაბამისად, აღნიშნულ სექტორში ეკონომიკური დამოკიდებულების კომპონენტი კვლავ მზარდია“, — ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, ბუნებრივი აირის სექტორში საქართველოში იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანიდან ხორციელდება. 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ გაზში გადახდილი თანხა სრული იმპორტირებული გაზის ღირებულების 22% იყო, 2022 წლის პირველ 6 თვეში კი — 14,6%. რაც შეეხება ბუნებრივი აირის იმპორტიორ კომპანიებს საქართველოს ბაზარზე, IDFI-ის თანახმად, რუსული მფლობელობა ან/და სხვა სახის რუსული კავშირები არ იძებნება.

კვლევა სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://idfi.ge/ge/russian_capital_in_georgian_businesss_2022 .

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი