კომენტარი

ხათუნა ლაგაზიძე: მთავრობა გაემიჯნა სააკაშვილის საგარეო პოლიტიკურ აქტივობებს

4 მარტი, 2013 • 1133
ხათუნა ლაგაზიძე: მთავრობა გაემიჯნა სააკაშვილის საგარეო პოლიტიკურ აქტივობებს

 

 

“მე მაქვს ძალიან მკეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც სააკაშვილმა წამოწია. მედიის თავისუფლება, სასამართლო და პოლიტიკური ზეწოლა, უბრალოდ, სასაცილოა და ცინიკურია სააკაშვილის მხრიდან ამ თემებზე საუბარი მისი ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს ჩვენ პრეზიდენტის მიმართ, მისი პრესტიჟი ჩემი, თქვენი და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის პრესტიჟია, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მე ვისურვებდი პრეზიდენტმა შეინარჩუნოს სახე და პრესტიჟი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ”.

ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრად მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე საკითხი. მათ შორის ის, რომ პრეზიდენტი “ვერ გაბედავს” მთავრობის დათხოვნას, ასევე, ის განცხადება, რაც ივანიშვილმა პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ გამოსვლებთან დაკავშირებით გააკეთა:

“ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ორი რამით- ერთი გახლდათ ის, რომ საბოლოოდ გამოიკვეთა, სააკაშვილი ვერ გაბედავს დაითხოვოს პარლამენტი და მთავრობა და შემდეგ ერთპიროვნულად დანიშნოს ახალი მთავრობა, თუმცა ეს დღემდეც არაერთხელ დაფიქსირდა. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია ფაქტიურად ახალი ტიპის რისკები, რაც სააკაშვილისგან მივიღეთ, ეს არის მის მიერ ჩადებული ნაღმები საგარეო პოლიტიკურ არეალზე. ეს იყო ალბათ ერთადერთი ახალი, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, როცა პრემიერმა თქვა, რომ პრეზიდენტი თავისი საგარეო პოლიტიკური აქტივობით სულ მცირე უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას. უფრო მეტიც, რეალურ რისკებს დებს საგარეო პოლიტიკურ არეალზე”, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე. მისი თქმით, ის განცხადებები, რაც სააკაშვილის მხრიდან ბოლო დროს გაკეთდა, ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს რეალურ საფრთხეს უქმნის:

“პრემიერმა დღეს მაგალითად მოიყვანა უკრაინასთან ურთიერთობები, როდესაც ჩვენ მოქალაქეობას ვაძლევთ ინტერპოლის მიერ თაღლითობისთვის ძებნილ ადამიანებს და შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანი იძულებულია ამას მისცეს შეფასება, თითქოს ეს ადამიანები იდევნებოდნენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რაც უბრალოდ მიუღებელია მეგობრულ ურთიერთობაში. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა მართლაც ბოკერია, პრეზიდენტის ხუშტურის გასამართლებლად ის იძულებული იყო, ისეთი განცხადება გაეკეთებინა, როცა ეს ზოგადად მის სტილისტიკაში არ შედის და რაც თუნდაც მისი იმიჯისთვის დასავლეთის ქვეყნების თვალში ძალიან წამგებიანი იქნება.

ასევე, როდესაც რუსები იყვნენ ჩამოსული ქართული ღვინის შესასწავლად, პრეზიდენტის მაშინდელი კომენტარი რამდენად ცუდად აისახა და ონიშენკო აპირებდა სასწრაფო წესით გაწვევას თავისი თანამშრომლების.

ყველაზე მთავარი კი მაინც იყო ის განცხადება, რომელიც აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტმა გააკეთა. რომ არა აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ეს განცხადება მინიმუმ დიპლომატიური სკანდალის და შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობის გართულების მიზეზიც გამხდარიყო. ეს არის პროვოცირება კონფლიქტისა ორ სახელმწიფოს შორის. ეს იყო, მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც პრემიერმა წამოწია და, ფაქტობრივად, მთავრობა გაემიჯნა სააკაშვილის საგარეო პოლიტიკურ აქტივობებს”, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი