პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მე-2 მოსმენით განხილვისას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი თინა ბოკუჩავა დარბაზიდან გააძევა.
პარტიის “საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის სიტყვით გამოსვლისას თინა ბოკუჩავამ დარბაზში ხმამაღლა საუბარი დაიწყო, თუმცა პარლამენტის ვებ-გვერდზე გადმოცემულ პირდაპირ ეთერში არ ჩანს, ვის მიმართავს ბოკუჩავა, ასევე, არ ისმის, რას ამბობს. თუმცა სხდომის წამყვანმა, შალვა პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ მიკროფონის გარეშე საუბრისა და დეპუტატის შეურაცხყოფისთვის გაძევებულია დარბაზიდან.
იქამდე შალვა პაპუაშვილმა გააძევა ბოკუჩავას თანაპარტიელი, გიორგი ბოტკოველი. ასევე, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები – თაკო ჩარკვიანი და სალომე სამადაშვილი.
შალვა პაპუაშვილი მიკროფონს უთიშავს ყველა დეპუტატს, ვინც მისი შეფასებით “არათემატურ” საკითხზე საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ იგივე პრაქტიკით მიჰყავდა სხდომა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილსაც. 29 აპრილს, როცა კომიტეტმა რუსული კანონს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი, ოხანაშვილმა დარბაზიდან, ჯამში, 17 ადამიანი გააძევა – 14 დეპუტატი და 3 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
ამ წუთებში პარლამენტი რუსულ კანონს მე-2 მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილავს. დღესვეა დაგეგმილი კანონპროექტის კენჭისყრა. პარლამენტში კვლავ აკრძალულია ყველა მედიის მუშაობა, გარდა ტელევიზიებისა.
პარალელურად, სოციალურ ქსელში რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები თვითორგანიზებულად გეგმავენ თბილისში ჩამოსვლას რუსული კანონის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. მაგალითად, 12:00 საათიდან მოქალაქეთა კოლონა ბათუმიდან გამოემართება დედაქალაქისკენ. ორგანიზებული მსვლელობებით აპირებენ თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეები სხვა ქალაქებიდანაც, რაღა შეუერთდნენ საღამოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.