საზოგადოება

პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო

1 მაისი, 2024 •
პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო.

ორდღიანი განხილვის შემდეგ, კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, პირველ მაისს გაიმართა. რუსულ კანონს მხარი ამჯერადაც მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 54-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

რუსული კანონის განხილვა დღესაც დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. პლენარული სხდომის დაწყება რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო, რადგან ოპოზიციასა და უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა.

წინა განხილვების მსგავსად, ოპოზიციონერი დეპუტატები დღევანდელი სხდომიდანაც გააძევეს.

დღესაც რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც ის საბოლოოდ შევა ძალაში.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი