ახალი ამბები

უსუფაშვილი: უშიშროების საბჭო მოითხოვს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობას

29 იანვარი, 2016 • 1370
უსუფაშვილი: უშიშროების საბჭო მოითხოვს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობას

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს 20 წლისთავს ეძღვნებოდა, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საბჭოს მუშაობაში ჩართულნი იყვნენ პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტის წევრებიც.

დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომას მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ – პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სუს–ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. კვირიკაშვილის წინამორბედი, ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ–მინისტრობის 2 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაესწრო უშიშროების საბჭოს სხდომას.

“დღევანდელი სხდომა ერთ-ერთი მშვენიერი მაგალითი იყო ამისა და ჩვენ პრაქტიკაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველა ის საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ ვმსჯელობდით, აუცილებლად მოითხოვდა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის წარმომადგენლების უშუალო და აქტიურ ჩართულობას,”– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საბჭოს მუშაობის გასული პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ იყო შემთხვევებიც, როცა უშიშროების საბჭო არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული პირების უსაფრთხოებას იცავდა:

“ჩვენ ამ 20 წლის განმავლობაში გვქონია შემთხვევები, როდესაც იქნებოდა ხოლმე განცდა, რომ ესა თუ ის სახელმწიფო დაწესებულება, და მათ შორის უშიშროების საბჭო, უფრო რომელიმე მოქმედი, კონკრეტული თანამდებობის პირის უშიშროება-უსაფრთხოებას, ან მოქმედი პოლიტიკური გუნდის უშიშროება-უსაფრთხოებას ემსახურებიდა, ვიდრე ქვეყნის, ან სახელმწიფოს უშიშროებას და უსაფრთხოებას. ეს არ იყო რომელიმე უშიშროების საბჭოს რომელიმე მდივნის არჩევანი. ეს იყო ხოლმე ქვეყნის ლიდერების, პრეზიდენტების, პრემიერების თუ სხვა, არჩევანი. როდესაც სახელმწიფო დაწესებულებების დაქვემდებარება ხდებოდა კერძო თუ გუნდური ინტერესებისათვის. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს აქვს, არის ამ მავნე პრაქტიკის საბოლოოდ დასრულება. მოხარულები ვართ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი,”– განაცხადა მან.

დავით უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა იმ კონტექსტზე, რომელშიც საქართველოს უშუშროების საბჭოს უწევს მუშაობა:
“დღეს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ, გარკვეულწილად ვულოცავთ ერთმანეთს უშიშროების საბჭოს 20 წლისთავს, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნის უშიშროების საბჭოზე, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, რომლის უსაფრთხოება არ არის გარანტირებული და რომელსაც ძალიან გრძელი გზა აქვს კიდევ გასავლელი იმისათვის, რომ იქცეს მართლაც დამოუკიდებელ, სტაბილურ, თავისუფალ სახელმწიფოდ, რომელსაც ექნება განვითარების მეტი შესაძლებლობა,”– განაცხადა მან.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო 1996 წელს შეიქმნა.  პირველი უშიშროების საბჭოს წევრები იყვნენ ნიკოლოზ ლეკიშილი -საქართველოს სახელმწიფო მინისტრი,
ნუგზარ საჯაია- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ვარდიკო ნადიბაიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი