ახალი ამბები

„ოცნების“ პარლამენტმა I მოსმენით მიიღო გრანტების წინააღმდეგ კანონპროექტი

15 აპრილი, 2025 •
„ოცნების“ პარლამენტმა I მოსმენით მიიღო გრანტების წინააღმდეგ კანონპროექტი

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კიდევ ერთი რეპრესიული კანონპროექტი, რომელიც მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს.

„ქართულ ოცნებას“ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე კვირაში კანონი მიღებული იქნება.

ცვლილებები ამჯერად გრანტის გამცემს (დონორს) ავალდებულებს, რომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს და წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

კანონპროექტით აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს.

კანონპროექტის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვაზე გადაწყდა, რომ ნებართვა დასჭირდეს და ანტიკორუფციული სამსახურის კონტროლქვეშ მოექცეს გრანტის მიზნის ცვლილებაც.

კანონის პროექტი ითვალისწინებს აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებულ სანქციებს, კერძოდ:

  •  აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
  • ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
  • ზემოთ მოყვანილი რომელიმე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის განსაზღვრულია შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადგენილი სანქციის ორმაგი ოდენობით დაჯარიმება.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებს საერთო განცხადებით უპასუხეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა. მათი თქმით, აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების დატოვებას მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ და საერთაშორისო საზოგადოებას უკრძალავს მათ თანადგომას.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კანონი მიზნად ისახავს საქართველოს გადაქცევას ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია „ქართული ოცნების“ ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისაგან.

როგორც რუსული კანონის შემოღების წინა ტალღებისას, ახლაც „ოცნების“ ხელწერა ძალიან ჰგავს ავტორიტარული რეჟიმებისას.  მსგავსი კანონის მიღების შემდეგ დაიწყო მეზობელ აზერბაიჯანში დიდი რეპრესიები, რის შედეგადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა, საერთაშორისო ორგანიზაციები კი ქვეყნიდან საერთოდ გავიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი