საზოგადოება

რატომ სურს “ოცნებას” გრანტების კონტროლი და რა მოხდა აზერბაიჯანში

11 აპრილი, 2025 •
რატომ სურს “ოცნებას” გრანტების კონტროლი და რა მოხდა აზერბაიჯანში

„ქართული ოცნება“ მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს და ავტორიტარიზმისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს.

სწორედ ასე აფასებენ მმართველი პარტიის მორიგ რეპრესიულ ნაბიჯს მესამე სექტორში, რომლის მოგუდვასაც „ქართული ოცნება“ ბოლო წლებია ცდილობს. პარტია, რომელიც ბოლო 3 წელია გრანტების წინააღმდეგ „გამჭვირვალობის“ საბაბით იბრძოდა, ახლა თითქმის გაცხადებულად ამბობს, რომ სინამდვილეში მისი მიზანი მისთვის არასასურველი სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების დაფინანსების გარეშე დატოვებაა, რაც მათი საქმიანობის შეწყვეტას გამოიწვევს.

როგორც რუსული კანონის შემოღების წინა ტალღებისას, ახლაც „ოცნების“ ხელწერა ძალიან ჰგავს ავტორიტარული რეჟიმებისას.  მსგავსი კანონის მიღების შემდეგ დაიწყო მეზობელ აზერბაიჯანში დიდი რეპრესიები, რის შედეგადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა, საერთაშორისო ორგანიზაციები კი ქვეყნიდან საერთოდ გავიდნენ.

რა მსგავსებაა აზერბაიჯანის მოვლენებთან

„ქართულ ოცნებას“ „გრანტების შესახებ“ კანონში რეპრესიული ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს, რომელიც ამჯერად გრანტის გამცემს (დონორს) ავალდებულებს, რომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს და წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

„ოცნების“ კანონპროექტის მიხედვით:

  •  მთავრობამ გრანტის საკითხზე გადაწყვეტილება 10 დღეში უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ თანხმობის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
  • მთავრობის სავალდებულო თანხმობა არ დასჭირდებათ: საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალური სტიპენდიაზე, აგრეთვე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებულ გრანტებზე.
  • აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს.
  • კანონის პროექტი ითვალისწინებს აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებულ ჯარიმებსაც.

რას ითვალისწინებს „ოცნების“ ახალი კანონპროექტი გრანტების წინააღმდეგ

მსგავსი შინაარსის კანონი აზერბაიჯანში 10 წელზე მეტია მოქმედებს. 2013-2014 წლები აზერბაიჯანში  „არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნითა“ და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვის საბაბით „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონსა“ და  „გრანტების შესახებ“ კანონებში ცვლილებები შევიდა. სწორედ ამ პერიოდს მოიხსენიებენ აზერბაიჯანში დიდი რეპრესიების დასაწყისად.

აზერბაიჯანში მიღებული ამ ცვლილებებით, დონორების მიერ ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვის გრანტების გაცემა მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეიძლება. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს ნებართვა გახდა სავალდებულო. მთავრობის ნებართვის მოსაპოვებლად არასამთავრობო ორგანიზაციის ან დონორისთვის საჭირო გახდა ცნობა შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოსგან (მაგალითად, ფინანსთა სამინისტროსგან) გრანტის ფინანსური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესახებ.

აზერბაიჯანში კანონი მოითხოვს, რომ ქვეგრანტები და დახმარების სხვა ფორმები, ისევე როგორც გრანტის ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებები, დარეგისტრირდეს იუსტიციის სამინისტროში იმავე პროცესით, როგორც გრანტები. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საგრანტო ხელშეკრულების რეგისტრაციისთვის წარუდგენლობის გამო გათვალისწინებულია მსხვილი ჯარიმები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. არარეგისტრირებული ხელშეკრულებებით (გადაწყვეტილებებით) გრანტის თანხების საბანკო ტრანზაქციებში მიმართვა არ შეიძლება.  გრანტის რეგისტრაციის გარეშე რაიმე საბანკო ოპერაცია ითვალისწინებს ჯარიმებს ფიზიკური და იურიდიულ პირებისთვის (ბანკების ჩათვლით).

გარდა ამისა, აზერბაიჯანის კანონმდებლობა მოიცავდა ვალდებულებას უცხოელი დონორებისთვის, დაერეგისტრირებინათ ოფისი აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანის საკანონმდებლო ცვლილებებზე დასკვნა მოამზადა ვენეციის  კომისიამ, რომლის შეფასებითაც გრანტის გაცემის უფლების მოპოვების პროცედურის განსაზღვრა „შესაბამისი ორგანოს შეხედულებისამებრ რჩება“.

საბოლოოდ, აზერბაიჯანში მიღებული ცვლილებებით,  დაფინანსების მიღება იმდენად გართულდა, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა, საერთაშორისო ორგანიზაციები კი ქვეყნიდან საერთოდ გავიდნენ.

იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს კი, რომლებიც აზერბაიჯანში დარჩნენ, მუშაობის გასაგრძელებლად ახალ რეჟიმზე გადასვლა მოუწიათ, რაც მათი საქმიანობის ფოკუსის შეცვლას ნიშნავდა. ორგანიზაციები ძირითადად ჰუმანიტარულ, გარემოსდაცვით ან სოფლის მეურნეობის საკითხებზე იყვნენ ფოკუსირებული და  არა ისეთ კრიტიკულ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კორუფცია, მედიის თავისუფლება, არჩევნები…

„ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, მალე ეგეც კი აღარ გვექნება“

სალომე შუბლაძე, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორია, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ რეპრესიული ცვლილებების მიზანიც იგივეა, რაც აზერბაიჯანში იყო – დამოუკიდებელი ორგანიზაციების დამორჩილება.

„შეიძლება ეს არ იყოს დაფინანსების წყაროს სრულად გადაკეტვა, თუმცა ესეც მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული“, – აცხადებს სალომე შუბლაძე.

სალომე შუბლაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონების სრულად ამოქმედების პირობებში, შეიძლება საქართველოში მხოლოდ იმგვარი საქმიანობა დარჩეს კანონიერი, რომელიც ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შემქმნელი საერთოდ არ არის, ანუ ე.წ. GONGO-ების – სამთავრობო არასამთავრობოების მუშაობა გახდება მხოლოდ შესაძლებელი.

„FARA-ს იმ ვერსიასთან ერთად, რომელიც საქართველოში მიიღეს, ეს კანონიც [გრანტების შესახებ] არის კიდევ ერთი მცდელობა და აშკარა გამოვლინება იმისა, რომ ხელისუფლების მიზანი არის გააქროს ის ორგანიზაციები, რომლებიც მისთვის არის პოლიტიკურად მიუღებელი. თუ ვერ გააქრობს და შეიძლება არც იყოს ეს აუცილებელი, შეზღუდოს მაინც მათი იმგვარი საქმიანობა, რომელიც მას დისკომფორტს შეუქმნის. საუბარია ისეთი ორგანიზაციებზე, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას, ჩართული არიან უფლებადაცვით საქმიანობაში. ამ ტიპის საქმიანობის სრულად გაქრობა არის მათი მიზანი“, – აცხადებს სალომე შუბლაძე.

„ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, ეგეც კი აღარ გვექნება მალე. ეს პროცესი მიმდინარეობს დაჩქარებულად და, სამწუხაროდ, უარესი არის მოსალოდნელი. ამიტომაა აშკარა, რომ ეს ილუზორული დემოკრატიის ნიშნებიც კი ქრება, რაც გვქონდა და, სამწუხაროდ, ტოტალიტარული ქვეყნების სიაში ეწერება საქართველო“, – აცხადებს სალომე შუბლაძე.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებს საერთო განცხადებით უპასუხეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა. მათი თქმით, აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების დატოვებას მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კანონი მიზნად ისახავს საქართველოს გადაქცევას ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია „ქართული ოცნების“ ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი