პათოლოგანატომი და ემბრიოლოგი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელი ნინო მუსერიძე ამბობს, რომ სუროგაციის სრულად აკრძალვის ნაცვლად, უკეთესი გზა მკაფიო რეგულაციების დაწესებაა. პროფესორი სოციალურ ქსელში წერს, რომ რეგულაციების მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებები, სამედიცინო მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოება უნდა იყოს.

ექიმი გამოთქვამს სურვილის, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით შვილის გაჩენის ერთი მცდელობა მაინც ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მიერ:

 „როგორც რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენელი, მივესალმები დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ სუროგაციის პროგრამების ხარისხი და უსაფრთხოება.
მიმაჩნია, რომ სრული აკრძალვის ნაცვლად, უკეთესი გზა მკაფიო რეგულირებაა. სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტები, მათი შესრულების ეფექტიანი ზედამხედველობა და გამჭვირვალე პირობები დაგვეხმარება, დავიცვათ ბავშვის, სუროგატი დედისა და მომავალი მშობლების უფლებები. ამავდროულად, მშობლობის შესაძლებლობას შევუნარჩუნებთ ოჯახებს, რომლებსაც სუროგაცია სამედიცინო მიზეზებით სჭირდებათ.
გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ სრულმა აკრძალვამ შესაძლოა შეაფერხოს საქართველოში როგორც სამედიცინო ტურიზმის, ისე რეპროდუქციული მედიცინის განვითარება. იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტი ყურადღებით მოისმენს პაციენტებისა და სპეციალისტების მოსაზრებებს, შეაფასებს თითოეული მიდგომის რისკებსა და სარგებელს და მხარს დაუჭერს რეგულირებას, რომლის მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებები, სამედიცინო მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოება იქნება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი მცდელობა მაინც დაფინანსდეს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით შვილის გაჩენა სახელმწიფოს მიერ… დემოგრაფიას თანადგომა სჭირდება..“ – წერს ნინო მუსერიძე.


22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე. მან დააზუსტა, რომ სუროგაცია სრულად აიკრძალება. მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე უკვე მუშაობენ და მას მალე მიიღებენ.

„ოცნების“ წევრი ამბობს, რომ აქტიური კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთან.

დღევანდელი განცხადებით მიხედვით, ცვლილებები არ შეეხება „ინ ვიტრო“ განაყოფიერებას, რომელიც მკაცრი რეგულირების ქვეშაა. იხილეთ: