ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს. მათი შეფასებით, ეს კანონები ზღუდავს დემოკრატიას.
“ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ახალი, რეპრესიული მექანიზმებით. მათ შორის, უცხოელი აგენტებისა კანონითა და ინიციატივით, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საშუალებას იძლევა.
ეს ზღუდავს ქართულ დემოკრატიას გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო სივრცისა და პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებით”, – ვკითხულობთ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პირველ აპრილს “ქართულმა ოცნებამ” მიიღო მედიისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მიმართული კანონები.
კერძოდ, „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის შესახებაც მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ის არის ამერიკული FARA-ს ანალოგი და კანონი სიტყვასიტყვით ნათარგმნია. ასევე, ორი კანონი მედიის წინააღმდეგ:
- „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებათა ერთი ნაწილი ტელე და რადიომაუწყებლობის შინაარსის რეგულირებას უკავშირდება. შინაარსის რეგულირება მაუწყებელთა ონლაინპლატფორმებზეც გავრცელდება.
- „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული კიდევ ერთი ცვლილებით ტელევიზიებისა და რადიოებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აიკრძალა, რაც ისედაც კრიზისში მყოფი კრიტიკული ტელევიზიების მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნდა სამშობლოს ღალატის მუხლი; ყველა კანონიდან ამოიღეს სიტყვა “გენდერი”; საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სავალდებულო აღარ იქნება; საჯარო მოხელეებსა და მოსამართლეებს აეკრძალებათ აკადემიური საქმიანობა ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.
გარდა ამისა, “ქართულმა ოცნებამ”, “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის დაანონსების შემდეგ, გადაწყვიტა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია, რომელსაც მის მემკვიდრედ მიიჩნევენ.
ამავე თემაზე: