დღეს, პირველ აპრილს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ კანონები საბოლოოდ მიიღო.
კერძოდ, „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის შესახებაც მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ის არის ამერიკული FARA-ს ანალოგი და კანონი სიტყვასიტყვით ნათარგმნია.
ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად — ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ — მიიღეს. FARA-ს მიზანია გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.
ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების განცხადებით, აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, „ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.
არაერთი კვალიფიციური სამართლებრივი შეფასება ამბობს, რომ ქართულ რეალობაში FARA-ს გადმოტანა შეუძლებელია, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამერიკაში ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებს კანონის შინაარსს, სტანდარტებსა და პრინციპებს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელმაც „ქართული ოცნების“ კანონპროექტისა და FARA-ს შედარებითი ანალიზი გამოაქვეყნა, ამბობს, რომ თუ მმართველი პარტია FARA-ს კანონის ამერიკული სასამართლო პრაქტიკის ლოგიკით გამოყენებას ასევე ზედმიწევნით შეეცდება, მაშინ აშკარაა, რომ სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებული, მაგრამ დამოუკიდებელი დღის წესრიგის მქონე სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები FARA-ს ტიპის კანონის მოქმედებაში ვერ მოექცევიან, ვინაიდან:
„FARA-ს მიზანია გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის [აქტორის] მითითებებს“.
ამჟამად, იმისათვის, რომ სუბიექტი აგენტად აშშ-ში რეგისტრაციას დაექვემდებაროს, ნათლად უნდა ჩანდეს მის მიერ სხვა სახელმწიფოს ან უცხოელი აქტორის ინტერესების ლობირება. მაგალითად, FARA-ში რეგისტრირებულია რუსული სამთავრობო-პროპაგანდსიტული “სპუტნიკი” და “რაშა თუდეი”, მაგრამ არ არის რეგისტრირებული სხვა ქვეყნებში დაფუძნებული დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები, როგორიცაა ბრიტანული გარდიანი და სხვა.
დღესვე „ოცნების“ პარლამენტმა დაამტკიცა მედიის წინააღმდეგ ორი კანონპროექტი.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებათა ერთი ნაწილი ტელე და რადიომაუწყებლობის შინაარსის რეგულირებას უკავშირდება.შინაარსის რეგულირება მაუწყებელთა ონლაინპლატფორმებზეც გავრცელდება.
„ოცნება“ ირწმუნება, რომ მედიაში მაღალ სტანდარტს აწესებს. სინამდვილეში კი, კრიტიკული მაუწყებლების წარმომადგენლების განცხადებით, „ოცნება“ ცდილობს, რომ სისტემის ხელში გადავიდეს პოლიტიკური ცენზურის წარმოება. ამ ცვლილებებით სისტემას დაემატება სამართლებრივი და რეგულატორის მექანიზმები, რომლებიც მედიის მიერ წარმოებული პროდუქციის შინაარსში ჩარევას კანონიერს გახდის.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული კიდევ ერთი ცვლილებით ტელევიზიებისა და რადიოებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აიკრძალა, რაც ისედაც კრიზისში მყოფი კრიტიკული ტელევიზიების მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
როგორც კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მათ შემოსავლებში უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება უმნიშვნელოა, „ოცნების“ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები უსპობთ შესაძლებლობას, დახურვის პირას მისულმა მაუწყებლებმა სამომავლოდ გადარჩენა დონორების დახმარებით შეძლონ.