საზოგადოება

“ოცნება” აპირებს, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს ყველა ოპოზიციური პარტია, ვისაც ენმ-ის მემკვიდრედ ჩათვლის

27 მარტი, 2025 •
“ოცნება” აპირებს, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს ყველა ოპოზიციური პარტია, ვისაც ენმ-ის მემკვიდრედ ჩათვლის

“ქართულმა ოცნებამ”, “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის დაანონსების შემდეგ, გადაწყვიტა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია, რომელსაც მის მემკვიდრედ მიიჩნევენ. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ჩვენ უკვე დავაინიციირეთ კანონპროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების [ენმ და, როგორც “ქართული ოცნება” უწოდებს, “მისი სატელიტი პარტიები”] მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის  საწესდებო მიზნების იდენტური იქნება”, – განაცხადა მდინარაძემ.

მან ისაუბრა წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძებო კომისიაზეც, რომელიც “ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა შექმნა. მდინარაძე ამბობს, რომ კომისიის დასკვნა მყარ საფუძველს შექმნის ენმ-ისა და მისი “სატელიტი” და “მემკვიდრე” პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.

თუმცა “ქართული ოცნების” ინიციატივა ამით არ შემოიფარგლება: თუ დროებითი კომისია აქამდე მხოლოდ 2003-2012 წლებში ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებს შეისწავლიდა, მომავალში მისი მანდატი მოიცავს 2012 წლიდან დღემდე პერიოდსაც.

ასევე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების საჭიროებაც, აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რაც წარსულში ჩაიდინეს, იმის გაგრძელებაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაშიც სჩადიან […] 2012 წლის შემდგომაც, მათ აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და რეაგირებას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაცია კომისიის შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მისი მანდატი გაფართოვდეს და ახალი დადგენილებით, გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ, ანუ, საერთო ჯამში, 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდზე”, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე გამოეხმაურა ბოლოდროინდელ დისკუსიას ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. მან თქვა, რომ ამ დისკუსიას აზრი არ აქვს, რადგან არჩევნებამდე “ქართული ოცნება” მათ არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს და საქმიანობას აუკრძალავს.

“აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი უფროსები დაავალებენ. მათი დავალებით ისინი ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. სინამდვილეში, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი.

ამ ეტაპზეც კი მკაფიოდ იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი საფუძველი და საკონსტიტუციო სასამართლოც, დარწმუნებულები ვართ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერც ერთ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. როგორც ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი