სამოქალაქო ორგანიზაციების გაერთიანებული სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” პროკურატურისგან მოითხოვს, დაიწყონ გამოძიება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების მიერ სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
საუბარია სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელშეშლა; ხმის ფარულობის დარღვევა; ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობა; არჩევნების გაყალბება; ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა და ა.შ.
კოალიციის სპიკერმა, ლონდა თოლორაიამ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის გარდა დაასახელა მისი მოადგილე, გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი. თოლორაიას თქმით, მათ შეთანხმებული მოქმედებას “ცესკოს სხდომების ვიდეომასალის ანალიზი ადასტურებს”.
თოლორაიამ ჩამოთვალა ის ფაქტორები, რის საფუძველზეც პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვენ:
- ხმის ფარულობა
“ცესკომ არ შეასრულა გაცემული დაპირება, რომ არჩევნების დღეს ბიულეტენის ხარისხი ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფდა. არჩევნების დღისთვის განკუთვნილი ბიულეტენი დაბეჭდილი იყო თხელ ქაღალდზე, რაც ყველა ელექტრონულ უბანზე მყოფი პირებისთვის ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირებას ხდიდა შესაძლებელს.
ცესკოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ/ქმედებამ არჩევნების დღეს საშუალება მისცა მმართველ პარტიას, მასშტაბურად ეკონტროლებინა ამომრჩევლის ნება როგორც საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ, ასევე, კენჭისყრის კაბინებთან და ხმის მთვლელ აპარატებთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამოყენებით”, – განაცხადა თოლორაიამ.
- საუბნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების წესის ცვლილება
“ცესკომ, საჯარო განხილვებისა და ჩართულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, არჩევნებამდე ორი თვითა და 9 დღით ადრე, უკანონოდ, თვითნებურად და დაუსაბუთებლად შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი: ნაცვლად იმისა, რომ რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადად განსაზღვრა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე პერიოდი.
ამ ცვლილების შედეგად, აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის გახდა შეუძლებელი. ამასთან, ცესკოს მიერ ვერიფიკაციის აპარატებთან მომუშავე პირების დანიშვნის წესის ცვლილებამ და ერთი კვირით ადრე მათი ვინაობის განსაზღვრამ გაამარტივა და შესაძლებელი გახადა ამ ფუნქციის შემსრულებელ პირებზე ზემოქმედება და მმართველი პარტიის ინტერესებისადმი დაქვემდებარება.
ცესკოს ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა ნაკადის რეგულირებასა და მარკირების პროცედურებზე პასუხისმგებელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთათვის ამ ფუნქციების გაუმჭვირვალე პროცესით მინიჭება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ არჩევნების დღის განმავლობაში მარკირების წესის დაუცველობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაყალბების სქემის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ მარკირების განუხორციელებლობამ გახადა შესაძლებელი სხვისი პირადობის მოწმობითა და სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემა”, – ამბობს ლონდა თოლორაია.
- ხელის შეშლა დამკვირვებლებისთვის
“ცესკოს საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვებას არანაირი შეფერხება არ ექნებოდა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სრულიად საპირისპირო რეალობა იყო: საარჩევნო უბნებზე სარეგისტრაციო მაგიდები მიბჯენილი იყო კედელზე იმგვარად, რომ დამკვირვებლებისთვის შეუძლებელი ყოფილიყო პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება. იქ, სადაც ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ ვერიფიკაციის აპარატების უკან დგომის შესაძლებლობა, კომისიის წევრები მიუთითებდნენ, რომ ადგილს მოშორებულიყვნენ, რადგან არ ჰქონდათ ამ ლოკაციიდან დაკვირვების უფლება. გარკვეულ შემთხვევებში, ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების გამო, ჩვენი დამკვირვებლები მიზანმიმართულად გამოაძევეს უბნებიდან”, – ამბობს თოლორაია.
- უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა
“ცესკოს გადაწყვეტილებამ, არ გაეხსნათ საზღვარგარეთ დამატებითი უბნები, გაზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ცესკოს ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო მმართველი პარტიის გეგმას – სხვა პირებს მიეცათ ხმა იმ პირების ნაცვლად, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საქართველოში ან/და რეგისტრაციის მისამართზე”, – ამბობს თოლორაია.
გარდა ამისა, თოლორაია საუბრობს მთელ რიგ დარღვევებზეც, რომლებიც “ჩემი ხმის” დამკვირვებლებმა გამოავლინეს უშუალოდ არჩევნების დღეს. მათ შორის, სიების მოწესრიგების პრობლემა; საუბნო კომისიის წევრების დამოუკიდებლობა; “ქართული ოცნების” ე.წ. ქოლ-ცენტრები საარჩევნო უბნებთან; სხვისი პირადობის მოწმობით, ან პირადი ნომრით ხმის მიცემის შემთხვევები; ვერიფიკაციის პროცესის გაუმართაობა; მარკირების პროცედურების დარღვევები და ა.შ.
“ჩემ ხმაში” ამბობენ, რომ როგორ კენჭისყრის დღეს, ისე შემდგომ დღეებში ამ პრობლემურ საკითხებზე ცესკო სათანადოდ არ რეაგირებდა.
მისი თქმით, კოალიცია გააგრძელებს მუშაობას და საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას “არჩევნების მასშტაბური გაყალბების სქემაში” სხვა სახელმწიფო უწყებების როლზეც.