ახალი ამბები

“ოცნება” თითოეულ უბანზე მიბმული ე.წ. ქოლ-ცენტრით ატარებდა არჩევნებს – TV PIRVELI

3 ნოემბერი, 2024 •
“ოცნება” თითოეულ უბანზე მიბმული ე.წ. ქოლ-ცენტრით ატარებდა არჩევნებს – TV PIRVELI

ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, “ქართული ოცნება” თითოეულ საარჩევნო უბანზე მიმაგრებული ე.წ. ქოლ-ცენტრით ატარებდა არჩევნებს.

“ნოდარ მელაძის შაბათის” თანახმად, “ოცნების” ქოლ-ცენტრები საარჩევნო უბნებთან ახლოს მდებარეობდა, მათ შორის ჩუღურეთში საჯარო სკოლის დირექტორის კაბინეტში, ასევე უფასო სასადილოში.

სიუჟეტის თანახმად, რომელიც გადაცემის ავტორების თანახმად, “ქართული ოცნებიდან” გამოჟონილ ჩანაწერებსა და დოკუმენტებს ეფუძნება, თითოეულ ასეთ ქოლ-ცენტრს ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდა, რომელსაც კაპიტანს ეძახიან. თითო ქოლ-ცენტრში, მინიმუმ 4 ადამიანი მუშაობდა – პარტიის დანიშნული კაპიტანი, კომპიუტერის ოპერატორი და ტელეფონის ორი ოპერატორი.

“ქართულმა ოცნებამ” სავარაუდოდ, ქვეყანაში ხმის უფლების მქონე ყველა სრულწლოვანი მოქალაქე დანომრა და მათ უნიკალური კოდი მიანიჭა. თითოეული მოქალაქის ხმის მისაღებად ან გადასაბირებლად კი მათთვის სანდო ხალხი გამოყვეს. პასუხისმგებელი პირი [იგივე კოორდინატორი. ნეტ] ვალდებული იყო, ყველაფრის ფასად, მოეხერხებინა, რომ ამ მოქალაქეს ხმა ქართული ოცნებისთვის მიეცა. “შაბათის ეთერისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” კაპიტნებს აძლევდა ამომრჩევლის სიას. იქ მითითებული იყო პასუხისმგებელი პირი, ვინც იყო გარანტორი, რომ ეს მოქალაქე ხმას აუცილებლად მმართველ პარტიას მისცემდა. ე.წ. პასუხისმგებელი პირი წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით ამოწმებდა “ოცნების” ამომრჩევლის მისვლას უბნებზე. იმ შემთხვევაში თუ ვინმე კონკრეტული დროის მონაკვეთში საარჩევნო უბანზე არ იყო მისული, ამ ინფორმაციასაც აწვდიდა ქოლ-ცენტრს, საიდანაც სავარაუდოდ ასეთ ადამიანებს უკავშირდებოდნენ”, – აცხადებენ სიუჟეტის ავტორები.

ამავე ინფორმაციის თანახმად, მეტი უსაფრთხოებისთვის, პარტიის კაპიტანს ინტერნეტში ქოლცენტრის მიზნებისთვის შექმნილ სპეციალურ სისტემაში შესასვლელად შეჰყავდა პირადი ნომერი, შემდეგ კი მათ მობილურ ტელეფონზე მიდიოდა სმს კოდი, რომელიც მხოლოდ 30 წამის განმავლობაში იყო აქტიური. პროგრამაში შესულ ქოლ ცენტრის ოპერატორს შეჰყავდა არჩევნებზე მისული იმ მოქალაქეების მონაცემები, ვინც ხმა 41-ს მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი