ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობის დარღვევის “ცალკეული” შემთხვევები” ამომრჩევლის მიერ პროცედურის “შეცდომით განხორციელების” ბრალი იყო.

საუბარია იმ შემთხვევებზე, როცა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების დროს შესაძლებელი იყო იმის იდენტიფიცირება, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ამის მიზეზი ისაა, რომ მარკერი, რომლითაც ამომრჩეველი საკუთარ ხმას აფიქსირებდა, ბიულეტენის მეორე მხარეს კვალს ტოვებდა. შესაბამისად, ბიულეტენის ამოტრიალების შემდეგაც კი, ხმის მთვლელ აპარატში შეცურების დროს შესაძლებელი იყო იმის განსაზღვრა ქაღალდის რომელ ნაწილში ჰქონდა ამომრჩეველს წრე გაფერადებულია. ამის დანახვა შეეძლო როგორც აპარატთან მდგარ კომისიის წევრს, დამკვირვებელს თუ უბანზე მყოფ ნებისმიერ სხვა პირს, ისე ვიდეოკამერებს, რომლებიც ბევრ უბანზე “ქართულმა ოცნებამ” დაამონტაჟა.

მოქალაქეები, სადამკვირვებლო მისიები და ოპოზიციური პარტიები ამ ამბობენ, რომ ამით დაირღვა ხმის ფარულობა. საია ყველა იმ უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით ჩატარდა. უფრო მეტიც, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბიულეტენის ხარისხისა და მისი სისქის შესახებ კითხვები ცესკოს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაუსვეს. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ცესკოს პასუხი მათ წერილზე.

“[საინფორმაციო] შეხვედრებზე გამოყენებული ბიულეტენი არის სატესტო ვერსია და შესაბამისად, კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნება განსხვავებული, რაც უზრუნველყოფს ფარულობის დაცვას”, – წერია ცესკოს მიერ საია-სთვის გაგზავნილ პასუხში.

გიორგი შარაბიძე ახლა ამტკიცებს, რომ გაითვალისწინეს საია-ს შენიშვნა და ბიულეტენი დაამზადეს აქამდე გამოყენებულთაგან უფრო სქელ ქაღალდზე. მისი ინფორმაციით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ქაღალდი ბევრად უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე, კრწანისის ოლქში საპილოტედ ჩატარებული ელექტრონული არჩევნების დროს გამოყენებული ქაღალდები.

მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ხმის ფარულობაზე, უნდა განვსაზღვროთ, შექმნილი იყო თუ არა ყველა პირობა ამის უზრუნველსაყოფად. შარაბიძე ამტკიცებს, რომ ცესკომ ხმის ფარულობის დასაცავად ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც წინმსწრებად შეეძლო. ამ პრინციპის დარღვევის ცალკეულ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას კი თავად ამომრჩეველს აკისრებს.

შარაბიძე ამბობს, ამბობს, რომ თუ ბიულეტენის ჩარჩო კონვერტში მოთავსების დროს ვინმეს შეეძლო დაენახა, ბიულეტენის რა ნაწილში იყო წრე გაფერადებული, იმის ბრალია, რომ ამომრჩეველმა ჩარჩო-კონვერტის გამოყენების ინსტრუქცია ზედმიწევნით არ შეასრულა

“ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას, საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ჩარჩო-კონვერტის გამოყენების ინსტრუქციაზე. ამასთანავე, ხმის მიცემის პროცედურის ყველა ნაბიჯი გამოკრული იყო საჯაროდ ყველა უბანზე. შესაბამისიად,  ჩარჩო-კონვერტის და ბიულეტენის მანქანაში მოთავსების ინსტრუქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში არა არსებობდა ფარულობის დარღვევის თეორიული შანსიც კი. შეუძლებელია რაიმე ტიპის ფარულობის დარღვევა ჩარჩო-კონვერტის სწორად გამოყენების შემთხვევაში […]

გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, თითქოს ბიულეტენების მეორე მხარეს ჩანს რაღაც ნაჟონი, რომის მიხედვითაც – ხაზგასმით უნდა აღინიშნოს – რომ შეუძლებელია გარკვეულად და ცხადად დადგინდეს, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. არცერთ შემთხვევაში მტკიცებით ფორმატში არ შეიძლება დადგინდეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა”, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

მართლაც, შესაძლოა რთული ყოფილიყო იმის განსაზღვრა, კონკრეტულად რომელი საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ გაფერადა წრე ამომრჩეველმა, მაგრამ იმის დანახვა ეს იყო “ქართული ოცნება” თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია, მარტივად იყო შესაძლებელი. ეს იმიტომ, რომ მმართველი პარტიის სახელი, მისი საარჩევნო ნომრის შესაბამისად, ჩამონათვალის ბოლოში, ბიულეტენის უკიდურეს ქვედა ნაწილში ეწერა, ოპოზიციური პარტიებისა კი შედარებით მაღლა.

თუმცა, როგორც ჩანს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისთვის ეს ხმის ფარულობის დარღვევას არ ნიშნავს. შარაბიძემ ბრიფინგის დროს რამდენჯერმე აირიდა კითხვა იმის შესახებ, იცოდა თუ არა ცესკომ, რომ გამოყენებულ ქაღალდზე მარკერის კვალი მეორე მხარე გადადიოდა. ის ყურადღებას ამახვილებდა არა უშუალოდ ბიულეტენის, არამედ ჩარჩო-კონვერტის სისქეზე და იმ კომპლექსურ აქტივობებზე, რომებიც უწყებამ კენჭისყრის დღის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ჩაატარა.

“რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ ზემო, ქვემო, მარჯვნივ თუ მარცხენა მხარეს, ფაქტია, ის კონკრეტული სუბიექტის იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლეოდა. შესაბამისად, ვინმეს მხრიდან ფარულობის დარღვევის  სისტემურ და წინასწარგანზრახულ მცდელობაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია”, – ამბობს შარაბიძე.

გიორგი შარაბიძე გამოეხმაურა საია-ს მოთხოვნასაც, ყველა იმ უბნის შედეგის გაბათილების შესახებ, სადაც კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდა. ორგანიზაცია ამ მოთხოვნის საფუძვლად სწორად ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევას ასახელებს. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე კი ამბობს, რომ “ამ ლოგიკით, გამოდის, ყველა შემთხვევაში, როცა ამომრჩეველი საკუთარი ნებით, ან უნებლიეთ დაარღვევს ხმის ფარულობას, დედამიწაზე ყველა არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. ეს ლოგიკა არის უბრალოდ გასაკვირი”.

შარაბიძე აცხადებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიმართვის შემთხვევაში, ცესკოს მოუწევს მოკვლევა და “შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, დაფუძნებული საკანონმდებლო მოცემულობაზე”.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქაღალდი, რომელზეც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენები დაიბეჭდა, სტამბას თავად ცესკო-მ მიაწოდა. ამის შესახებ ვკითხულობთ ხელშეკრულებაში, რომელიც ცესკომ სტამბებთან გააფორმა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე იძებნება ხელშეკრულება, რომელიც ცესკო-მ შპს “ფავორიტი სტილთან” არჩევნებამდე 10 დღით ადრე, 15 ოქტომბერს გააფორმა. პროცედურა გამარტივებული შესყიდვით წარიმართა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს “ფავორიტი სტილმა” აიღო ვალდებულება “შემსყიდველის [ცესკო-ს] მიერ მისთვის გადაცემული ნიმუშების შესაბამისად” დაებეჭდა ბიულეტენები.

“ბიულეტენის დასაბეჭდ ოფსეტის ქაღალდს მიმწოდებელს [შპს “ფავორიტი სტილს”] გადასცემს შემსყიდველი [ცესკო]” – წერია ხელშეკრულებაში.

შპს “ფავორიტი სტილს” ცესკომ 1 847 150 მილიონი ბიულეტენი შეუკვეთა, რომელთა ბეჭდვაში, ჯამში 683 445 ლარი და 50 თეთრი გადაიხადა (ერთი ბიულეტენების ბეჭდვის ფასი – 0,37 ლარია). ეს 26 ოქტომბერს გამოყენებული ბიულეტენების მხოლოდ ნაწილია. სხვა ბიულეტენები ცესკო-მ სხვა სტამბებს შეუკვეთა. უწყებაში განმარტავენ, რომ ხელშეკრულებები სხვა სტამბებთანაც მსგავსი პირობებით გაფორმდა და ქაღალდები სხვა შემთხვევებშიც მათ მიაწოდეს სტამბებს.

ამავე თემაზე: