ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის მოვალეობები არა კენჭისყრის დღეს, არამედ ერთი კვირით ადრე განაწილდება, რის გასაჩივრებასაც ოპოზიცია სასამართლოში გეგმავს.
რა იცვლება?
ცესკოს დადგენილებაში, რომელიც 16 აგვისტოთი თარიღდება, ნათქვამია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის ფუნქციებს არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა გაანაწილებს. სწორედ არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე გამოვლინდება, თუ რომელ უბანზე ვინ იქნება ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი, ამომრჩეველთა რეგისტრატორი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები და საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი.
აღნიშნული პროცედურა ამ დრომდე უშუალოდ კენჭისყრის დილას წილისყრით ტარდებოდა. დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) არ იღებენ მონაწილეობას კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების პროცესში.
როგორია კენჭისყრის პროცედურები? - დააკლიკეთ
როგორ გამოვლინდებიან ამომრჩეველთა რეგისტრატორები?
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაში პროცედურის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის ფუნქციებს ანაწილებს ეტაპობრივად. პირველ რიგში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული კომისიის წევრებიდან ვლინდებიან ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციის შემსრულებელი კომისიის წევრები.
ცესკოში განმარტავენ, რომ ამომრჩეველთა რეგისტრატორების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას – არანაკლებ ერთი რეგისტრატორი ყოველ 300 ამომრჩეველზე).
შემდეგ ეტაპზე კი ვლინდებიან გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრები, ხოლო ბოლო ეტაპზე, ფუნქციის გარეშე დარჩენილი კომისიის წევრებიდან ვლინდება ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციის შემსრულებელი კომისიის წევრი და საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი.
დადგენილებაში ნათქვამია, რომ თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა აღემატება გამოსავლენი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობას, მაშინ ამომრჩეველთა რეგისტრატორებს კომისიის თავმჯდომარე ავლენს წილისყრით.
თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ტოლია ან ნაკლებია გამოსავლენი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობის, კომისიის თავმჯდომარე, წილისყრის გარეშე, ავტომატურად ანიჭებს ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს.
როგორ გამოვლინდებიან გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრები?
პროცედურის მიხედვით, თუ ფუნქციის გარეშე დარჩენილია კომისიის ორზე მეტი წევრი, კომისიის თავმჯდომარე წევრებს შორის გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციას ანაწილებს წილისყრით.
ცესკოს დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ თუ ფუნქციის გარეშე დარჩენილია კომისიის მხოლოდ ორი წევრი, კომისიის თავმჯდომარე კომისიის ორივე წევრს, წილისყრის გარეშე, ავტომატურად ანიჭებს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციას.
როგორ გამოვლინდება ნაკადის მომწესრიგებელი და საარჩევნო ყუთის მეთვალყურე?
დადგენილებაში ნათქვამია, რომ თუ ფუნქციის გარეშე დარჩენილია კომისიის ერთზე მეტი წევრი, კომისიის თავმჯდომარე წევრებს შორის ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციას, ასევე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველის ფუნქციას ანაწილებს წილისყრით.
იმ შემთხვევაში კი, თუ ფუნქციის გარეშე დარჩენილია კომისიის მხოლოდ ერთი წევრი, კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრს, წილისყრის გარეშე, ავტომატურად ანიჭებს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.
როგორ ჩატარდება წილისყრა?
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კომისიის თავმჯდომარე წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრების რაოდენობის გათვალისწინებით ამზადებს ერთნაირ ფურცლებს. თითო ფურცელზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით აღნიშნავს წილისყრაში მონაწილე კომისიის თითო წევრის სახელსა და გვარს;
კომისიის თავმჯდომარე წილისყრის ყველა ფურცელს ამოწმებს თავისი ხელმოწერით, კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა და ათავსებს მაგიდაზე.
აღნიშნულის შემდეგ, პროცედურის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე სათითაოდ იღებს წილისყრის ფურცლებს და ავლენს შესაბამისი ფუნქციის შემსრულებელ კომისიის წევრს/წევრებს.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ წილისყრა ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების თანდასწრებით, მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს წილისყრის ჩატარებისა და წილისყრაში მონაწილეობის დამაბრკოლებელ გარემოებას.
წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ადგენს აქტს, რომელშიც შეიტანება ფუნქციათა განაწილების შედეგები. აქტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. აქტში ასახული ინფორმაცია კომისიის მდივანს კენჭისყრის დღეს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
ამასთან, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კომისიის წევრი, რომელიც უარს განაცხადებს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციის შესრულებაზე, კარგავს ნაკადის მომწესრიგებლისა და საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას.
რა პრობლემას ხედავს ოპოზიცია ცვლილებებში?
კოალიცია „ძლიერი საქართველო“, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის „ლელოს“, „ანა დოლიძე ხალხისთვის” „თავისუფლების მოედანს“ და ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებს“, ცესკოს აღნიშნული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შესაძლებლობას აძლევს, კენჭისყრის დღემდე ერთი კვირით ადრე იცოდეს ამ ადამიანების ვინაობა, რაც მისი თქმით, ხელისუფლებას მათზე ზეწოლისა და ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას მისცემს:
„ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც უკვე შესაძლებელი ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების განაწილება ერთი კვირით ადრე განხორციელდეს, ნაცვლად არჩევნების დღისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმოა იმდენად, რამდენადაც სუს-ს ერთი კვირით ადრე ეცოდინება ამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციების მატარებელი ადამიანების ვინაობა, რაც აძლევს მას შესაძლებლობას, ზეწოლა და ზეგავლენა მოახდინოს მასზე“, — აცხადებს სიორიძე.
სიორიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, „დაკანონდა ერთპარტიული ცესკო“, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს:
„ბოლო საარჩევნო რეფორმით„ ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს ოპოზიციონერ წევრებს ეს უკანასკნელი სამართლებრივი ბერკეტიც მოუსპო და ახლა დადგენილებების მისაღებად ოპოზიციონერი წევრების მხარდაჭერა აღარ არის საჭირო“ ,— აღნიშნავს სიორიძე.
როგორ ასაბუთებს ცესკო ცვლილებების აუცილებლობას?
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს და მნიშვნელოვანია, რომ უბანი მომზადებული შეხვდეს პირველ ამომრჩეველს:
„წელს პირველად საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება იმგვარად, რომ 90% ამომრჩევლების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები. წილისყრის გარკვეული პროცედურები ელექტრონულ უბნებთან დაკავშირებით ისედაც კენჭისყრის დღემდე მეშვიდე დღეს გაიმართებოდა.
ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით, წილისყრის ყველა პროცედურა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოვლენას შეეხება, გაიმართება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეშვიდე დღისა. მათ შორის იმ უბნებში, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება და იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ერთგვაროვანი პრინციპის უზრუნველყოფა, რომ როგორც ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე, ასევე ტრადიციულ უბნებზე წილისყრა განხორციელებულიყო ერთგვაროვნად. მეორე მხრივ, მთლიანად ტექნოლოგიურ უბნებზე წილისყრის არაუგვიანეს მეშვიდე დღეს გამართვა ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნის მომზადებას იმიტომ, რომ დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს და მნიშვნელოვანია უბანი მომზადებული შეხვდეს პირველ ამომრჩეველს“, — აღნიშნავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების პოზიციას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი აცხადებს, რომ ცვლილებები მანიპულაციისთვის სივრცეს არ ტოვებს, ვინაიდან, მისი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ვინაობა ისედაც ცნობილია და წილისყრის პროცედურის კენჭისყრის დღემდე ერთი კვირით ადრე გადმოტანა არსებითად გარემოს ვერ შეცვლის.