საზოგადოება

ვიდეოკამერები საარჩევნო უბნებზე – რისთვის დასჭირდა ოცნებას?

28 ოქტომბერი, 2024 •
ვიდეოკამერები საარჩევნო უბნებზე – რისთვის დასჭირდა ოცნებას?

26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს უბნების დიდ ნაწილზე  ვიდეოკამერები დახვდათ. კამერები ძირითადად ხმის მთვლელ აპარატებს უყურებდა.

შტატივები, რომლებზეც კამერები იყო დამაგრებული, ხშირად იმ სიმაღლეზე იყო, რომ უბანზე მისული ამომრჩეველის სახის აღბეჭდვა შეეძლო.

ნეტგაზეთის მიერ შემოწმებულ საარჩევნო უბნებზე, თითქმის ყველა შემთხვევაში, ვიდეოკამერა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ იყო დაყენებული, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანიც გვიდასტურებდნენ სარეგისტრაციო ჟურნალში შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმებით.

რისთვის დასჭირდა მმართველ პარტიას საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების დაყენება?


ერთ-ერთი პირველი უბანი, სადაც ვიდეოკამერა დავაფიქსირეთ, თბილისის მე-5 ოლქის მე-17 უბანი იყო. აქ კომისიის მდივანმა გვითხრა, მუდმივად ჩართული ვიდეოთვალი უბნის იყო და ადამიანებს მხოლოდ ფეხებზე უნდა იღებდესო.

თბილისი, ოლქი 5, უბანი 17

სწორედ ამ უბანზე მიღებული პასუხის შემდეგ მივმართეთ ცესკოს, იყო თუ არა ვიდეოკამერა საუბნო საარჩევნო კომისიის, სადაც ინფორმაცია უარყვეს. თუმცა თქვეს, რომ დამკვირვებელს, მედიას ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს შეუძლიათ უბანზე გამოყოფილი კონკრეტული ადგილიდან აწარმოონ სტატიკურად გადაღება.

არჩევნების დღეს ნეტგაზეთმა სხვადასხვა ოლქის არაერთ უბანში გადაამოწმა, კონკრეტულად, რომელი წარმომადგენლის მიერ იყო ვიდეოკამერა საარჩევნო უბანზე მიტანილი. სხვადასხვა უბანზე დაგვიდასტურეს, რომ კენჭისყრის ოთახში ვიდეოკამერა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის იყო, რაც სარეგისტრაციო ჟურნალშიც იყო აღრიცხული. მაგალითად, თბილისის მე-5 ოლქის 37-ე უბნის სარეგისტრაციო ჟურნალის მიხედვით, აქ ვიდეოთვალი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის თეა მიქაძის მიტანილი იყო.

თბილისი, ოლქი 5, უბანი 37 

იმისათვის, რომ გაგვეგო, რისთვის სჭირდებოდათ უბნებზე ვიდეოკამერებით უწყვეტი გადაღება, გვსურდა თავად ის ადამიანები ჩაგვეწერა, ვისი სახელითაც იყო შეტანილი ისინი უბანზე. რამდენიმე უბანზე მისვლისას ისინი ადგილზე არ დაგვხვდნენ. როგორც კომისიის თავმჯდომარეები გვეუბნებოდნენ, ისინი გადასატან ყუთს იყვნენ გაყოლილი.

ერთ-ერთი უბანი, სადაც ვიდეოკამერის  მიმტანი დაგვხვდა, თბილისის მე-5 ოლქის 39-ე უბანი იყო. მას შემდეგ, რაც უბნის თავმჯდომარეს ვკითხეთ, ვინ დადგა კამერა, მან იქვე მჯდარ ქალზე მიგვითითა, რომელიც   „ქართული ოცნების“  წარმომადგენელი ნატო ფარქოსაძე აღმოჩნდა. მისი განმარტებით,  საარჩევნო უბნებზე კამერები ამომრჩეველთა ნაკადზე დასაკვირვებლად ჰქონდათ.

„კამერები პირველად არის დაყენებული? სხვა უბანზე არ შეგხვდათ? იღებს, ამომრჩეველთა ნაკადის მსვლელობა როგორ მიმდინარეობს. ამათ მუშაობას უყურებს [ხმის მთვლელების], ამომრჩეველს არ აფიქსირებს. მხოლოდ მიმდინარე პროცესს აკვირდება, რომ არ იყოს ხარვეზი ან რაიმე, სხვა არაფერს“, – განაცხადა ნატო ფარქოსაძემ.

კითხვაზე, ვინ ნახავს გადაღებულ კადრებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გვიპასუხა:

„პარტიაც ნახავს და საოლქოც ნახავს. საოლქოში ნახავენ, ეს მიდის საოლქოში ახლა. ეს [სტრიმი] მიდის საოლქოში“, – გვითხრა ნატო ფარქოსაძემ.

თბილისი, ოლქი 5, უბანი 39

შეიძლება თუ არა საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერის დადგმა?

ცესკოს დადგენილებით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება. კერძოდ, მათ არაუმეტეს 10 წუთი შეუძლიათ ერთ საარჩევნო უბანზე აწარმოონ თავისუფალი გადაღება, ხოლო 10 წუთის გასვლის შემდეგ ისინი ვალდებული არიან, თუ სურთ, რომ მთელი დღის განმავლობაში სტატიკურად აწარმოონ გადაღება, დაიკავონ კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ადგილი.

თუმცა ნეტგაზეთის მიერ გადაღებულ ზოგიერთ შემთხვევაში ვიდეოთვალსა და საარჩევნო კაბინას შორის მანძილი საკმაოდ მცირე, რამდენიმე სანტიმეტრი იყო.

როგორც სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმის“ იურისტი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროექტების კოორდინატორი თამთა კახიძე ნეტგაზეთთან ამბობს, „ქართული ოცნების“ მიერ დაყენებულ ვიდეოკამერები ორი რამით იყო პრობლემური: ჰქონდა დაშინების ეფექტი და არღვევდა ხმის ფარულობას.

მისი თქმით, იმ ტერიტორიიდან, სადაც ძირითადად კამერები იდგა,  ძალიან ნათლად იყო იმის დანახვა შესაძლებელი, ვის დაუჭირეს ადამიანებმა მხარი, ვინაიდან მარკერი ბიულეტენის მეორე მხარესაც ჟონავდა.

„ზოგადად, ფოტო-ვიდეოს გადაღება შესაძლებელია, მაგრამ როდესაც პარტია აღრიცხავს მოსულ ამომრჩეველს და ამას იყენებს ზეწოლისთვის, ეს არის პრობლემა. წინასწარ ვიცოდით, რომ ხდებოდა ადამიანების მოსყიდვა, დაშინება და ა.შ. რეალურად იმ დღეს ამ ვიდეოკამერებით პარტიას შეეძლო, რომ იდენტიფიცირება მოეხდინა,ზუსტად ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა და ეს გამოეყენებინა სხვა მიზნებისთვის.

მეორე პრობლემა იყო ის, თუ სად იდგა კამერა. გარკვეულ შემთხვევებში კამერა იდგა ხმის მთვლელ აპარატთან, სადაც ბარდებოდა ბიულეტენები. ზოგადად ეს პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცა ამ შემთხვევაში მარკერებით, რომლითაც ადამიანები ხმას აძლევდნენ, ჩანდა მეორე მხარეს, იმდენად თხელი იყო ფურცლები. რაც ნიშნავს, რომ ფარულობა პირდაპირ ირღვეოდა. როდესაც ცესკო არწმუნებდა ამომრჩევლებს, რომ თქვენი ხმა ფარული იქნებაო, რეალურად ეს დაპირება მან დაარღვია. არათუ ფარული არ  იყო, გარკვეულ შემთხვევებში აღრიცხული იყო კამერებზე. კამერა როცა იქ დგას და ადამიანი მიდის ხმის მთვლელ აპარატთან, აცურებს ამ ბიულეტენს, რომელზეც უკანა მხრიდან ჩანს, რა ტერიტორიაზე არის მარკერი დასმული, რითაც ძალიან მარტივია იმის აღქმა, „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა თუ არა მხარი, ეს ფარულობის პრინციპის დარღვევა არის“, – ამბობს თამთა კახიძე.

გარდა ამისა, თამთა კახიძის თქმით, ამ ვიდეოკამერებს ჰქონდა დამაშინებელი ეფექტიც.

„ერთია, რას აღრიცხავს და მეორეა დამაშინებელი ეფექტი ხალხისთვის. ჩვენ ვიცით, მოხვალთ თუ არა. იმ ადამიანმა არ იცის, სახეზე გადაუღებენ თუ ფეხზე, როცა უბანზე მივა. როგორც კი ინფორმაცია გავრცელდება, რომ იმ ადამიანების აღრიცხვა ხდება, ვინც მიდის უბანზე, გინდ ფეხებზე გადაუღონ, გინდ სხვა ტერიტორიისკენ მიატრიალონ, იმ ადამიანისთვის უკვე დამაშინებელი ეფექტი აქვს ამ ყველაფერს. მაგალითად, თუ არის საჯარო უწყებაში [ეშინია სამსახურის დაკარგვის] ან თუ ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს, ეშინია, რომ არ მოუხსნან და ა.შ.“, – აცხადებს თამთა კახიძე.

საარჩევნო უბნებზე დაყენებული ვიდეოკამერები არც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ყურადღების მიღმა დარჩენილა, რომლებიც არჩევნებზე დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელის იულიან ბულაის თქმით, მმართველი პარტიის კამერების არსებობა საარჩევნო უბნებზე და უბნების წინ ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ და შესაძლოა, აკონტროლებენ ამომრჩევლებს, ქმნიდა ზეწოლის კლიმატს და განცდას, რომ  „დიდი ძმა გიყურებს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი