სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა ცენზურის კანონს. საუბარია “ქართული ოცნების” მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით მიღებულ კანონზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ზურაბიშვილმა არ გამოიყენა ვეტოს შესაძლებლობა. ანუ, კანონი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით არ დაუბრუნა. ასეთ შემთხვევაში, პროცედურულად, ის უცვლელი სახით დაუბრუნდება პარლამენტს, რის შემდეგაც ხელს თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოაწერს.
სწორედ შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევა ძალაში ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონი, რომელიც აწესებს ცენზურას.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი არის “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელება, რომლითაც მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ლგბტ პროპაგანდას“ ებრძვის, რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე აწესებს ცენზურას. აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილებები გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.
არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.
მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, ამ თემით მანიპულირებს მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია.
ამ თემაზე:
- „უნდა აიკრძალოს აშკარა ლგბტ პროპაგანდა“ – „ოცნება“ ახალ კანონპროექტს აანონსებს
- როგორ მანიპულირებს “ოცნება” ამერიკული კვლევით და “ლგბტ პროპაგანდით”
- რატომ გაააქტიურეს საპარლამენტო უმრავლესობაში ანტიდასავლური რიტორიკა
- „გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ“ — ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებზე