„ქართული ოცნება“ ამზადებს კანონპროექტს, რომელიც მამუკა მდინარაძის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, საზოგადოებას დაიცავს „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ და „მისი მავნე შედეგებისგან“. მდინარაძემ ამის შესახებ 29 თებერვალს ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, „ფსევდოლიბერალური იდეოლოგია“ გულისხმობს „არატრადიციული ორიენტაციის“ პროპაგანდას და „გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგიის დანერგვას“, როგორიცაა „მშობელი 1, მშობელი 2“ და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მდინარაძე აცხადებდა, რომ „ოცნება“ არ მიიღებდა კანონპროექტს „ლგბტ-პროპაგანდის“ აკრძალვაზე.
მოცემული იდეოლოგიისა და „მისი მავნე შედეგების“ დასადასტურებლად მდინარაძემ მოიშველია „საერთაშორისო კვლევები“. მისი მტკიცებით, ისინი ადასტურებს, რომ ქვეყნებში, სადაც „პროპაგანდა მიმდინარეობს“, „18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული ორიენტაციის მქონე 20% ან მეტია“.
- მართლა ასეა? იხილეთ: როგორ მანიპულირებს „ოცნება“ ამერიკული კვლევით და „ლგბტ პროპაგანდით“
მდინარაძის განცხადებით, უახლოეს ორ კვირაში მმართველი გუნდი ამ კანონპროექტს მოამზადებს, თუმცა პირობას დებს, რომ „ადამიანის უფლებები იქნება დაცული“, ხოლო „ცენზურა არ დაწესდება“. თუმცა ამბობს, რომ „უნდა აიკრძალოს აშკარა პროპაგანდა“.
დამატებით კითხვებს, თუ კონკრეტულად რა ეწერება კანონპროექტში, მდინარაძემ არ უპასუხა.
ამავე თემაზე გირჩევთ: