”არ ვადასტურებ ამ ჩანაწერის ავთენტურობას იმ თვალსაზრიით, რომ ეს ნამდვილად ჩემი ხმაა, თუმცა ასეთი ჩანაწერის შინაარსი მიყოლებით არ მახსოვს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ასეთი ჩანაწერი არ არის უწყვეტი და არის დამონტაჟებული. მეორე ჩანაწერზე, რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ გარდა ერთისა, რომ ეს არის სრულიად სამარცხვინო, რასაც აკეთებს საქართველოს უშიშროება და ასევე სრულიად სამარცხვინოა ისინი, ვინც ამას ახმოვანებს და ეთერში დებს, იმიტომ, რომ ის ასახავს ადამიანის პირად ცხოვრებას. რაც შეეხება ჩემს საუბარს, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ მე მქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილთანაც და არა მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მჭირდება კომპეტენტური პირების აყვანა დაცვაში, ისეთების, ვინც საჭიროების შემთხვევაში კომპანიას დაიცავენ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შემოტევისაგან, არამედ ეგრეთ წოდებული ტიტუშკების შემოტევისაგანაც, რაც ზუსტად ვიცოდით, რომ იგეგმებოდა. ეს ინფორმცია მოგვაწოდა ჩვენმა წყარომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომ საქართველოს ხელისუფლება გეგმავდა პროვიკაციებს სწორედ ამ ჩანაწერზე დაყრდნობით. როგორც კი გამოჩნდებოდნენ ჩვენს ეზოში ასეთი ადამიანები, მათ შორის ყოფილი სპეცრაზმელები. რამდენიმე მათაგანი იქნებოდა ანგაჟირებული ხელისუფლების მიერ და მოაწყობდნენ პრვოკაციას. ამიტომაც რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განვაცხადეთ, არ ვაპირებთ ამ ადამიანების ჩვენს სივრცეში შემოშვებას. არის მაღალი საშიშროება, ხელისუფლება არის თავზეხელაღებული და პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით ჩვენ თვითონ დავიცავდით ტელეკომპანიას. ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ვთხოვო, რომ კომპეტენტური პირები მირჩიოს, ვინ შეიძლება დაცვაში იყოს, იმიტომ, რომ მე თვითონ, როგორც იმ ჩანაწერში ვამბობ, ამისი ექსპერტიზა არ მაქვს, ამაში არაფერს არანორმალურს არ ვხედავ. საუბრები ამასთან დაკავშირებით ყოფილა, თუმცა არა ამ მიყოლებით და ამ შინაარსით. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ამ საუბრის ავტენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”, – განაცხადა ნკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
დღეს უკრაინულ საიტზე კიდევ გამოქვეყნდა ფარული აუდიოჩანაწერები სავარაუდოდ, სააკაშილსა და ნიკა გვარამიას შორის და მიხეილ სააკაშვილსა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შორის.
ამ ჩანაწერებში სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას ეუბნება, რომ ჟურნალისტებს უნდა დაელაპარაკოს. “მაგათ აუხსენი, რომ ყველას გაყრიან” – ამბობს სააკაშვილი.
ჩანაწერების თანახმად, ნიკა გვარამია სააკაშვილს ეუბნება, რომ რუსთავი 2–ის დაცვის ორგანიზება თემურ ჯანაშიას უნდა სთხოვოს. სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ სპეცრაზმელებთან მას “გივი” დააკავშირებს.
კიდევ ერთ ჩანაწერში სავარაუდოდ სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილს საქართველოში “სისხლისღვრაზე” ესაუბრება. ნიჟარაძე ამბობს, რომ “ჩვენები პასიურობენ და ეშინიათ”, რაზეც სააკაშვილი პასუხობს, რომ ” თავიდან ყოველთვის ასეა. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი”.

