ახალი ამბები

სუს-ის უფროსის თქმით, ივანიშვილის ცოლის საუბრის ფარული ჩანაწერი “ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა”

17 ოქტომბერი, 2024 •
სუს-ის უფროსის თქმით, ივანიშვილის ცოლის საუბრის ფარული ჩანაწერი “ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ არ იცის, ვინ განახორციელა ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც Youtube-ზე გუშინ გამოქვეყნდა.

ლილუაშვილმა ტვ პირველს მხოლოდ ის უთხრა, რომ ეს ჩანაწერი “ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა”. ჩანაწერის ავთენტიკურობაში სუს-ის უფროსს ეჭვი არ შეუტანია,  ირიბად დაადასტურა მისი ნამდვილობა და ის ფაქტი, რომ ივანიშვილის ცოლს ვიღაც უსმენს.

Youtube.com-ზე არსებობს არხი, სახელწოდებით Cyber Kmara, სადაც პერიოდულად ქვეყნდება ხოლმე “ქართული ოცნების” წარმომადგენლების სატელეფონო საუბრები რუს ოლიგარქებთან და ა.შ. სწორედ აქ გამოქვეყნდა ეკა ხვედელიძის სავარაუდო საუბარი რუსულ კომპანია “ფსიქოდემიასთან”, საიდანაც ირკვევა, რომ ივანიშვილის ცოლი “ქოუჩინგითაა” დაინტერესებული, მისი სიღრმისეული შესწავლა უნდა და აინტერესებს პირობები, ასევე ის, თუ რა სახის დიპლომს გასცემს ეს კომპანია სწავლის კურსის დასრულების შემდეგ.

ქოუჩინგი პიროვნული განვითარების ფორმაა, როდესაც კონკრეტული მიმართულებით გამოცდილი ადამიანი (ქოუჩი) რჩევებს აძლევს თავის კლიენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი