ახალი ამბები

კაცმა, ცოლის გასაკონტროლებლად, სახლში ორი ფარული კამერა დაამონტაჟა – მას 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება

18 ნოემბერი, 2024 •
კაცმა, ცოლის გასაკონტროლებლად, სახლში ორი ფარული კამერა დაამონტაჟა – მას 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა, ცოლის გასაკონტროლებლად, სახლში ფარული ვიდეოკამერები დაამონტაჟა. უწყების ცნობით, მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულის ცოლმა საგამოძიებო სამსახურს მიმართა. ამის შემდეგ, უწყებამ წყვილის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო ფარული ჩამწერი მოწყობილობები და მეხსიერების ბარათები. ასევე, ბრალდებული კაცის პირადი კომპიუტერი, სადაც ფარულად გადაღებულ ვიდეო და აუდიოჩანაწერებს ინახავდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ქ.თბილისში, 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა, მეუღლესთან უთანხმოების გამო, მისი გაკონტროლების მიზნით, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ტელეფონის დამტენის ფორმის ფარული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დენის წყაროსთან დააკავშირა, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული თავისი მობილური ტელეფონიდან ფარულად გადაღებულ კადრებს პერიოდულად ნახულობდა და კომპიუტერში ინახავდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა საძინებელი ოთახის ჭერში ფარულად აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის ჩანაწერებსაც, ასევე, მეხსიერების ბარათზე ინახავდა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით წარედგინა, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი