საზოგადოება

„უცნობის“ მხილება

14 ივლისი, 2022 • 7002
„უცნობის“ მხილება

გიორგი გაჩეჩილაძის („უცნობის“) გადაცემაში გავრცელებული ფარული ჩანაწერი, რომელიც ასახავს „მთავარი არხის“ ჟურნალისტების თათბირს, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში ფარული, სავარაუდოდ, უკანონო მოსმენების პრაქტიკას ღრმად აქვს ფესვები გადგმული…


13 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტელეწამყვანმა, „აი უცნობის“ დამფუძნებელმა, გიორგი გაჩეჩილაძემ (სასცენო სახელით „უცნობმა“) გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც ასახავს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი გადაცემის სარედაქციო ჯგუფის საუბარს.

ჩანაწერში ასახულია გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ დაგეგმვის პროცესი, სადაც მედიის ოთხი წარმომადგენელია ჩართული.

კერძოდ, აუდიოჩანაწერი ასახავს თათბირს ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას, გადაცემის პროდიუსერ ეკა სარიასა და ჟურნალისტებს, ლაშა კვესელაძესა და გიორგი გვიშიანს შორის.

საუბარი შეეხება გადაცემის ერთ-ერთ სიუჟეტს, რომელიც საუბრის დროისთვის ეთერში არ გასულა და მომზადების პროცესშია, ჟურნალისტები კი ერთმანეთში ასახელებენ კონფიდენციალურ წყაროს, საიდანაც აქვთ ის ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც იკვრება სიუჟეტი.

სიუჟეტი „მთავარი არხის“ ეთერში 2021 წლის 7 ნოემბერს გავიდა შემდეგი სათაურით: „როგორ იყენებს „ოცნება“ ადამიანებს და რა გზებით აგროვებს ხმებს“.

ეთერში გასულ სიუჟეტში წყარო იდენტიფიცირებული არ ყოფილა, მხოლოდ ნახსენები იყო, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან“ იყო.

დეტალები ჩანაწერზე

გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ჩანაწერი „შეიცავს რეალური საუბრის ფრაგმენტებს“, თუმცა შეიმჩნევა მონტაჟის კვალი“. ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ არ აპირებს ჩანაწერის შინაარსის განხილვას, – „ისევე, როგორც „მთავარ არხზე არ განიხილება ხოლმე უკანონო ჩანაწერების შინაარსი, თუ მასალა არ შეიცავს დანაშაულის ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფაქტებს“.

საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტი, ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი, რომელიც აღნიშნული სიუჟეტის ავტორია, „ნეტგაზეთს“  უამბობს იმ კონტექსტს, რომლის ფონზეც შედგა საუბარი:

„ინფორმაცია, რაც ჩვენამდე მოვიდა, იყო იმის თაობაზე, რომ სუს-ი ფლობდა რაღაც სიებს, პატიმრობაში ან წინასწარ პატიმრობაში მყოფი, ზოგადად, სამართალთან პრობლემების მქონე ადამიანების შესახებ, რომელთა ოჯახის წევრებსაც „ქართული ოცნება“ არჩევნებში იყენებდა ხმების მობილიზაციისთვის“.

რეპორტაჟი ეთერში 7 ნოემბერს გავიდა. გიორგი გვიშიანს ზუსტი დრო არ ახსოვს, თუმცა ვარაუდობს, რომ ჩანაწერი რამდენიმე დღით ადრეა გაკეთებული, დაახლოებით 3-დან 5 ნოემბრამდე პერიოდში. რაც შეეხება ადგილს:

„ეს არის ჩვენი, „პოსტ ფაქტუმის“ სამუშაო ოთახი „მთავარ არხში“ [ჩუღურეთში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე]. ჩანაწერში ისმის 4 ადამიანის ხმა, შესაბამისად, ვვარაუდობ, ეს არ არის საერთო კრების დროს ჩაწერილი“.

როგორ გაკეთდა ჩანაწერი

გიორგი გაჩეჩილაძემ „მაესტროს“ (ასევე, „აი უცნობის“) ეთერში, ჩანაწერის გაშვებისას განაცხადა, რომ ჩანაწერი მას 13 ივლისს, დილას, ტელევიზიის შესასვლელთან მიაწოდა „ერთ-ერთი „კრიტიკული“ მედიის წარმომადგენელმა“.

„უცნობის“ მტკიცებით, აღნიშნულ პირს, რომელსაც დიდი ხანია იცნობს, სავარაუდოდ, „აღეძრა სენტიმენტები“, – იმის გამო, რასაც, გაჩეჩილაძის სიტყვებით, „ტელეკანალიზაციები“ აკეთებენ, მათ შორის, მის წინააღმდეგაც, – და ეს ჩანაწერი გადასცა.

„უცნობს“ არ დაუზუსტებია, უთხრა თუ არა აღნიშნულმა პირმა, რა ხერხებით არის ჩანაწერი გაკეთებული/მოპოვებული. მას არც ამ პირის ვინაობა დაუსახელებია და არც კონკრეტული ტელევიზია.

„ნეტგაზეთი“ ესაუბრა ჩანაწერის ორ ფიგურანტს, გიორგი გვიშიანსა და ლაშა კვესელაძეს, რომლებიც ამბობენ, რომ გამორიცხავენ, რომელიმე მათგანს გაეკეთებინოს აღნიშნული ჩანაწერი და ვარაუდობენ, რომ ის უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერაა გაკეთებული.

„როგორც ჩემს დედმამიშვილს, ისე ვენდობი ამ ადამიანებს. თან ეს 4 ადამიანი გუშინდელი მეგობრები და ნაცნობები არ ვართ, 20 წელია ერთად ვმუშაობთ „რუსთავი 2-დან“ მოყოლებული და მოხარშულებს ვიცნობთ ერთმანეთს. შესაბამისად, ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება“.

გვიშიანის ვარაუდით, ჩანაწერის მოპოვების ამ გზის დასახელება არის იმის გადაფარვის მცდელობა, რომ მათ უსმენდნენ: „ხომ არ იტყოდნენ, რომ სუს-მა ჩაგვწერა“.

გიორგი გაბუნიაც აცხადებს, რომ „არავის სჯერა იმ ისტორიისა, თუ როგორ მივიდა სინდისისგან შეწუხებული პიროვნება „უცნობთან“ და გადასცა ჩანაწერი, რომელიც საკუთარი ნებით ჩაწერა“.

გაბუნია ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ „მასალა გამოქვეყუნდა სამთავრობო არხზე [„მაესტროზე“] და მალევე გაშუქდა მთავარი სახელისუფლებო მედიის, „იმედის“ ეთერში“.

„ამით, სხვა მიზნებთან ერთად, ჩვენი, კრიტიკული მედიების მხილებას შეეცადნენ, სინამდვილეში კი, კიდევ ერთხელ ამხილეს საკუთარი თავი, რომ ყველას ყველგან გვისმენენ და გვითვალთვალებენ“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ „მთავარ არხზე“ სპეციალურ მიმართვაში.

„უცნობი“ და ოპოზიციური მედია

ძმები, ლევან და გიორგი (გია) გაჩეჩილაძეები ენმ-ის მმართველობის პერიოდში ოპოზიციაში იყვნენ და იმდროინდელ მმართველ გუნდს უპირისპირდებოდნენ.

ამჟამად ისინი ბიზნესსაქმიანობას ეწევიან. გიორგი გაჩეჩილაძე ტელეწამყვანია ტელეკომპანია „მაესტროზე“, სადაც გადაცემა „უცნობის კიდობანი“ მიჰყავს. ამ გადაცემაში ის ხშირად აკრიტიკებს ოპოზიციურ მედიას.

გაჩეჩილაძე დიდი ხანია გამოდის ინიციატივით, პარლამენტმა შეიმუშაოს ცვლილებები „მაუწყებლობის კანონში“, რათა „ჟურნალისტების მხრიდან ცილისწამება გამოირიცხოს“.

„კანონიერი თუ უკანონო მიყურადება“

იმის ფონზე, რომ საუბრის ფიგურანტების მიერ ჩანაწერის გაკეთებას გამორიცხავს, ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი ორ ვარიანტს განიხილავს: ხმის ჩამწერი მოწყობილობა ან ამ ოთახში იყო დამონტაჟებული, ან მესამე პირმა დატოვა და შემდეგ წაიღო.

„თუ რაიმე იყო დამონტაჟებული, ყველგან შეიძლება ეს ყოფილიყო. იმ ოთახში უამრავი შტეფსელია, კედელია, მაგიდაა, ბევრი რამეა… მე და გაბუნია ასე, 4-5 მეტრში ვისხედით ერთმანეთისგან, ეკა სარია გაბუნიას გვერდით იჯდა, ლაშაც- უფრო ახლოს გაბუნიასთან, ვიდრე მე. შესაბამისად, სადღაც იმ ტერიტორიაზეა ალბათ. გააჩნია, რითია ჩაწერილი“, – ამბობს იგი.

რაც შეეხება მეორე ვერსიას, გვიშიანის თქმით, „ამას ვერავინ გამორიცხავს, მაგრამ თუ ვინმემ დატოვა ჩამწერი მოწყობილობა, ესე იგი, ეს ვინმე იყო დავალებული ვიღაცის მიერ, – და ეს ვიღაცა ისევ შეიძლება იყოს საპოლიციო დაწესებულება, სუსი, პოლიცია, ისეთი დაწესებულება, რომელსაც ამის სურვილი ჰქონდა“.

საქართველოს კანონმდებლობით, დაშვებულია ფარული მიყურადება განხორციელდეს, თუმცა ამისათვის სასამართლოს ნებართვაა საჭირო [რაც ბოლო პერიოდში გამარტივდა].

„თუ ეს იყო სანქცირებული ფარული მიყურადების შემთხვევა, მაშინ ჩვენ ყველანი ვართ ამ სანქცირებული ფარული მიყურადების ობიექტები. თუმცა მე არ ვიცი, რატომ შეიძლება, ვიყოთ. თუ ვინმე კრიმინალში გვადანაშაულებს, ეგეც უნდა გვითხრან. მეორე საკითხია, რომ თუ არ გვადანაშაულებენ, მაშინ ცალსახად უკანონოა ეს ყველაფერი და სახელმწიფო უწყება ვალდებულია, გამოიძიოს, რატომ გვისმენენ, ვინ მისმენდა, ვინ მიუტანა „უცნობს“ ეს ამბავი“, – გვეუბნება გიორგი გვიშიანი.

გამოძიება

გიორგი გვიშიანი ამბობს, რომ სურს, მისი და მისი კოლეგების უკანონო მოსმენა გაასაჩივროს:

„ჯერ კონსულტაციები არ მქონია დანარჩენებთან, მაგრამ მე პირადად მინდა, რომ სამართლებრივი დავა დავიწყო, რადგან არავის აქვს უფლება, ჩემს საქმეში ჩაერიოს, როდესაც უკანონოს არაფერს ჩავდივარ. არ მინდა, მისმენდნენ. აქ თუ მისმენენენ, შეიძლება, სხვაგანაც მისმენენ და უსაფრთხოების განცდა ხომ მაინც უნდა მქონდეს, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლად შემიძლია მუშაობა“?!

შესაბამისად, ჟურნალისტი გეგმავს, პროკურატურას მიმართოს გამოძიების დაწყების თაობაზე. „შემდეგ ვნახოთ, გამოძიება სად და როგორ წავა… დიდი ალბათობით, არსად, მაგრამ მე მომხრე ვარ, რომ ამ საკითხზე სამართლებრივად ვიდავოთ“, – გვითხრა მან.

საქმის გამოძიების მოთხოვნით საჯაროდ უკვე მიმართა „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

ნათია კაპანაძე, კოალიციის წარმომადგენელი, „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ გავრცელებული ჩანაწერი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს:

„სსკ-ის 158-ე მუხლში, კერძო კომუნიკაციაში, მოიაზრება საქმიანი კომუნიკაციაც, საქმიანი საუბრის დეტალები. ჟურნალისტებთან მიმართებაში საქმიანი კომუნიკაცია, რაც გულისხმობს მასალების მომზადებას, ინფორმაციის გაცვლა-შეგროვებას, კიდევ უფრო ამძიმებს ამ კატეგორიის დანაშაულს, რადგანაც ჟურნალისტური საქმიანობა მოიცავს ძალიან მაღალ საჭიროებას, კომუნიკაცია იყოს დაცული“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კითხვით, დაიწყეს თუ არა გამოძიება. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მეორე მხრივ, „მთავარი არხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჩანაწერის ფიგურანტი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ვერ ხედავს აზრს, მიმართოს რომელიმე სახელმწიფო უწყებას გამოძიების მოთხოვნით.

„ამიტომ ვთხოვ სახალხო დამცველს, საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს, აუცილებლად დაინტერესდით ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით, შეისწავლეთ და მოახდინეთ რეაგირება. თქვენ გარდა ჩვენ აღარ დაგვრჩა დამოუკიდებელი ინსტანცია, რომელსაც შეიძლება ვენდოთ“, – განაცხადა მან.

„ისევ გვისმენენ“

ფარული ჩანაწერები საქართველოს საჯარო სივრცისათვის არახალია. სულ მცირე, ბოლო 10 წლის განმავლობაში მედიაში, ასევე სოციალურ მედიაში, მრავალმა ჩანაწერმა გაჟონა, – აუდიო თუ ვიდეოფორმატით, – სადაც პირადი საუბრებისა თუ პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები ჩანს.

2021 წელს საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაჟონვის მოწმე გახდა: არაიდენტიფიცირებულმა წყარომ არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის „ნეტგაზეთს“, მიაწოდა იმ ათასობით ფაილის ბმული, რომელიც ასახავს სასულიერო პირების, ჟურნალისტებისა და სხვების თვალთვალს.

ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ ჩანაწერის გავრცელებით საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ:

„უსმენენ არა მხოლოდ კონკრეტულ კომუნიკაციას, ერთი პირის კომუნიკაციას მეორე პირთან, არამედ უსმენენ სარედაქციო გუნდებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მოსმენის ეს ფაილი ადასტურებს, რომ მოსმენა ხდებოდა რამდენიმე ადამიანის ერთდროულად, სამუშაო ადგილას“.

ტვ „პირველის“ ტელეწამყვანი ნოდარ მელაძეც აცხადებს, რომ „ეს არის კიდე ერთი დადასტურება იმისა, რომ კრიტიკული მედიის ნიუსრუმებში დგას ჩამწერი მოწყობილობები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააყენა“.

გიორგი გაბუნიაც ამას ამბობს:

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანაში არ დარჩა სივრცე, სადაც არ გვითვალთვალებენ ან არ გვისმენენ, მათ შორის გამომძიებელ ჟურანლისტებს, – არა ქუჩაში მიყურადებით, არამედ ოფისებში“.

ფარული მოსმენების საკითხმა დასავლელი პარტნიორების ყურამდეც მიაღწია. მაგალითად, 13 ივლისს ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა წარადგინა ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში, რომელზე დაყრდნობითაც სავარაუდოდ, სექტემბერში ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას მიიღებს.

ამ რეზოლუციის სამუშაო ვერსიის მე-11 მუხლით, ევროპარლამენტი:

  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „ეფექტურად გამოიძიოს 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილი მასობრივი უკანონო მოსმენების საქმე“;
  • შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რაც „ზრდის იმ დანაშაულთა რაოდენობას, რომლებზეც ნებადართულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, და ამ მოქმედებების ხანგრძლივობას, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2022 წლის 7 ივნისს და რომელსაც ვეტო დაადო პრეზიდენტმა 2022 წლის 22 ივნისს“;
  • მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სთხოვოს ვენეციის კომისიას დასკვნის გამოტანა ამ საკითხზე და შეასრულოს მისი რეკომენდაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი